უკრაინა - «რუსეთი კრემლის გარეშე»; საქართველოს პრეზიდენტი რადიკალური ნაბიჯების გადასადგმელად ემზადება

        კიევში ოფიციალური ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა ერთადერთი სახელმწიფოა, რომელთანაც ჩვენს ქვეყანას გაფორმებული აქვს «ჩარჩო ხელშეკრულება» მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიეთრდახმარების შესახებ.
        ედუარდ შევარდნაძის თქმით, ასეთი ხელშეკრულებები საერთოდ იშვიათია. მართლაც, «ურთიერთდახმარება» გულისხმობს მხარდაჭერას არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სამხედრო თვალსაზრისითაც, რომ აღარაფერი ვთქვათ პოლიტიკურ თანადგომაზე.
        მაგალითად, თუ ჩეჩნეთის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსეთ -საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა (რისი სიმპტომებიც უკვე არის), უკრაინას აქვს იურიდიული საფუძველი, «ჩაერიოს» და ჩვენს ქვეყანას თანადგომა გამოუცხადოს.
        ოფიციალური კიევის ბოლოდროინდელი განცხადებები სრულ საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ უკრაინა გულგრილი ნამდვილად არ დარჩება. გარდა ამისა, სწორედ ზემოხსენებული ხელშეკრულების საფუძველზე, უკრაინამ საქართველოს გადასცა რამდენიმე სამხედრო გემი, მათ შორის არა მხოლოდ «გრიფის» ტიპის კატარღები, არამედ სარაკეტო ხომალდიც. ერთი სარაკეტო ხომალდი (მას ძალუძს მთელი ე.წ. აფხაზური ფლოტი ჩაძიროს) უკვე დგას ფოთის პორტში, ხოლო მეორეს თვის ბოლოს ელიან. თუმცა უკრაინა, რასაკვირველია, ალტრუისტული მოსზარებებით როდი მოქმედებს.
        ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრის შემდეგ ლეონიდ კუჩმამ, შეიძლება ითქვას, სენსაციური განცხადება გააკეთა, მისი თქმით, მიმდინარე წელს უკრაინაში შიმშილობა იყო მოსლაოდნელი, ვინაიდან საწვავის უქონლობის გამო ქვეყანა ვერ ახერხებდა მოსავლის აღებას – საბედნიეროდ, აზერბაიჯანმა იაფად გამოყო ნავთობპროდუქტები, მაგრამ რუსეთმა, სადაზვერვო სამსახურის მეშვეობით, შეიტყო უკრაინის გაჭირვება და გზები გადაკეტა, რათა კუჩმას პრობლემები შექმნოდა საარჩევნოდ. და რომ არა პორტები, რომ არა «საქართველოს დერეფანი» უკრაინაში უმწვავესი ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი დაიწყებოდა.
        მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა: კუჩმა დაუკავშირდა ედუარდ შევარდნაძეს და დახმარება სთხოვა. საქართველოს პრეზიდენტმაც უზრუნველყო ნავთობპროდუქტების (ბენზინისა და დიზელის) უპრობლემო გატარება ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მეშვეობით.
        ეს მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიის «დერეფანს» სწორედ სტრატეგიული თვალსაზრისით და არა მხოლოდ უკრაინისთვის.
        რაც შეეხება საქართველოს, უკრაინას შეუძლია მოგვცეს ყველაფერი, რასაც ვეღარ და აღარ მოგვცემს რუსეთი. ფაქტობრივად, ამ თვალსაზრისით, უკრაინა იგივე რუსეთია, ოღონდ «კრემლის», ანუ იმპერიული ამბიციების გარეშე.
        ედუარდ შევარდნაძე სწორედ ამ მომენტის გამოყენებას ცდილობს: უკრაინა 50-მილიონიანი სახელმწიფოა, ანუ არსებობს ფაქტობრივად, ამოუწურავი ბაზარი, რომელსაც შეუძლია «აითვისოს» ქართული პროდუქცია მთლიანად, ვგულისხმობ იმ მოცულობასაც, რაც პოტენციურად შესაძლებელია გამოუშვას საქართველოს მრეწველობამ.
        თუმცა, ბაზრის მოცულობაც არ არის მთავარი ღირსება; მთავარი ის გახლავთ, რომ ეს ბაზარი შინაარსობრივად, თავისი მოთხოვნებითა და თვისებებით «საბჭოთა ბაზარია», ანუ იცნობს ქართულ პროდუქციას და მიწოდების შემთხვევაში, ისევე შეითვისებს მას, როგორც რუსული ბაზარი.
        სხვაგვარად თუ ვიტყვით, უკრაინის ეკონომიკა (როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნისა) და ბაზარი შეთავსებადია «საქართველოს ეკონომიკასთან». ამიტომ, როდესაც საუბარია იმის შესახებ, რომ პოლიტიკური ამბიციების გამო «საქართველომ დაკარგა მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბაზარი და გაწყვიტა ურთიერთობა ამ ქვეყნის ეკონომიკურ სუბიექტთან» - შევარდნაძე ამას «მტკნარ სისულელეს» უწოდებს და მართლაც არის, ვინაიდან უკრაინის ეკონომიკა, ამ თვალსაზრისით, იგივე რუსეთის ბაზარია. უკრაინული საწარმოები ისეთივე პარამეტრებით სარგებლობენ, როგორითაც რუსეთის საწარმოები, ანუ საქართველოს არანაირი პოლიტიკური ბარიერი არ უშლის ხელს ისარგებლოს (უკრაინის მეშვეობით) ყველა იმ სიკეთით, რასაც გვპირდება «პოსტსაბჭოური ეკონომიკის, პოსტსაბჭოური ბაზრისა და ეკონომიკური სისტემების» შეთავსებადობა.
        საამისოდ სულაც არ არის აუცილებელი რუსეთისადმი ხელახალი დამონება; სავსებით საკმარისია მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების დამყარება უკრაინასთან, რომელიც საქართველოს მეზობელია შავი ზღვით – სატრანსპორტო კომუნიკაციათა შორის კი საზღვაო ტრანსპორტი ყველაზე იაფია.
        ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუ საქართველოს პრობლემების (მათ შორის ეკონომიკურის) გადასაწყვეტად აუცილებელია «ძველი კავშირების აღდგენა», ამის განხორციელება სავსებით შესაძლებელია უკრაინის მეშვეობითაც.
        ეს უზარმაზარი, უდიდესი ეკონომიკური და პოლიტიკური პოტენციალის მქონე ქვეყანა უპირველესად, სწორედ ამით არის საქართველოსათვის საინტერესო, ამიტომ უკრაინასთან განსაკუთრებული ურთიერთობის დამყარება, უდავოდ შევარდნაძის დიპლომატიის სერიოზული წარმატებაა.
        რაც შეეხება პოლიტიკურ ასპექტს, უკრაინის მხარდაჭერა არც ამ თვალსაზრისითაა «ხელწამოსაკრავი». დასავლეთი უკვე აღიქვამს უკრაინას, როგორც რუსეთის გეოპოლიტიკურ საპირწონეს, ამიტომაც უკლებლივ ყველა მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური აქციის განხორციელებისას ნატო უკრაინის ფაქტორსაც ითვალისწინებს.
        მაგალითად, როდესაც ნატომ და რუსეთმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს «საგანგებო ურთიერთობათა შესახებ» - ნატომ ეს პოლიტიკური რეალობა «გააწონასწორა» ანალოგიურ ხელშეკრულების გაფორმებით უკრაინასთან, რამაც მოსკოვში უდიდესი აღშფოთება გამიოწვია, მაგრამ კრინტის დაძვრა ვერ გაბედეს.
        ასეთი პოლიტიკური დისპოზიციის პირობებში კი, საქართველოს სავსებით შეიძლება ჰქონდეს იმის იმედი, რომ აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგებისას სწორედ უკრაინა შექმნის «სარეზერვო ვარიანტს».
        შევარდნაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ლეონიდ კუჩმამ დაადასტურა, რომ უკრაინა მზად არის მონაწილეობა მიიღოს აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციის განხორციელებაში.
        მაშასადამე, თუ საქართველო, ბოლოს და ბოლოს, იძულებული გახდა მოითხოვოს რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა კონფლიქტის ზონიდან ვაკუუმი, შესაძლოა, სწორედ უკრაინამ «აემოავსოს».
        საქმე ის გახლავთ, რომ «შორეული საზღვარგარეთის» არც ერთი ქვეყანა ჯერჯერობით მზად არ არის, რათა რუსეთს ჩაენაცვლოს აფხაზეთში. ამიტომ, თუ რუსეთის სამშვიდობო ძალებს «გავიყვანთ», ომის განახლება მაღალი ალბათობთი შესაძლებელი გახდება. უკრაინა, ამ შემთხვევაში, უნიკალურ შანსს გვაძლევს – ჯერ ერთი, ის აკმაყოფილებს გაეროს უმთავრეს პირობას და უშუალოდ არ ესაზღვრება კონფლიქტის ზონას, ამიტომ გაეროს წესდების თანახმად, სამშვიდობო ოპერაციის განხორციელება შესაძლებელი ხდება. ამჟამად კი ოპერაცია ხორციელდება არა გაეროს, არამედ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეგიდით.
        გარდა ამისა, უკრაინის მიმართ ქართული საზოგადოება სულ სხვაგვარად არის განწყობილი, ვიდრე რუსეთთან დაკავშირებით. ეს კი ედუარდ შევარდნაძეს პოლიტიკური მანევრისათვის სივრეცს უქმნის.
        კიევში მოლაპარაკებებისას აფხაზურ პრობლემატიკას უპირველესი ადგილი ეკავა. ყველაფერი მეტყველებს, რომ (მით უმეტეს, ჩრდილოკავკასიაში არსებული სიუტაციის გათვალისწინებით) საქართველოს პრეზიდენტი რადიკალური ნაბიჯების გადასადგმელად ემზადება.

მერიდიანი, 4 ოქტომბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე