«ნავთობსადენის» გახსნის ცერემონიალით «სუამი» რუსეთს ემიჯნება
       

        მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვა არ მიიღებს მონაწილეობას დასავლეთ საქართველოში ხვალისათვის დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში, - ის მაინც აღიქმება, ასე ვთქვათ, «სუამის» ეგიდით მიმდინარე პროცესად, ანუ იმ ორგანიზაციისა, რომელიც გასულ წელს შეიქმნა სტრასბურგში საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვასა და უკრაინის პრეზიდენტთა ინიციატივით
        განსაკუთრებით ნიშანდობლივია აქციაში (ეს სწორედ პოლიტიკური აქციაა) უკრაინის მონაწილეობა.
        როგორც ცნობილია, უკრაინის პარლამენტმა თითქმის ერთმნიშვნელოვნად დაგმო «ნატოს აგრესია იუგოსლავიის წინააღმდეგ», მაგრამ პრეზიდენტ კუჩმას (ამ ტექნოლოგიას უკრაინელები, ჩვენგან განსხვავებით, შესანიშნავად ფლობენ) უეჭველად სჭირდებოდა საპირისპირო პოზიციის დაფიქსირება, - რის საშუალებასაც ბაქო-სუფსის ნავთობსადენის გახსნა და ტერმინალის ამოქმედება იძლევა.
        კუჩმას, რასაკვირველია, შესანიშნავად ესმის, რომ რუსეთში მისი მოწოდება გაღიზიანებას გამოიწვევს. თავად განსაჯეთ: გუშინ საქართველოს ტერიტორიაზე, ნატოს პროგრამა «პარტნიორობა მშვიდობისათვის» ფარგლებში დაიწყო ერთობლივი სამხედრო სწავლება უკრაინის, საქართველოსა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალთა ქვედანაყოფების მონაწილეობით.
        ეს ხდება იმ დროს, როდესაც რუსეთი განიხილავს ნატოს წევრ ქვეყნებზე ბირთვული იარაღის დამიზნების საკითხს, ხოლო დაძაბულობამ დასავლეთსა და აღმოსავლეთს (ანუ უკვე მხოლოდ რუსეთს) შორის კულმინაციას მიაღწია.
        რა თქმა უნდა, ეს «სწავლება» - მანევრები რომც არ ყოფილიყო (მათი «სამხედრო ლეგენდაა» ნავთობსადენის დაცვა უცხო სპეცსამსახურთა აგენტურისაგან»), - რუსეთი მაინც გაღიზიანდებოდა, ვინაიდან «ნავთობის პროექტი» მოსკოვში «ანტირუსული პოლიტიკის» გამოვლინებად მიაჩნიათ.
        მიუხედავად ამისა, საქართველოს, აზერბაიჯანისა და უკრაინის ხელმძღვანელებმა მაინც გადაწყვიტეს ერთობლივი დემარშით საერთო პოზიციის დაფიქსირება, რასაც უეჭველად მოჰყვება მნიშვნელოვანი გამოხმაურება დასავლეთში.
        თუ მოლდოვა ღონისძიებაში მონაწილეობას არ მიიღებს, - ეს, ალბათ იმით არ არის გამოწვეული, რომ ამ ქვეყანას ნავთობსადენთან არანაირი კავშირი არ აქვს. სამაგიეროდ, მოლდოვას, საქართველოს, აზერბაიჯანსა და უკრაინას აკავშირებთ ერთობლივი საფრთხე - სეპარატიზმის მხარდაჭერა რუსეთის მხრიდან.
        უკრაინა ამ თვალსაზრისით, უკეთეს მდგომარეობაშია, ვინაიდან «ამდენი ვერ გაუბედეს», მაგრამ ყირიმში შეყოვნებული მოქმედების ნაღმი მაინც წიკწიკებს, - მისი უვნებელყოფა კიევმა ბოლომდე ვერ მოახერხა.
        აზერბაიჯანზე საერთოდ არ არის საუბარი, - ეს ქვეყანა დსთ-ს წევრ სახელმწიფოთა შორის რუსეთის მიმართ ყველაზე დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს.
        ამ თვალსაზრისით, აზერბაიჯანს უკრაინა და უზბეკეთიც კი ვერ შეედრება, - რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა სახელმწიფოებზე.
        უკრაინის პრეზიდენტი დღეს ჩამოვა თბილისში და ხვალ «იაკ-40» ტიპის თვითმფრინავით ფოთში გაემგზავრება. ჰეიდარ ალიევი შაბათს ბაქოდან პირდაპირ ფოთში ჩავა. განსაკუთრებულ სირთულეს ვიზიტების მომზადებისას ის გარემოება ქმნიდა, რომ სენაკის აეროპორტი ელიავას ჯგუფის მოქმედების არეალში იმყოფება.
        აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის სენაკში მიღება თითქმის შეუძლებელი გახდა. ხოლო ფოთის აეროდრომს მხოლოდ მცირე («იაკ-40» და «იაკ-42) ტიპის თვითმფრინავთა მიღება შეუძლია. უკრაინაში ასეთი თვითმფრინავი, რა თქმა უნდა, მოიძევება, მაგრამ თუ კუჩმა კიევიდან ამ თვითმფრინავით გამოფრინდებოდა, მაშინ საწვავის შესავსებად ოდესაში ან ყირიმში უნდა დამჯდარიყო.
        აღსანიშნავია ამერიკელთა მაღალი წარმომადგენლობა, - ვაშინგტონს ცერემონიალზე წარმოადგენენ რიჩარდ მორნინგსტარი (იგი ადმინისტრაციაში ნავთობსადენთან დაკავშირებულ პრობლემებს კურირებს) და ვაჭრობის მინისტრი (ომბუდსმენი) იან კალიცკი.
        შეიძლება ითქვას, ეს ორი პიროვნება თეთრ სახლში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების დროს საკვანძო მნიშვნელობის ფიგურაა. ამით ამერიკის შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებს «ნავთობპროექტისადმი» მხარდაჭერას.
        სხვათა შორის, საქართველოში თითქმის არ მიაქციეს ყურადღება იმ გარემოებას (ვინაიდან რუსულმა მასმედიამ ეს ფაქტი დამალა), რომ ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენი ჩეჩნებმა გადაკეტეს - რუსეთის მხრიდან გამოუცხადებელი ბლოკადის პასუხად.
        ამრიგად, დისკუსია «დიდ ნავთობსადენზე» საბოლოოდ დასრულდა - იგი საქართველოს ტერიტორიაზე გაივლის. რუსეთის მარშრუტი უკვე გამორიცხულია, - ეს შესანიშნავად ესმის ყველას, ვინც 1995 წლიდან ტონობით ქაღალდს ხარჯავდა ამ საკითხზე დისკუსიის გასაჩაღებლად. მათ შორის რუს «გეოპოლიტოლოგებს». მათთვის (ისევე როგორც კრემლის მესვეურთათვის) სუფსის ზეიმი იუგოსლავიის მოვლენებზე არანაკლებ მტკივნეული დარტყმა იქნება, მაგრამ საქართველო იმდენად ითვალისწინებს რუსეთის ინტერესებს, რამდენადაც რუსეთი საქართველოსას ე.წ. «სამხრეთ ოსეთსა» და აფხაზეთში.
        ფაქტობრივად, სუფსაში ტერმინალის გახსნა არის გენერალური რეპეტიცია შემდგომი ნაბიჯებისა «საუკუნის ახალი პროექტის» განსახილველად. უნდა ვაღიაროთ, რომ ჯერჯერობით პირველ (ყველაზე იოლ) პროექტს, რომელიც ითვალისწინებდა ნავთობის ტრანსპორტირებას ბაქოდან - «სუფსამდე, საქართველომ თავი გაართვა.
        შემდგომი ეტაპი იქნება «დიდი ნავთობსადენის» მშენებლობა აზერბაიჯანიდან, - საქართველოს ტერიტორიის გავლით, - თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირა პორტ ჯეიჰანამდე, რასაც უეჭველად მოჰყვება (შეიძლება პარალელურადაც განხორციელდეს) ტრანსკასპიური ნავთობსადენის მშენებლობა ყაზახეთიდან - აზერბაიჯანამდე და თურქმენული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება ახალი დიდი გაზსადენით, საქართველოს ტერიტორიის გავლით - ევროპაში.
        მაგრამ ამ პროექტების განხორციელება ჯერ კიდევ სერიოზულ საფრთხეს უკავშირდება, ვინაიდან უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ საქართველოში ვითარების «ასარევად».
        შეიძლება ფოთში ან სენაკში ხვალაც მოხდეს სერიოზული ექსცესი, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევურიგდეთ იმ აზრს, რომ უპრობლემოდ საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამკვიდრება ვერ მოხერხდება.

მერიდიანი, 16 აპრილი, 1999 წელი

მთელ გვერდზე