ზურაბ ჟვანიას მეორედ მოსვლა

        საქართველოს პარლამენტის პირველმა სხდომამ, როგორც მოსალოდნელი იყო, სერიოზული ექსცესების გარეშე ჩაიარა, - თუ არ ჩავთვლით «აღორძინების» მოთხოვნას ზოგიერთი დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის გადადების შესახებ, ვიდრე მათი საკითხი სასამართლო წესით გაირკვეოდა.
        მოტივი ცოტა არ იყოს უცნაურად ჟღერდა: «წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტი ზეგავლენას მოახდენს სასამართლოზე» - თითქოსდა, თუ პარლამენტი არ სცნობდა მათ უფლებამოსილებას, ეს არ გამოიწვევდა «ზეგავლენას», ოღონდ საპირისპირო თვალსაზრისით.
        საერთოდ, «ბათუმური კოალიციის» შინაგანი სისუსტე და არასტრუქტურიზებულობა პირველივე სხდომაზე ნათლად გამოჩნდა. სულ ცოტა ხნის შემდეგ, ეს «ოპოზიცია» დაიშლება რამდენიმე ფრაქციად, რომლებიც სულ უფრო დაშორდებიან ერთმანეთს კარდინალურ საკითხებში, ეს კი, «კოალიციას» მომავალ არჩევნებამდე ყოველგვარ ხიბლს დაუკარგავს.
        «აღორძინების» ერთ-ერთმა ლიდერმა, ნაპროკურორალმა ვახტანგ რაზმაძემ უკვე გააკეთა განცხადება, რომელიც სავსებით შესაძლებელია სენსაციურად ჩაითვალოს: «აღორძინებას» რომ მარტო მიეღო ამ არჩევნებში მონაწილეობა (ანუ «ტრადიციონალისტების», «სოციალისტების», «ზვიადისტების» გარეშე), იგი უფრო მეტ ხმას მიიღებდაო. ეს განცხადება სენსაციური კია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ სავსებით სამართლიანია. უპირველეს ყოვლისა, სწორედ «ბლოკის» აშკარა ეკლექტურობამ და უპრინციპობამ გამოიწვია მისი დამარცხება არჩევნებში.
        რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარედ ზურაბ ჟვანიას არჩევას, ეს ჯერ კიდევ 31 ოქტომბერს საღამოს გადაწყდა, რაკი მმართველმა პარტიამ მოიგო არჩევნები. მოულოდნელი აღმოჩნდა მხოლოდ პირველი სხდომის უმთავრესი პოლიტიკური შედეგი - ზურაბ ჟვანიას არჩევას პარლამენტის თავმჯდომარედ ხმა მისცა არა მხოლოდ უმრავლესობამ, არამედ ოპოზიციის მნიშვნელოვანმა ნაწილმაც. თანაც, რაც ყველაზე საინტერესოა, «ოპოზიციაში» იგულისხმება არა მხოლოდ «მრეწველები», არამედ ვახტანგ რჩეულიშვილიც).
        «სოციალისტთა» ლიდერმა, როგორც ჩანს, ტაქტიკა შეცვალა: 1995 წელს, პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნებისას იგი იყო ერთადერთი, ვინც აშკარად გაილაშქრა ჟვანიას კანდიდატურის წინააღმდეგ. ამჯერად მივიდა, გადაკოცნა და მიულოცა. რა თქმა უნდა, ასეთი ცვლილება გამოწვეულია წინააღმდეგობის უაზრობით. თუმცა, «მილოცვის» (მით უმეტეს, ხმის მიცემის) ფაქტს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს: ეს ძალიან არ მოეწონებოდათ ბათუმში: საკუთრივ «აღორძინებას» პარლამენტის თავმჯდომარის არჩევისას ზურაბ ჟვანიას კანდიდატურისათვის ხმა არ მიუცია.
        როგორც ჩანს, აქ ისევ და ისევ «კოალიციის» ეკლექტურობამ იჩინა თავი - თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია, რომელსაც, შესაძლოა, კომიკური გაგრძელებაც ჰქონდეს. რას უნდა ნიშნავდეს ვახტანგ რჩეულიშვილის დემარში? ამით ხომ მან საკუთარი «შეურიგებელი ოპოზიციონერის» პოზიცია დაასუსტა. ალბათ, ეს უცნაურობა მაინც ვიცე-სპიკერის საკითხს უკავშირდება ზურაბ ჟვანია კვლავინდებურად ამჟღავნებს პოლიტიკურ ნიჭს და ძალზე ოსტატურად თამაშობს ოპოზიციონერთა წინააღმდეგობრივ ამბიციებზე.
        საჯაროდ კი გაიძახიან «ვიცე-სპიკერობის დიდი სურვილი არა გვაქვსო», მაგრამ თუ შესთავაზებენ, უარს ნამდვილად არ იტყვიან, ისევე, როგორც არ იტყვიან უარს კომიტეტის თავმჯდომარეობაზე, მაგრამ ძალზე საეჭვოა, ზურაბ ჟვანია ასე ადვილად «ააგდონ» - მხოლოდ ერთი მილოცვით.

        «ვიცე-სპიკერი» საქართველოს პარლამენტში ძალზე მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელსაც დიდი სამომავლო პერსპექტივაც გააჩნია. ვაკანსია სულ ოთხია. აქედან ორი ეკუთვნის აჭარასა და აფხაზეთს. აჭარის საკითხი თითქოს გარკვეულია - «აღორძინების» ინიციატივით, ინიშნება ჯაფარიძე, ვინც წინა პარლამენტში ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერი იყო და ვისაც ასახელებდნენ ედვარდ სურმანიძის ნაცვლად «აღორძინების» გაყოფის შემდეგ.
        «აფხაზეთი» ალბათ, თამაზ ნადარეიშვილს ან ისევ ვახტანგ ყოლბაიას დაასახელებს. ერთი ვიცე-სპიკერი «მოქალაქეთა კავშირს» (უმრავლესობას) ეკუთვნის. მაშასადამე, რჩება ვიცე-სპიკერის ერთადერთი ადგილი. ამჟამად, ჟვანიას გუნდი, ალბათ, მხოლოდ იმაზე მსჯელობს, თუ რა სჯობს: «მრეწველთა» წარმომადგენლის არჩევა და ამით იმ პოლიტიკური გუნდის გაძლიერება, რომელიც თოფაძემ მოიყვანა პარლამენტში (სხვათა შორის, კონკრეტულად მისი ბიზნესისათვის სრულებით უსარგებლოდ) თუ აქცენტის გადატანა «აღორძინების კოალიციაში» შემავალ რომელიმე სუბიექტზე, აგრეთვე პერსპექტივის გათვალისწინებით.

მერიდიანი, 22 ნოემბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე