ურემი კოდორის ხეობაშიც გადაბრუნდა:
        თავგატეხილი ხელისუფლება - «თავსმოხვეული სტაბილურობის» შედეგი
       

        შაბათს კოდორის ხეობაში მომხდარმა ინციდენტმა საქართველოს ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც შეახსენა ეს «ყველასგან მიტოვებული ქართული მიწის ნაგლეჯი აფხაზეთში», სადაც ჯერ კიდევ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია.
        1993 წლიდან, ხეობა, ფაქტობრივად, მართლაც ღვთის ანაბარაა მიტოვებული. არანაირი ხელისუფლება კოდორს არა ჰყავს. სხვა საკითხია - უნდა ჰყავდეს თუ არა, მაგრამ უკანასკნელი ინციდენტი სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ პროცესები ხეობაში თვითდინებაზეა მიშვებული და კაცმა რომ თქვას, სხვაგვარად არც შეიძლება იყოს.
        ამჟამად კოდორის ხეობაში იარაღის კონცენტრაცია ყველაზე მაღალია მთელი საქართველოს მაშტაბით, - თვით აფხაზეთის ჩათვლითაც; ნიშანდობლივი ფაქტია, რომ კოდორში არც ოდესმე ყოფილა და არც ახლა არის არც ერთი სავაჭრო ჯიხური - რაკი ვაჭრობას აზრი არა აქვს, ვინაიდან მოვაჭრეს უეჭველად ავტომატებით მიუვარდებოდნენ და ყველაფერს წაართმევდნენ.
        კოდორის ხეობაში მოქმედებს «სახალხო ლაშქარი», რომელიც, უპირველეს ყოვლისა, თვით ხეობას, ანუ მშვიდობიან მოსახლეობას, საკუთარ ცოლ-შვილსა და სანათესაოს იცავს.
        იმავდროულად, რასაკვირველია, გრძელდება (როგორც ქართველთა წესია) ურთიერთშუღლი, «შიდა დაპირისპირება», არის ყაჩაღობაც, ხოცვა-ჟლეტაც და მძევლების აყვანაც.
        აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფალთა და თვით ცენტრალური ხელისუფლების უმთავრესი შეცდომა ის იყო, რომ ისინი დღენიადაგ ცდილობდნენ გაევრცელებინათ ხეობაში თავიანთი გავლენა და იურისდიქცია. არადა, იმთავითვე ცხადია, რომ ეს შეუძლებელია. ამიტომ, «იურისდიქციის გავრცელების მცდელობამ» უკუშედეგი გამოიღო და აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებიც ლაზათიანად მიბეგვეს.
        სხვათა შორის, იგივე ბედი ელის, ალბათ, ცენტრალური ხელისუფლების ნებისმიერ სხვა წარმომადგენელსაც, რომელიც კოდორის ხეობაში წესრიგის დამყარებას შეეცდება.
        ერთადერთი გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან უდავოდ ის უნდა ყოფილიყო, რომ ცენტრალურ ხელისუფლებას უშუალო ჩარევის გარეშე ემართა პროცესები კოდორის ხეობაში, სადაც გარკვეული სიმშვიდე (შედარებითი სტაბილურობა) მხოლოდ საკუთარი (ადგილობრივი) ძალების შეთანხმებით შეიძლება დამყარდეს.
        კოდორის ხეობას სტაბილურობას «გარედან» ვერავინ მოახვევს, - ეს გამორიცხულია, ამიტომ ხელისუფლების ძალიან სერიოზული შეცდომაა «წარმომადგენლის» დანიშვნა ხეობაში. ცხადია, ივერი ჭელიძე ვერანაირი სახელმწიფოებრივი ფუნქციის შესრულებას ვერ შეძლებდა - ასეც მოხდა.
        რა თქმა უნდა, ლონდერ ცაავას გატაცება და «მისიკვდილება», უპირველეს ყოვლისა, ჭელიძის შეურაცხყოფაა - ამას სხვაგვარი ინტერპრეტაცია, უბრალოდ, ვერ მიეცემა, ვინაიდან «დევნილი ხელისუფლების» წარმომადგენლები სწორედ ივერი ჭელიძემ და ადგილობრივი მოსახლეობის ერთმა ნაწილმა მიიწვია ხეობაში.
        ამჟამად ყოველივე ეს უკვე მხოლოდ თეორიული მსჯელობაა და სხვა არაფერი - მოსახდენი მოხდა; თუმცა ხელისუფლებამ საკუთარი შეცდომა (ხეობაში წესრიგის «გარედან» დამყარების მცდელობა) დროულად უნდა გამოასწოროს და კოდორიდან ივერი ჭელიძეც უნდა გაიწვიოს შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად; «აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების» წარმომადგენლებზე ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია, - მათ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოიკვეთონ ფეხი კოდორის ხეობიდან.
        რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილება კოდორის ხეობასთან დაკავშირებით თავის დროზე მიიღო ჯაბა იოსელიანმა, რომელმაც ხეობაში «ცენტრის» წარმომადგენლად დანიშნა ადგილობრივი «მგელი» ემზარ კვიციანი; რასაკვირველია, ხეობაში სხვა «მგლებიც» იყვნენ, მაგრამ ემზარ კვიციანი (ვიმეორებ) «ადგილობრივი» იყო, - მას მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭერდა მხარს.
        ამიტომ, ცენტრალურ ხელისუფლებას, მისი გაძლიერებით (სხვადასხვაგვარი დახმარება, სურსათი, იარაღი და ა.შ.) და მისი მეშვეობით შეეძლო ნაწილობრივ მაინც გაევრცელებინა თავისი იურისდიქცია და გავლენა კოდორი ხეობაში;
        ახლა კი რა გამოვიდა? თამაზ ნადარეიშვილის ავტორიტეტი ხეობაში აბსოლუტური ნულია. ნულს ოდნავ თუ აჭარბებს ივერი ჭელიძის ავტორიტეტი. არადა, შედარებითი სტაბილურობის შესანარჩუნებლად მაინც მოსახლეობის მინიმუმ 70-80 პროცენტის მხარდაჭერაა საჭირო; ამიტომ, ვიდრე გვიანი არ არის, ხელისუფლებამ უნდა გამოასწოროს შეცდომა - გააუქმოს ხეობაში «რწმუნებულის» ინსტიტუტი, მით უმეტეს, აუკრძალოს ხეობაში ფეხის დადგმა «აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების» წარმომადგენლებს, გამოიყვანოს ხეობიდან ამ ხელისუფლების შეიარაღებული სტრუქტურები და თვით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნაწილებიც, თუ მათ დარჩენას მოსახლეობა არ შეეხვეწება; ამის შემდეგ კი, აირჩიოს რომელიმე «ადგილობრივი მგელი» (ემზარ კვიციანი იქნება თუ სხვა - ეს გასარკვევია, მაგრამ მთავარია პრინციპი) და დაიწყოს მისი გაძლიერება ზემოაღწერილი მეთოდით, რათა ხელისუფლების რჩეულ «მგელს» სხვა «მგლებმა» იოლად ვერაფერი გაუბედონ.
        ნებისმიერ შემთხვევაში, ესაა ერთადერთი გამოსავალი შექმნილი უაღრესად საშიში და მრავალმხრივ საბედისწერო ვითარებიდან. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ სოხუმში მთელ ამ მორიგ «ქართულ ორომტრიალს» ძალზე დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალს და შესაბამის გეგმებსაც ადგენენ.

მერიდიანი, 12 ივლისი, 1999 წელი

 

მთელ გვერდზე