სიკვდილსაც დავიწყებიხარ!
       

        ამ დღეებში ედუარდ შევარდნაძემ ხელი მოაწერა ბრძანებულებას 90 პატიმრის შეწყალების შესახებ. მათ შორის ბევრია ყოფილი «გვარდიელი», «მხედრიონელი» და «ზვიადისტი». ლოკომოტივის როლი ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თენგიზ კიტოვანმა შეასრულა
        როგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტმა იგი საარჩევნოდ შეიწყალა; მიუხედავად იმისა, რომ კიტოვანს შეწყალების თაობაზე თხოვნა არ დაუწერია.
        რატომ არ დაწერა - ადვილი ასახსნელია, ყოველ შემთხვევაში, «სიამაყის» გამო არა.
        კიტოვანს რომ ჰქონოდა 100 პროცენტიანი გარანტია შეწყალების თხოვნის შემთხვევაში მისი დაკმაყოფილებისა, უეჭველად დაწერდა, მაგრამ ასეთი გარანტია არ ჰქონდა. ამიტომ ძალიან ეშინოდა - ვაითუ მე ვთხოვო და მაინც არ შემიწყალოსო. ასეთ შემთხვევაში «თხოვნა» გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებდა მის რენომეს.
        ძნელი შესამჩნევი არ არის - თენგიზ კიტოვანი მოქმედ პოლიტიკოსად თვლის თავს, ამიტომ რენომეს ძალიან უფრთხილდება. მეორე მხრივ, შეუძლებელი იყო ედუარდ შევარდნაძეს მხოლოდ კიტოვანი შეეწყალებინა, ამიტომ ეს აქცია მან გედი გელბახიანის შეწყალებით «გააწონასწორა». პრეზიდენტმა შეიწყალა ათეულობით სხვა პატიმარიც, რომლებიც (ვიმეორებ) სხვადასხვა პოლიტიკურ თუ სოციალურ ჯგუფს განეკუთვნებოდნენ.
        შეწყალების აქციით (უპირველესად, თენგიზ კიტოვანის შეწყალებით) პრეზიდენტმა საკმაოდ გონებამახვილური ნაბიჯი გადადგა - მან დაადასტურა, რომ კიტოვანის გათავისუფლებისა არ ეშინია. მაშასადამე, დარწმუნებულია გამარჯვებაში. ასეთი რწმენა კი (ჩვენი ამომრჩევლის მენტალობიდან გამომდინარე) ძალზე სერიოზული ფაქტორია.
        მით უმეტეს, რომ კიტოვანი ნამდვილად არ არის საშიში ხელისუფლებისათვის. მისი ინტერვიუებითა და გამოსვლებით ყველა დარწმუნდებოდა: «ეს ის ძველი კიტოვანი აღარ არის». იგი აშკარად მოტეხილია. გარდა ამისა, სერიოზულად არის ავად. შესაძლოა, ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი მისი გათავისუფლებისა - ყოველ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნებოდა. თანაც, კიტოვანი (შესაძლოა, იგი თავად ამას ვერ აცნობიერებს) უკვე სხვა საქართველოში «გამოვიდა», რომელიც იოტისოდენად თუ ჰგავს იმ საქართველოს, რომელიც მან 1995 წლის იანვარში «დატოვა» (დაატოვებინეს);
        უაღრესად ნიშანდობლივი ფაქტია: 1991-92 წლების მოვლენათა მთავარ გმირს, გვარდიის სარდალს, თავდაცვის მინისტრს და ერთ დროს ქვეყნის უეჭველ ბატონ-პატრონს ციხის კარებთან მაინც არ დახვდნენ ისეთი ზარ-ზეიმით, როგორც ეს თითქოს მოსალოდნელი იყო. თქვენ წარმოიდგინეთ, თვით თენგიზ სიგუა და ირაკლი სურგულაძეც არსად ჩანდნენ! პოლიტიკურ მოღვაწეთაგან კიტოვანმა გარეთ, ფაქტობრივად, არავინ დახვედრია, თუ რასაკვირველია, ლუიზა შაკიაშვილს არ მივიღებთ მხედველობაში.
        ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს - კიტოვანს თავად ჯერ არ სურს გააცნობიეროს, რომ, რბილად თუ ვიტყვით, პოლიტიკური თვალსაზრისით იგი აქტიური ფიგურა აღარ არის, ხოლო იმის გათვალისწინებით, როგორია დღეს საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის დამოკიდებულება დეკემბერ-იანვრის სახელმწიფო გადატრიალებისადმი, რომლის მთავარი ორგანიზატორი სწორედ კიტოვანი გახლდათ, - ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ყოფილ სარდალთან თანამშრომლობას პოლიტიკური ძალების უმეტესობა თავს აარიდებს.
        თვით თენგიზ კიტოვანს ამის თაობაზე ილუზიები არა აქვს. მისი პირველი ინტერვიუც ამასვე მეტყველებს. სწორედ ამიტომ მოერიდა «ბატია» ედუარდ შევარდნაძისა და «მოქალაქეთა კავშირის» ლანძღვა-გინებას გარეთ გამოსვლის შემდეგ, რასაც ციხეში ყოფნის დროს არ აკლებდა.
        არადა, მან ხომ შესანიშნავად იცის, რომ ამისათვის ციხეში ვეღარავინ შეაბრუნებს? მაგრამ იძულებულია საზოგადოების (მასმედიისა და მაყურებლის) განწყობა გაითვალისწინოს. კიტოვანის თქმით, იგი არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ აპირებს თანამშრომლობას, - გოგი თოფაძის პარტიის გარდა.
        დარწმუნებით შეიძლება ითქვას, - უკვე მხოლოდ ამ განცხადებამ თოფაძეს ათასობით ხმა დააკარგვინა, ხოლო თუ გოგი თოფაძე აშკარა ალიანსზე წავა და კიტოვანს საარჩევნო სიაში ჩასვამს, მისი პარტიის პერსპექტივა საერთოდ ნულზე დავა. იმიტომ კი არა, რომ კიტოვანს აბსოლუტურად აღარ ჰყავს გულშემატკივრები, ანუ ისეთი კატეგორიის ხალხი, რომელიც მისდამი სიმპათიითაა განწყობილი.
        შეუძლებელია. ასეთი კატეგორია საქართველოში არ არსებობდეს ამ საზოგადოების თვისებრიობიდან გამომდინარე; მაგრამ კიტოვანის ფენომენი სხვა ეპოქის პირმშოა, სხვა ეპოქის ნაწილია - ის ეპოქა კი სამუდამოდ ჩაბარდა ისტორიულ წარსულს!
        სხვა მხრივ, კიტოვანის გათავისუფლება სავსებით სამართლიანი და ყველა თვალსაზრისით (მათ შორის მორალურადაც) გამართლებული ნაბიჯია. თუ ქართველი ერის უმრავლესობას ეს არ ეპიტნავა (კიტოვანის წარსული «დამსახურების» გამო) - ამ ერმა ყოველივე საკუთარ თავს უნდა დააბრალოს!
        კიტოვანის ფენომენი შექმნა «მოძრაობამ», რომელიც საქართველოში 1988 წლიდან დაიწყო. «კრემლი» და «სუკი» აქ არაფერ შუაშია, ვინაიდან კრემლის სპეცსამსახურებს სხვა რესპუბლიკაშიც ექნებოდათ ანალოგიური სურვილი, მაგრამ იქ მსგავსი ვერაფერი შექმნეს.
        თენგიზ კიტოვანს არც ერთი თვალსაზრისით არ შეიძლება რაიმე პრეტენზია წავუყენოთ. იგი ყოველთვის მოქმედებდა საკუთარი მრწამსის, მსოფლმხედველობის, ინტელექტისა და მორალური კოდექსის შესაბამისად.
        სხვა საქმეა, რომ ნორმალურ საზოგადოებაში, ნორმალური ეროვნული ცნობიერების პირობებში, კიტოვანის მსგავსი პიროვნება ვერც გვარდიის სარდალი გახდებოდა და ვერც თავდაცვის მინისტრი, არამედ დარჩებოდა იმად, რაც იყო «მოძრაობის» დაწყებამდე.

        ამჟამად თენგიზ კიტოვანი მეორედ, რასაკვირველია, ვეღარ შევა იმავე მდინარეში (სურვილი რომც ჰქონდეს); დღეს იგი უბრალოდ «თენგოა», რომელსაც უამრავი ძმაკაცი ჰყავდა და ჰყავს თავისი ჭეშმარიტი წრიდან.
        ახლობლებს იგი გულწრფელად ეყვარებათ და საერთოდ, რას ერჩით ამ კაცს? იგი პირადად აბსოლუტურად არაფერში არ არის დამნაშავე: არც სამხედრო გადატრიალებაში და არც რაიმე სხვა ქართულ ისტორიულ კატაკლიზმში.
        საზოგადოება იქნებოდა დამნაშავე, კიტოვანი რომ კიდევ დიდხანს გაეჩერებინა ციხეში და მისთვის «შეეწმინდა» საკუთარი უნიათობისა და უკულტურობის შედეგი.

მერიდიანი, 24 მაისი, 1999 წელი

მთელ გვერდზე