რობერტ კოჩარიანმა ქართველ ჟურნალისტებს «თითი დაუქნია»

        საქართველოს პრეზიდენტისადმი ხაზგასმული პატივისცემა-მოკრძალების მიუხედავად, სომხეთის პრეზიდენტმა რობერტ კოჩარიანმა მაინც აგრძნობინა ქართველ ჟურნალისტებს, რომ ჩვენ მიმართ, რბილად თუ ვიტყვით, კრიტიკულადაა განწყობილი.
        კერძოდ, სომეხმა პრეზიდენტმა ძალზე უხეშად უპასუხა ერთ-ერთ ქართველ ჟურნალისტს პრესკონფერენციაზე და «არაკორექტულობაშიც» დასდო ბრალი მაშინ, როდესაც არაკორექტული იმ კითხვაში არაფერი ყოფილა; კითხვის შინაარსს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, კოჩარიანმა, უბრალოდ, სომხური საზოგადოების აზრი გამოხატა, რომელიც «ქართული პრესის ანტისომხური განწყობით არის გაღიზიანებული».
        ზოგადად, სომხები მართლაც საოცარი ხალხია - თავის შეცდომებსა და არასწორ მოქმედებას არასოდეს აღიარებენ - მაშინაც კი, როდესაც აშკარად არ არიან მართალნი - თავი რომ დავანებოთ თვით პრესის არცთუ იშვიათ ანტიქართულ გამოხდომებს;
        ერევანში ახლაც არ ითვალისწინებენ იმას, როგორ «მოღვაწეობენ» წლების განმავლობაში სომეხი ავტორები რუსულ პრესაში და როგორ ანთხევენ ბოღმასა და სიძულვილს საქართველოს მიმართ.
        ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქართველ ავტორს (რუსულ პრესაში), ვინც ან სისტემატურად, ან თუნდაც ერთხელ მაინც აშკარად დასხმოდეს სომხეთს რუსული პრესიდან.
        მიგრანიანები და მინასიანები კი სწორედ სისტემატურად, წლების განმავლობაში აქვეყნებდნენ პროვოკაციულ სტატიებს რუსულ პრესაში საქართველოს შესახებ. ბოლოს საქმე «ნეზავისიმაია გაზეტას» ცნობილ პუბლიკაციამდე მივიდა, რომელშიც არამზადა ანდრანიკ მიგრანიანი შავით თეთრზე წერდა, რომ რუსეთი ვალდებულია კავკასიაში პოზიციები შეინარჩუნოს და ამ მიზნით, ძალის გამოყენებით, «გაჭრას» დერეფანი რუსეთსა და სომხეთს შორის, ხოლო საქართველოს შესაძლო წინააღმდეგობა ძალითვე ჩაახშოს.
        არ გეგონოთ, ეს მხოლოდ ჟურნალისტური ფანტაზიაა – განა სწორედ მიგრანიან - მინასიანების საგაზეთო მონაჩმახთა ერთგვარი გამოძახილი და ანარეკლი არ იყო რუსული ავიაგამანადგურებლების თავხედური რეიდი რუსეთიდან-სომხეთში საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევით? რასაკვირველია, რუსული ავიაგამანადგურებლები მზად იყვნენ «ძალით ჩაეხშოთ საქართველოს შესაძლო წინააღმდეგობა».
        ასე რომ, როდესაც სომხეთში წუწუნებენ ქართული პრესის ვითომცდა «ანტისომხური განწყობის» შესახებ, რატომღაც არ სურთ გაიხსენონ და გაითვალისწინონ აღვირახსნილი ანტიქართული კამპანია, რასაც სომეხი ავტორები ეწევიან საქართველოს წინააღმდეგ რუსულ პრესაში - რომ აღარაფერი ვთქვათ თვით სომხური პრესის პუბლიკაციებზე.
        სხვათა შორის, საქართველოს ჯიბრზე სომხეთში, ზემოხსენებული რუსული ავიაგამანადგურებლების მფრინავებს დიდი ზარ-ზეიმით დახვდნენ – აეროდრომის ასაფრენ ბილიკთან სუფრა გაუშალეს და რეპორტაჟი გადასცეს რუსულ ტელეკომპანია ნტვ-ს ეთერში - უპირველეს ყოვლისა, რასაკვირველია, იმ მიზნით, რომ ეს რეპორტაჟი საქართველოში ეხილათ.
        შეუძლებელია ასეთი «მძიმე» ფონი გარკვეულ ზეგავლენას არ ახდენდეს საქართველო-სომხეთის პრეზიდენტების ურთიერთობებზე, თუმცა შევარდნაძე და კოჩარიანი ჯერჯერობით მაინც ახერხებენ კორექტულობის შენარჩუნებას.
        ლუქსემბურგში, კავკასიის სამი ქვეყნის ლიდერთა შეხვედრის დროს (რომელსაც ჰეიდარ ალიევი არ დაესწრო და თავის ნაცვლად პრემიერ-მინისტრი გააგზავნა) ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ მორიგი ასეთი შეხვედრა თბილისში გაიმართება - რობერტ კოჩარიანმა და ჰეიდარ ალიევმა უკვე გამოთქვეს მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღონ შეხვედრაში.
        რასაკვირველია, «სამთა სამმიტი» თბილისში რეალური შედეგით ვერ დასრულდება. შედეგი, ალბათ, მაინც სიმბოლური იქნება, მაგრამ, ჯერ ერთი, უშედეგობაც შედეგია. გარდა ამისა, საქართველოს მიზანს ალიევისა და კოჩარიანის შერიგება არ წარმოადგენს – უბრალოდ, ასეთი შეხვედრის ორგანიზებით ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს თავისი გეოპოლიტიკური პოზიციის მნიშვნელობას მთლიანად, სამხრეთ კავკასიისათვის.
        შესაძლოა, ედუარდ შევარდნაძემ სწორედ ლუქსემბურგში შეხვედრისას იმიტომ «წამოჭრა» ეს საკითხი, რომ ევროკავშირის თანადგომისა და მხარდაჭერის იმედი აქვს. მართლაც, ევროპის გაერთიანებას არაფერი ექნება საწინააღმდეგო ასეთი სამიტის გამართვისა. იგი მზად არის თავად მოაწყოს კავკასიის ლიდერთა შეხვედრა თბილისში, - თუ სათანადო პროგრამა იქნება.
        საქართველო ობიექტურად აღიქმება «მესამე, ნეიტრალურ» ქვეყნად; ეს ზოგიერთ ობიექტურ უპირატესობას გვანიჭებს ჩვენ მეზობლებთან შედარებით. რაც შეეხება დასავლეთის მზადყოფნას (ამ შემთხვევაში, უპირველესად, ვგულისხმობ ევროკავშირს), უფრო აქტიური როლი შეასრულოს საკუთრივ კონფლიქტების მოწესრიგებაში, ეს დამოკიდებული იქნება ობიექტურ გეოპოლიტიკურ ფაქტორებზე, მათ შორის, მოვლენათა განვითარებაზე თვით სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებში ინსტიტუციური მშენებლობის თვალსაზრისით;
        ამიტომ, საქართველოს პრეზიდენტმა «დაასწრო» მასპინძლებს და თავად წამოჭრა «კორუფციის» თემა.
        ამგვარი დემარში ყოველთვის დადებითად მოქმედებს დასავლელებზე, ვინაიდან თვით კორუფციის ფაქტის აღიარებას ისინი ამ მანკის წინააღმდეგ ბრძოლის პირველ ეტაპად მიიჩნევენ;
        თუმცა, რეალურად, არა მგონია საქართველო უფრო მეტად იყოს კორუმპირებული, ვიდრე სომხეთი ან აზერბაიჯანი - სხვა საქმეა, რომ იმ სახელმწიფოებში, მმართველ სტრუქტურებში გამეფებული კორუფცია ზეგავლენას ვერ ახდენს და ვერც მოახდენს სახელმწიფოებრივ პოლიტიკაზე, საქართველოში კი ეს საშიშროება ნამდვილად არსებობს, რაც კარგად აქვთ გაცნობიერებული ევროსტრუქტურათა წარმომადგენლებს.
        საქართველო პარადოქსულ ვითარებაში აღმოჩნდა – დემოკრატიის დონე ჩვენს ქვეყანაში შედარებით მაღალია, ვიდრე სომხეთში და, მით უმეტეს, აზერბაიჯანში (ეს, თუნდაც, პრესასთან დაკავშირებულიო პერიპეტიებიდან ჩანს). სამაგიეროდ, კორუფციამ შეიძლება მთლიანად მოშალოს სახელმწიფოებრივი მექანიზმი და ყოველგვარი პოლიტიკური კურსი უაზრობად აქციოს.
        ამიტომ, საქართველოს მიღება ევროპის საბჭოში და ევროკავშირთან ხელშეკრულების რატიფიცირება სავსებით შესაძლებელია ჩვენს ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეტაპებად ჩაითვალოს.
        კონკრეტულად კი, სარწმუნო წყაროთა ცნობით, ევროკავშირის სტრუქტურებთან დაახლოების შემდეგ, ედუარდ შევარდნაძემ, შესაძლოა, ხელი მოაწეროს დოკუმენტს «პრეზიდენტთან საგანგებო ანტიკორუფციული კომისიის» შექმნის შესახებ.

მერიდიანი, 25 ივნისი, 1999 წელი

მთელ გვერდზე