თბილისის საკრებულოში ძაღლი პატრონს ვეღარ ცნობს
       

        «ქართული დემოკრატიის» სიმწიფისა და ქართული პოლიტიკური კულტურის დონეზე თვალსაჩინოდ მეტყველებს მდგომარეობა, რომელიც ამჟამად თბილისის საკრებულოშია შექმნილი. დედაქალაქის საკრებულო იქცა სარკედ, რომელშიც ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი თავი უნდა დაინახოს და მომავალიც განჭვრიტოს.
        ამ თვალსაზრისით - კიდევ კარგი, რომ შეიქმნა ოპოზიციური კოალიცია და ამ კოალიციამ (მთლიანობაში) უმრავლესობა მოიპოვა არჩევნების შედეგად. ყველამ დროულად დავინახეთ, რა გველის ჩვენც და ქვეყანასაც, თუ ქვეყნის სათავეში მოვიდა იგივე «კოალიცია», რომლის წევრებსაც იმდენი ჭკუა და ალღო არ აღმოაჩნდათ, - შინაგანი წინააღმდეგობები საპარლამენტო არჩევნებამდე მაინც არ გამოემზეურებინათ, თავი შეეკავებინათ ურთიერთ ლანძღვა-გინებისა და დაპირისპირებისაგან, რომელიც იმთავითვე აძლიერებდა ხელისუფლებას. დღევანდელი ტრაგიკომიკური გაწევ-გამოწევისა და ლანძღვა-გინების შემხედვარეს კი, ამომრჩეველს ყველაფერზე გული უტყდება - მას ურჩევნია ხმა მისცეს ისევ ხელისუფლებას, ისევ «მოქკავშირს», რათა არ დაუშვას ტაკიმასხარა - პოლიტიკანების მოსვლა ხელისუფლებაში, რომლებიც მაშინვე «ერთმანეთს დაჭამენ».
        ისე უპირისპირდებიან გუშინდელ მოკავშირეებსა და «მოძმე პარტიებს», თითქოს ხელისუფლება უკვე მოიპოვეს და მხოლოდ ტაქტიკური პოზიციათა გამიჯვნაა საჭირო.
        ვაი, იმ ქვეყანას, რომელსაც ასეთი დონის პოლიტიკური ელიტა ჰყავს.
        დემოკრატიული ქვეყნისათვის ანუ იმ ქვეყნისათვის, რომელიც დემოკრატიული სისტემის აშენებას ცდილობს, ცივილიზებული, მაღალინტელექტუალური, ელემენტარულად კულტურული ოპოზიციის არარსებობა უბედურებაა.
        ასეთი ოპოზიცია აუცილებელია ნორმალური სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური ურთიერთობისათვის, მაგრამ რამდენად კულტურული ერიც ვართ ზოგადად (სინამდვილეში), იმგვარივე პოლიტიკური კულტურაც გვაქვს.
        თბილისის საკრებულოში, უბრალოდ, ეს ყოველივე «ხელის გულზე დევს», ანუ სავსებით აშკარაა. ძალთა ასეთივე განლაგების შემთხვევაში, ზუსტად ანალოგიური ვითარება შეიქმნება პარლამენტშიც. გამორიცხულია საქართველოში საერთოდ რაიმე მყარი კოალიციის არსებობა, ვინაიდან თვით ქართული ბუნების «იწროობიდან» გამომდინარე, ჩვენში ყველას განსაკუთრებულობა და პირველობა სურს.
        მორიგი ტრაგიკომედია ამჟამად ბიუჯეტთან დაკავშირებით ვითარდება. თბილისმა, შესაძლოა, საერთოდ ვერ მიიღოს ბიუჯეტი, ვინაიდან საკრებულოში წარმოდგენილი ფრაქციები ვერ შეთანხმებულან ხარჯვითი ნაწილის სტრუქტურაზე, ანუ ვერ გაუნაწილებიათ მიზერული შემოსავალი პრიორიტეტული მიმართულებებით.
        ვერც მოილაპარაკებენ და ქვეყნის დედაქალაქს ბიუჯეტის გარეშე დატოვებენ. ერთმანეთის ქიშპითა და ურთიერთსიძულვილით, პრიორიტეტთა წინასწარ აკვიატებით, ორის - ორზე გამრავლებასაც ვერ შეძლებენ. თბილისის მერს კი საკრებულოს გარეკვის უფლება არ აქვს (სამწუხაროდ); აქედან გამომდინარე, ორომტრიალსა და გნიასს (ალბათ, თავ-პირის მტვრევასაც) ბოლო არ მოეღება.
        ახია ჩვენზე! თუმცა ბიუჯეტის გარეშე საერთოდ როგორ უნდა იარსებოს ქალაქმა, როგორ უნდა იმუშაონ ქალაქის სამსახურებმა? თუმცა ეს მათთვის მეასეხარისხოვანი საკითხია.
        ახლა უკვე ცხადია, რომ პოლიტიკური ლიდერები თბილისის საკრებულოს განიხილავენ მხოლოდ როგორც «ტრამპლინს» - პარლამენტში ხმათა უმრავლესობის მოსაპოვებლად. ქალაქის პრობლემებისათვის იქ არავის სცხელა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია რა ასეთი გადაუწყვეტელი პრობლემები შეიძლება იყოს ბიუჯეტთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც სრულყოფილად ნაგვის გატანის საკითხიც კი არ არის მოგვარებული.
        დღევანდელი საქართველოს უბედურების საწყისი კი ის გახლავთ, რომ პოლიტიკური ჯგუფები კვლავინდებურად არ წარმოადგენენ სოციალურ ფენებს, ვინაიდან ამ ფენებსაც არ ყოფნით კულტურა, გააცნობიერონ საკუთარი ინტერესები.

მერიდიანი, 21 მაისი, 1999 წელი

მთელ გვერდზე