სტამბულის ბრძოლა
        საქართველომ, როგორც იქნა, თეთრებით ითამაშა
       

        «ათასწლეულის სამიტი» რომ დაძაბულად ჩაივლიდა, იმთავითვე ცხადი იყო, მაგრამ ის, რაც გუშინ თურქეთის «ძველ» დედაქალაქსა და უძველეს კონსტანტინეპოლში ხდებოდა, ყოველგვარ წინასწარგათვლასა და პროგნოზს აჭარბებს.
        ეს იყო ნამდვილი ომი. «დიპლომატიური მგლების ხროვამ» სისხლის სუნი იგრძნო და ბრძოლაში თავდავიწყებით გადაეშვა.
        სტამბულში ერთმანეთს შეეჯახა სახელმწიფოთა ინტერესები. მდგომარეობა გაართულა ჩეჩნეთის კრიზისმა. სხვათა შორის, იმასაც ამბობდნენ, თითქოს ჩეჩნეთის პრეზიდენტი ასლან მასხადოვი თურქეთში ჩავიდა.
        საქართველო ამჯერად ურიგოდ არ იბრძოდა, თანაც სწორედ ჩვენი ქვეყნის პოზიციაზე იყო ბევრი რამ დამოკიდებული.
        ჩვენი ქვეყანა საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა, ვინაიდან, ჯერ ერთი, უშუალოდ ესაზღვრება ჩეჩნეთს, უკანასკნელი კი რუსეთ-დასავლეთის უმოწყალო დაპირისპირების კატალიზატორი გახდა.
        გარდა ამისა, ეუთოს სამიტზე საბოლოოდ უნდა დაემტკიცებინათ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების ადაპტირებული ხელშეკრულება, რაკი ვენის დოკუმენტმა აზრი დაკარგა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
        აქაც გადამწყვეტი სიტყვა საქართველოს ეკუთვნოდა, რადგან ჩეჩნეთში სამხედრო ძალის კონცენტრაციით რუსეთი სწორედ საქართველოს მიმართ არღვევდა ვენის დოკუმენტით გათვალისწინებულ «საფლანგო შეზღუდვებს».
        გარდა ამისა, თვით საქართველოს ტერიტორიაზეც ხომ ოთხი რუსული ბაზაა განლაგებული. სომხეთი ამ თვალსაზრისით დასავლეთისათვის არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს, ვინაიდან ერევანში ხელს აწერენ ყველაფერს, რასაც მოსკოვიდან შესთავაზებენ (ალბათ, სწორედაც იქცევიან, რაკი რუსეთმა პროსომხური პოზიცია დაიკავა ყარაბაღის გარშემო კონფლიქტში 1988 წლიდანვე), ხოლო თბილისის მეშვეობით, საქართველოსთან ინტერესთა თანხვედრის გამოყენებით, დასავლეთს შეეძლო გარკვეული პირობები წაეყენებინა რუსეთისათვის.
        ფაქტობრივად, სხვა არც ერთ ქვეყანაში რუსეთის ჯარების ყოფნა ამ შესაძლებლობას არ იძლევა. სომხეთზე უკვე ვთქვით, - ყირიმსა და დნესტრისპირეთს თავისი «სპეციფიკა» აქვთ, ტაჯიკეთი სათვალავში ჩასაგდები საერთოდ არ არის.
        ამრიგად, რჩებოდა საქართველო, რომლის თანხმობის გარეშე (ესეც, ალბათ, ბედისწერაა) უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი (ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების შესახებ) ვერ ამუშავდებოდა.
        აქვე აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამავე საკითხს უკავშირდება «ახალი ევროპის ქარტია», აგრეთვე შესაბამისი დეკლარაცია, ეუთოს თავმჯდომარის განცხადება ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენების თაობაზე და ა.შ.
        თქვენ წარმოიდგინეთ, რუსეთი ეუთოს სამიტის ბოიკოტირებითაც კი იმუქრებოდა. მას შეეძლო გამოეყენებინა ვეტოს უფლება (ეს უფლება ეუთოს წევრ ყველა სახელმწიფოს აქვს, მათ შორის საქართველოსაც), შეეძლო ხელი არ მოეწერა ქარტიისათვის, ბოლოს და ბოლოს, უარი ეთქვა თვით «ადაპტირებული ხელშეკრულების» პარაფირებაზე, მაგრამ ეს ყოველივე დასავლეთთან მწვავე დაპირისპირებას გამოიწვევდა. ამიტომ რუსებმა მიმართეს ჩვეულ ხერხს: რაკი დარწმუნდნენ, რომ საქართველოს დელეგაციასთან არ გასდიოდათ, სცადეს ამერიკელებთან მიეღწიათ სეპარატული შეთანხმებისათვის იმ იმედით, რომ შემდეგ ამერიკელები განახორციელებდნენ ზეწოლას საქართველოზე.
        საბედნიეროდ, ამერიკამ ეს არ იკადრა და რუსეთის მიერ შეთავაზებულ წინადადებას ცივი უარით უპასუხა - მოელაპარაკეთ საქართველოს, «ეს საქართველოს საქმეა».
        რა თქმა უნდა, ამერიკელებიც კაი ეშმაკები არიან. მათ თავად არ აწყობდათ რუსებთან კომპრომისი, თორემ შეეძლოთ შევარდნაძისათვის მიეცათ «რჩევა», უფრო რბილი პოზიცია დაეკავებინა ბაზების საკითხში.
        მთავარი ის არის, რომ საქართველოს ხარჯზე რუსეთთან დასავლეთის კომპრომისების ეპოქა დამთავრდა. ახლა 1999 წელია და არა - 1921, როცა ინგლისმა «ციმციმ» ჩააბარა საქართველო საბჭოთა რუსეთს. საერთაშორისო ურთიერთობებში ატმოსფერო კარდინალურად იცვლება. პატარა სახელმწიფოები, რომლებსაც აგრეთვე ეშინიათ მათი ინტერესების ხარჯზე დიდი ქვეყნების გარიგებისა, ამ მხრივ, საქართველოს მოკავშირეები არიან.
        ამიტომ, საქართველოს ინტერესთა გათვალისწინების გარეშე და «ჩვენს ზურგს უკან» წარმატებას ვერავინ მიაღწევს. ევროპაში კი პატარა სახელმწიფოებს დიდი გავლენა აქვთ. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ისევ და ისევ იმაზე იყო დამოკიდებული, რას დაუთმობდა საქართველო რუსეთს და რას - არა.
        ოთხშაბათს, მთელი საღამო და ნაწილობრივ ღამითაც (ხუთშაბათს) კიდევ რამდენიმე საათი მიმდინარეობდა გააფთრებული დისკუსია რუსებსა და ქართველებს შორის. თავდაპირველად, რუსებმა ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს. მათ არაფრის დათმობა არ სურდათ - ისინი ცდილობდნენ ჯარების «დროებითი განლაგება» განემარტათ, როგორც განლაგება 25 წლით, მაგრამ ქართველებს ეს უკვე სასაცილოდაც არ ეყოთ.
        საბოლოოდ, დიდი ომის შედეგად, გადაწყდა, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში, რუსეთის «სამხედრო ყოფნა» საქართველოში 2-3-ჯერ შემცირდება; რაც, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ რუსეთს თბილისსა (ვაზიანი) და გუდაუთიდან სამხედრო ნაწილების გაყვანა მოუწევს, ეს კი, ფაქტობრივად, ამ ბაზების ლიკვიდაციას ნიშნავს. ოღონდ ეგ არის, რუსებმაც იეშმაკეს და ისეთი ფორმულირებები ჩაწერეს, რაც მათ საშუალებას მისცემს «დაბრუნდნენ», თუ საქართველოს ხელისუფლებაში პრორუსული ძალები მოვლენ, რისი იმედიც ჯერ კიდევ აქვთ.
        გუშინ ეუთოს სამიტის დაწყების წინ გამაოგნებელი სცენის მომსწრე გავხდი: როდესაც ედუარდ შევარდნაძე გრანდიოზულ ოტელ «ჩირაღანში» შემოვიდა მთავარი შესასვლელიდან, მას პატარა გოგონას სიმარდით მიეჭრა იქვე მყოფი მადლენ ოლბრაიტი (საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ორი საათით ადრე დაიწყო იმავე სასტუმროში) და პირადად გამოჰკითხა, როგორ არის საქმე, რუსეთთან მოლაპარაკება ღამით როგორ წარიმართა, ხომ არაფერი გიჭირთ და ჩვენი ჩარევა ხომ არ არისო საჭიროო?
        ეს თითქოს უმნიშვნელო ეპიზოდი ისევ და ისევ იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს აზრსა და პოზიციას გარკვეული მნიშვნელობა უკვე აქვს გლობალური პოლიტიკისათვის; ყოველ შემთხვევაში, ჩვენს რეგიონში.
        არადა, ბევრი დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ სწორედ კავკასიის რეგიონია «ევრაზიული პოლიტიკის მზის წნული» - ამას ზბიგნევ ბჟეზინსკიც ამტკიცებს თავის შესანიშნავ ნაშრომში «დიდი საჭადრაკო დაფა».
        როგორც იქნა, საქართველო კვლავ (პირველად 1988 წლის შემდეგ) მოხვდა «აღმავალ ტალღაში» და კვლავ უწევს «თეთრებით თამაში».
        შთამომავლობა არ გვაპატიებს თუ ამ შანსს ხელიდან გავუშვებთ. რაც მთავარია, არსებობს ინტერესთა თანხვედრა იმ გეოპოლიტიკურ ძალასთან (შეიძლება ითქვას დასავლეთი, დასავლური სამყარო, ნატო, ევროატლანტიკური სივრცე, ევროკავშირი - როგორც გნებავთ, ისე უწოდეთ), რომელიც განსაზღვრავს კაცობრიობის მომავალს მესამე ათასწლეულში.
        პოლიტიკა და გეოპოლიტიკა კი ინტერესთა თანხვედრის ხელოვნებაა.

მერიდიანი, 19 ნოემბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე