ვაჟა ლორთქიფანიძე უდიდეს რისკზე მიდის; პრეზიდენტი არ დაუშვებს ღია დაპირისპირებას ზურაბ ჟვანიასა და ვაჟა ლორთქიფანიძეს შორის
       

        საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ სახელმწიფო მინისტრისათვის უფლებამოსილებათა გაზრდის შესახებ ქართულ ისტებლიშმენტში (მათ შორის ელიტაში) დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.
        ედუარდ შევარდნაძის განცხადების თანახმად, აქ არავითარი ინტრიგა არ არის: «ზოგიერთი განმარტება საჭიროა, რათა დავამშვიდოთ ის ხალხი, ვისაც ცარიელ ადგილას ინტრიგების აღმოჩენის რაღაც მანიაკალური ნიჭი აქვს».
        მიუხედავად ამ განცხადებისა, «ის ხალხი» არ დამშვიდდა და ვერც დამშვიდდებოდა, ვინაიდან შეუძლებელია ასეთ ცვლილებას ძალზე შორსმიმავალი შედეგები არ მოჰყვეს. მით უმეტეს, შეუძლებელია ეს ედუარდ შევარდნაძეს არ სცოდნოდა.
        პრეზიდენტის განმარტების თანახმად, ის «იძულებული გახდა გაეზარდა სახელმწიფო მინისტრის ფუნქცია, ვინაიდან თვითონ ვერ ასწრებს ყველა დოკუმენტის განხილვასა და ხელმოწერას», მაგრამ მიზეზი მხოლოდ ეს რომ ყოფილიყო, «დოკუმენტებს» აპარატი შეისწავლიდა, ხოლო პრეზიდენტი მხოლოდ ხელს მოაწერდა.
        სინამდვილეში, პრეზიდენტმა ვაჟა ლორთქიფანიძეს იმდენად უფლებამოსილება არ გაუზარდა, რამდენადაც პასუხისმგებლობა - პრეზიდენტის თანხმობის გარეშე იგი მიიღებს იმ გადაწყვეტილებებს (ახალი სისტემის ფარგლებში), რომელიც არ სურს მიიღოს თვით პრეზიდენტმა, ანუ არ სურს იკისროს პასუხისმგებლობა;
        ამ პასუხისმგებლობას კი ორი ასპექტი აქვს - პასუხისმგებლობა მოსახლეობის თვალში არაპოპულარული გადაწყვეტილებისათვის და პასუხისმგებლობა გავლენიანი ფინანსურ-ოლიგარქიული ჯგუფების წინაშე იმ გადაწყვეტილებისათვის, რომლებიც არა მოსახლეობის, მაგრამ მათ თვალშია «არაპოპულარული».
        მაგალითად, გადასახადების გაზრდა, აქციზის განაკვეთის გაზრდა, შეღავათების გაუქმება და ა.შ.
        დღემდე («ამერიკული მოდელის» შესაბამისად) პასუხისმგებლობას კისრულობდა პირადად პრეზიდენტი, რომელიც ატარებდა მთავრობის სხდომებს.
        მთავრობა ამ მოდელის შესაბამისად მხოლოდ საკონსტიტუციო ორგანოა. მას უფლება არა აქვს მიიღოს კოლეგიური გადაწყვეტილება. საბოლოო ვერდიქტი გამოჰქონდა პირადად პრეზიდენტს. ამიტომ, პასუხისმგებლობაც თავად ეკისრებოდა. ეს ვითარება ამიერიდან შეიცვლება - სახელმწიფო მინისტრს უფლება ენიჭება არა მხოლოდ ჩაატაროს «საკონსულტაციო საბჭოს» სხდომა (ანუ მთავრობის სხდომა), არამედ, პრეზიდენტის რწმუნებით, მიიღოს კიდეც კონკრეტული გადაწყვეტილება და იკისროს პასუხისმგებლობა;
        აქედან გამომდინარე, მწარედ ცდებიან ისინი, ვისაც ჰგონია, რომ «უფლებამოსილებათა გაზრდით» ედუარდ შევარდნაძემ «სტრატეგიული არჩევანი შეაჩერა ვაჟა ლორთქიფანიძეზე», «გააძლიერა იგი, როგორც პოლიტიკურად პერსპექტიული ფიგურა», მით უმეტეს, «გული აიცრუა ზურაბ ჟვანიაზე» და ა.შ.
        სინამდვილეში, პრეზიდენტმა მართლაც გაზარდა ვაჟა ლორთქიფანიძის მნიშვნელობა არსებულ სახელისუფლო სისტემაში, მაგრამ პერსპექტივის თვალსაზრისით (ზემოთაღწერილი მიზეზიდან გამომდინარე) - პირიქით, უაღრესად დაასუსტა იგი.
        ფაქტობრივად, ვაჟა ლორთქიფანიძე იძულებული იქნება, «გადაიმტეროს» ყველაზე გავლენიანი ოლიგარქიული ჯგუფები, რომელთა მხარდაჭერას (ისევ და ისევ პერსპექტივის თვალსაზრისით) უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
        გარდა ამისა, ვაჟა ლორთქიფანიძე შეიძლება ემსხვერპლოს კიდეც «მასათა მძვინვარებას» კრიზისის გაღრმავების შემთხვევაში.
        ამრიგად, პრეზიდენტის გადაწყვეტილება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მან «სტრატეგიული არჩევანი გააკეთა ვაჟა ლორთქიფანიძეზე». გასაგებია, რომ აქ იგულისხმება 2005 წლის საპრეზიდენტო კამპანია, რომლის დროსაც ორ ძირითად «მემკვიდრე ფავორიტს» ასახელებდნენ - ზურაბ ჟვანიასა და ვაჟა ლორთქიფანიძეს.
        ნიშანდობლივია, რომ ედუარდ შევარდნაძე ნამდვილად კმაყოფილი იყო არა მხოლოდ წინა პარლამენტით, სადაც მას არანაირი პრობლემა არ ჰქონია, არამედ არჩევნების მიმდინარეობის დროს «ჟვანიას გუნდის» მუშაობით.
        ამჟამინდელი «სახელისუფლო მოდელის» პირობებში, პრეზიდენტისათვის პარლამენტის ლოიალობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
        აქედან გამომდინარე კი, სახელმწიფო მინისტრის ფუნქციათა გაზრდით ვაჟა ლორთქიფანიძეს, როგორც პოლიტიკურ ფიგურას, მართლაც «ბეწვის ხიდზე» მოუწევს სვლა - იგი განუზომლად უფრო მეტად იქნება უკვე დამოკიდებული პარლამენტზე და მის თავმჯდომარეზე.
        პრეზიდენტი პოლიტიკურად ემიჯნება მთავრობის მუშაობას და სახელმწიფო მინისტრს აკისრებს მთელ პასუხისმგებლობას (ასეც უნდა იყოს) ეკონომიკურ და სოციალურ პროექტთა განვითარებისათვის; რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ვაჟა ლორთქიფანიძემ შესანიშნავად უწყის და არც ის არის «ბავშვი», მაგრამ პოლიტიკური მანევრისათვის აუცილებელი სივრცე მას ნაკლები ექნება.
        რაც შეეხება ღია «განხეთქილებას» მთლიანად, მმართველ გუნდში, ეს გამორიცხულია, ვინაიდან ამას პრეზიდენტი არაფრის დიდებით არ დაუშვებს.
        მაგალითად, არ დაუშვებს ღია დაპირისპირებას ზურაბ ჟვანიასა და ვაჟა ლორთქიფანიძეს შორის, რისთვისაც მას კვლავინდებურად ძალზე მძლავრი ბერკეტი აქვს.

მერიდიანი, 29 დეკემბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე