ვის ეღირსება ვიცე-სპიკერის პოსტი?
       

        გუშინდელ საპარლამენტო სხდომაზე, როდესაც «უმრავლესობა» და «უმცირესობა» ერთმანეთს ეპაექრებოდა «საპარლამენტო მზის ქვეშ» ადგილების გადასანაწილებლად, ყველაზე ნიშანდობლივი იყო მწერალ ნოდარ გრიგალაშვილის გამოსვლა, რომელმაც დააფიქსირა, რომ ე.წ. «აღორძინება არ არის პარლამენტში «ოპოზიციური მონოპოლიის» მქონე გაერთიანება». მისი თქმით, პარლამენტში არიან ოპოზიციური დეპუტატები, რომლებიც თავს «აღორძინებასთან» არ აიგივებენ და ამ უკანასკნელის მცდელობა, მხოლოდ საკუთარი თავი გამოაცხადოს «უმცირესობად», სრულიად დაუსაბუთებელია.
        დისკუსიამ ისევ და ისევ დაადასტურა, რომ «აღორძინების კოალიციაში» ყველაფერი რიგზე არ არის: სერიოზული წინააღმდეგობები არსებობს და მათი დაფარვა შეუძლებელი ხდება.
        ვახტანგ რჩეულიშვილმა შეცდომა დაუშვა, როდესაც ზურაბ ჟვანიას კანდიდატურას მისცა ხმა - ამით ყოფილი «მოკავშირეები» გაანაწყენა, ხოლო სანატრელი ვიცე-სპიკერობა მაინც ვერ მიიღო. თუმცა, მეორე მხრივ, მან პირველი ნაბიჯი გადადგა იმ ხალხთან გასამიჯნად, ვისაც ყოველთვის ებრძოდა. ვახტანგ რჩეულიშვილმა, როგორც ჩანს, გაითვალისწინა არჩევნების შედეგი, რომელმაც ნათელყო, რომ მოსახლეობა აბსურდულ, არაბუნებრივ ალიანსებს მხარს არ დაუჭერს, ვინაიდან შესანიშნავად ახსოვს ყველა პოლიტიკოსისა და პოლიტიკური ძალის ადრინდელი პოზიცია.
        გუშინდელ სხდომაზე «უმცირესობის» გაწიწმატება გამოიწვია «მოქალაქეთა კავშირის» წარმომადგენელთა განცხადებებმა «კეთილი ნების» თაობაზე. ოპოზიციის აზრით, მათი «ვიცე-სპიკერობა» მოქალაქეთა კავშირის კეთილი ნება კი არ არის, არამედ მორალური ვალდებულებაა. მათ რატომღაც დაავიწყდათ ვახტანგ რჩეულიშვილის (იმ დროს წინასაარჩევნო ომის აქტიური მონაწილის) განცხადება ტელეკომპანია «კავკასიის» ეთერში: «თუ ჩვენ მოვიპოვებთ უმრავლესობას პარლამენტში, «მოქალაქეთა კავშირი» ვერაფერს მიიღებს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეთა თანამდებობების გარდა».
        თუ ასეა, რატომ არ არის «კეთილი ნება» მეხუთე ვიცე-სპიკერის ადგილზე უმცირესობის წარმომადგენლის არჩევა? როგორც ჩანს, «ოპოზიციას» არ ეპიტნავა დამადლება, მაგრამ ღირსება არ ეყო, უარი ეთქვა «დასამადლებელ პოსტზე» - რაკი იგი პოლიტიკურად სჭირდებოდა.
        ანუ, შეიქმნა ცნობილი კოლიზია პოლიტიკურ საჭიროებასა და პოლიტიკურ პრესტიჟს შორის. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ვიცე-სპიკერის პოსტი კი უნდოდათ, მაგრამ არც ის სურდათ, დაფიქსირებულიყო, რომ «ხელისუფლებამ დაუთმო». ბუნებრივია, ორ კურდღელს ერთად ვერ დაიჭერდნენ.
        მიუკერძოებელ დამკვირვებელთა აზრით, «მოქალაქეთა კავშირმა» სპიკერატის დაკომპლექტებისას მიიღო ერთი პრინციპული გადაწყვეტილება (უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე «მეხუთე ვიცე-სპიკერის» პოსტის შემოღებაა): კვლავ აირჩია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ედვარდ სურმანიძე! სხვა ვიცე-სპიკერები არიან ვახტანგ ყოლბაია, ელდარ შენგელაია და როსტომ ჯაფარიძე; კომიტეტის თავმჯდომარეთა ვინაობა, პრაქტიკულად, ცნობილია;
        ასე რომ, პარლამენტის შემადგენლობა, შეიძლება ითქვას, მთლიანად დაკომპლექტებულია.

მერიდიანი, 26 ნოემბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე