სტამბულის სამიტი - ახალი წესრიგი ევროპისა და მსოფლიოსათვის
        შეიწირავს თუ არა საერთაშორისო კომპრომისი საქართველოს ინტერესებს
       

        18 ნოემბერს სტამბულში გაიმართება ეუთოს სამიტი უმაღლეს დონეზე (პრეზიდენტების მონაწილეობით), რომელიც, თავისი მნიშვნელობით შეიძლება მხოლოდ ჰელსინკის 1975 წლის სამიტს შევადაროთ.
        მკითხველს შევახსენებ, რომ 1966 წლიდან სწორედ ფინეთის დედაქალაქში (ეს ქვეყანა «ნეიტრალურად» ითვლებოდა დაპირისპირებაში ნატოსა და ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებს შორის) დაიწყო კონსულტაციები, შემდგომ კი საგარეო საქმეტა მინსიტრების მოლაპარაკება ევროპაში (ატლანტიკიდან - ურალამდე) უსაფრთხოებისა და თანაშმრომლობის ახალი სისტემის შესაქმნელად.
        მოლაპარაკებებს ჰქონდა სამი ძირითადი განზომილება ანუ «კალათა» - პოლიტიკური, სამხედრო და ადამიანური;
        «ადამიანურ» კალათაში იგულისხმებოდა «რკინის ფარდის» მიღმა დარჩენილი უბედური ადამიანებისათვის (აღმოსავლელი გერმანელები, პოლონელები, რუსები, ქართველები და ა.შ.) ელემენტარული უფლებების უზრუნველყოფა, მათი გადაადგილების, სატელეფონო საუბრების, მიმოწერის შეძლებისდაგვარად გაადვილება, ოჯახთა გაერთიანება და ა.შ.
        ფაქტობრივად, ეს მოლაპარაკებები ჰგავდა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის მოლაპარაკებას - მკაცრი რეჟიმის ციხის ადმინისტრაციასთან, თუ როგორ შეუმსუბუქონ გატანჯული ცხოვრება უბედურ პატიმრებს, რამდენჯერ გაიყვანონ აშმორებული საკნიდან ჰაერზე გასასეირნებლად, მისცენ თუ არა ახლობლებთან და ოჯახის წერვებთან მიმოწერის უფლება და ა.შ.
        ამ მოლაპარაკების პროცესში, რომელიც 9 წელი (!) გრძელდებოდა, საბჭოთა კავშირმაც მიიღო გარკვეული გარანტიები - დასავლეთმა თითქოს აღიარა სტალინის მიერ ევროპაში დაწესებული საზღვრების ურღვევობა, გერმანიის გაყოფა, თვით საბჭოთა კავშირის ლეგიტიმურობა, მაგრამ სწორედ იმ «ადამიანურმა კალათამ», «ადამიანურმა განზომილებამ» გაუჩინა ბზარი «რკინის ფარდას» და საბოლოოდ განაპირობა კიდეც «ბოროტების იმპერიის» დამხობა.
        თუმცა, 1975 წელს, როდესაც ლეონიდ ბრეჟნევი ჰელსინკის «შემაჯამებელ აქტს» ხელს აწერდა - ამას ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა.
        შემდგომ, ბუდაპეშტისა და ლისაბონის სამიტებზე «ჰელსინკის სათათბირო» გარდაიქმნა «ორგანიზაციად» და საბოლოოდ ეწოდა «ევროპაში უსაფრხთოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია».
        დაიწყო შემუშავება «ახალი ევროპის» ქარტიისა, რომელიც საბოლოდ დამტკიცდება სტამბულის სამიტზე. სწორედ ამ «ქარტიის» გარშემო მიმდინარეობს ამჟამად ფარული, მაგრამ გააფთრებული ბრძოლა ევროპულ თანამეგობრობასა და საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეს - რუსეთს შორის.
        ევროპა ცდილობს გრანდიოზული ცვლილებების ლეგიტიმაციას, ოღონდ რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, ვინაიდან რუსეთი, სამხედრო თვალსაზრისით (ატომური იარაღის ჩათვლით) კვლავინდებურად უფრო ძლიერია, ვიდრე ყველა ევროპული ქვეყანა ერთად აღებული.
        ამიტომ, ერთი მხრივ, დასავლეთი ცდილობს «ახალ წესრიგში» რუსეთის გარკვეულ ჩარჩოში მოქცევას, მაგრამ მეორე მხრივ, რუსეთი აქტიურად ცდილობს, შეინარჩუნოს პრიორიტეტი პოსტსაბჭოურ სივრცეზე და ეს პრიორიტეტი ახალი ევროპის ქარტიით «გააფორმოს».
        მაშასადამე, «ქარტიამ» უნდა გადაწყვიტოს ახლად შექმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფოების ბედი. ყველაფერი უკვე სწორედ მათ აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული - რამდენად შეძლებენ ისინი, ერთობლივი ძალისხმევით, საკუთარი ინტერესების დაცვას და რუსეთთან დასავლეთის სეპარატული გარიგების ჩაშლას მათ ხარჯზე.
        სტამბულში უნდა მოხდეს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების ვენის ხელშეკრულების საბოლოო «ადაპტირება» დღევანდელ რეალიებთან - იმის გათვალისწინებით, რომ 1990 წლიდან (როდესაც დოკუმენტს ხელი მოეწერა) - დღემდე ევროპაში კარდინალური ცვლილებები მოხდა, ხოლო რუსეთის საზღვარი (ანუ «ფლანგი», სადაც იგი ვალდებულია არ დაუშვას შეიარაღების კონცენტრაცია) გადის არა საქართველო-თურქეთის საზღვარზე, არამედ ჩრდილოეთ კავკასიაში.
        ბუნებრივია, რუსეთს ფორმალურად აქვს უფლება საერთოდ უარი თქვას ხელშეკრულების ადაპტირებაზე ან მის შესრულებაზე, ვინაიდან ვენის დოკუმენტი სხვა გეოპოლიტიკურ რეალიებს შეესაბამებოდა; ისევე როგორც ევროპას აქვს უფლება, არანაირ კომპრომისზე არ წავიდეს რუსეთთან, მაგრამ ეს ძალიან დიდი კონფრონტაციის დასაწყისს ნიშნავს.
        ამრიგად, კომპრომისი გარდაუვალია. ჩვენთვის მთავარია, კომპრომისი არ მოხდეს საქართველოს ინტერესთა ხარჯზე. მაგალითად, ვინაიდან სამხედრო კვოტების შეცვლა შეუძლებელია (ეს დაარღვევდა მთელ ბალანსს), რუსეთი ცდილობს საქართველოს «ხარჯზე» შეინარჩუნოს სამხედრო ყოფნა საქართველოში, მაგრამ საქართველოს თანხმობის გარეშე ეს არ გამოვა.
        სტამბულში საქართველო არ აპირებს ვინმეს კუთვნილი კვოტა დაუთმოს, ამიტომ რუსეთი, როგორც მინიმუმ, იძულებული გახდება ორჯერ შეამციროს თავისი სამხედრო კონტიგენტი საქართველოში. ეს მინიმუმ - თუმცა, საქართველოს შეუძლია საერთოდ მოითხოვოს რუსეთის ჯარების გაყვანა პირდაპირ ან ირიბად (საკუთარი კვოტის მთლიანად შევსებით).
        თუ ამ გეოპოლიტიკურ ინტრიგას დავუმატებთ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის თაობაზე დოკუმენტის სავარაუდო ხელმოწერას და «დიდი გაზსადენის» თაობაზე საკითხის საბოლოო გადაწყვეტას, - თვალნათელი ხდება, რომ სტამბულის სამიტი საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობის მოვლენა იქნება.

მერიდიანი, 17 ნოემბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე