პრეზიდენტმა სქოულის თავის კაბინეტში მეხი დაატეხა; სქოული უკან დახევას არ აპირებს

        რამდენიმე დღის წინ, ზუსტად იმ დროს, როდესაც საქართველოს ტელევიზიის პირველი არხით თენგიზ აბულაძის «მონანიება» უნდა გასულიყო ეთერში, «მოულოდნელად» გაითიშა სატელევიზიო მაუწყებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით; მხოლოდ ოცი წუთის შემდეგ განაგრძეს მაუწყებლობა საკაბელო ტელევიზიებმა, - იმ ტელეკომპანიებმა, რომელთაც გადამცემები არ აქვთ დამონტაჟებული «ცენტრალურ» სატელევიზიო ანძაზე.
        ოციოდე წუთით ტელეანძის გათიშვამ გრანდიოზული სკანდალი გამოიწვია საქართველოს ხელისუფლებაში. სარწმუნო წყაროთა ცნობით, პრეზიდენტმა მწვავედ უსაყვედურა სათბობ-ენერგეტიკის მინისტრს და გადაყენებითაც კი დაემუქრა.
        არანაკლები აურზაური მოჰყვა მომხდარს უშიშროების სამსახურსა და პრეზიდენტის პირადი დაცვის სამსახურშიც, ვინაიდან ყველა სპეცსაშუალება, გადამცემი თუ სხვა სახის აუცილებელი მოწყობილობა სწორედ «ანძაზეა მიბმული», ანუ ანძის «გათიშვამ» არა მხოლოდ ტელევიზიის, არამედ, ფაქტობრივად, უშიშროების სისტემათა გარეშე დატოვა საქართველოც და სახელმწიფოს მეთაურიც.
        როგორც აღმოჩნდა, ანძას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა პირადად «ეი-ი-ეს თელასის» ხელმძღვანელის, მაიკლ სქოულის ბრძანებით. «თელასიდან» გაზეთის კორესპონდენტს დაწვრილებით განუმარტეს ამ ბრძანების მიზეზი მას შემდეგ, რაც გუშინ, მაიკლ სქოული მასზე «ცოტა არ იყოს ნაწყენ» ედუარდ შევარდნაძეს შეხვდა.
        სინამდვილეში, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ პრეზიდენტი «ნაწყენი» კი არა, განრისხებული იქნებოდა; ოღონდ თუ ვინმეზე უნდა განრისხდეს, არა სქოულიზე, არამედ ჯერ ერთი იმ საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, რომლებიც გადასახადს არ იხდიან და საერთოდ, ქვეყნის მოსახლეობაზე, რომელსაც (სომხეთისაგან განსხვავებით) არ ეყო ელემენტარული კულტურა მათ შორის, საგადამხდელო კულტურა, რაც სახელმწიფოებრივი კულტურის უმთავრესი, განუყოფელი ნაწილია და საქმე აქამდე არ უნდა მიეყვანა.
        ბოლოს და ბოლოს, რაშია დამნაშავე «თელასი»? უფრო ზუსტად კი «ეი-ი-ეს თელასი» ანუ მისი ამერიკელი მეპატრონე? იმაში, რომ ტელეანძას ელექტროენერგია გაუთიშა? მაგრამ აბა რა ქნას, თუ გადასახადს არ უხდიან?
        «ეი-ი-ეს თელასის» პრესცენტრის ცნობით, უკანასკნელ ხანს დახარჯული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. აქ ელემენტარული ფსიქოლოგიური მომენტი თამაშობს გადამწყვეტ როლს, - რასაც «ქართული თელასი» გვპატიობდა, ამერიკელი არ შეგვარჩენს და არ გვაპატიებს, ანუ ადრე თუ გვიან მაინც მოგვიწევს გადახდა – ამიტომ სჯობს ახლავე გადავიხადოთ, სანამ ერთბაშად დიდი თანხა დაგვიგროვდება; შედეგად, იცოცხლე, მოსახლეობა ისე იხდის, როგორც არასდროს – არათუ უკანასკნელი წლების, არამედ თვით «საბჭოთა პერიოდის» ჩათვლით.
        აქვე უნდა ითქვას, რომ ამერიკელი ინვესტორის შემოყვანა «თელასში» თუნდაც, მხოლოდ ამისათვის ღირდა, რათა დამოუკიდებელი ქვეყნის მოსახლეობას (რომელსაც უფასოდ არავინ აღარაფერს მისცემს) გარკვეული პასუხისმგებლობის გრძნობა გასჩენოდა.
        მაგრამ რამდენადაც გაუმჯობესდა «გადახდა» მოსახლეობისაგან, იმდენად გაუარესდა საფასურის ანაზღაურება «საბიუჯეტო ორგანიზაციების» მხრიდან.
        «თელასის» პრესცენტრის ცნობით, საბიუჯეტო ორგანიზაციათა დავალიანება უკანასკნელ თვეებში 860 ათასი ლარით გაიზარდა და, საერთოდ, ასტრონომიულ ციფრს მიაწია.
        ბუნებრივია, ასეთ პირობებში მაიკლ სქოულიმ, რომელიც საქართველოში ფულის გასაკეთებლადაა ჩამოსული და არა საქველმოქმედო საქმიანობისათვის, მკაცრი ზომების განხორციელება გადაწყვიტა.
        ისიც ბუნებრივია, რომ იგი გამორთავდა ყველაზე «ურჩ გადამხდელებს», რომელთა ხელმძღვანელები საკუთარ ბინაში დახარჯული ელექტროენერგიის საფასურს გულმოდგინედ იხდიან, მაგრამ როცა საქმე სახელმწიფო დაწესებულებას (ვთქვათ, სატელევიზიო ანძას) ეხება - თავს დიდად არ იწუხებენ და არც სხვას აწუხებენ – აბა, რატომ უნდა გაანაწყენონ ან ფინანსთა მინისტრი, ან სხვა ვინმე, რატომ აიტკივონ აუტკივარი თავი?
        ამ წმინდად საბჭოურმა ბიუროკრატიულმა ფსიქოლოგიამ გამოიწვია სწორედ ის, რაც ორშაბათს საღამოს მოხდა.
        «ეი-ი-ეს თელასმა» სატელევიზიო ანძა 14-ჯერ (!) გააფრთხილა. უკანასკნელი «უმკაცრესი და საბოლოო» გაფრთხილება მოხდა ივნისის შუა რიცხვებში. მაგრამ ანძამ მაინც არ გადაიხადა ელექტროენერგიის საფასური. მხოლოდ ამის შემდეგ, გასულ ორშაბათს, სქოულიმ ბრძანა, ანძისთვის ელექტროენერგია 20 წუთით გაეთიშათ.
        ოღონდ წინასწარ (შაბათ-კვირასა და ორშაბათს, დღის განმავლობაში) ვრცელდებოდა ინფორმაცია პრესითა და ტელევიზიით, - წინასწარ შეატყობინა მომავალი გათიშვის თაობაზე თვით ანძის ხელმძღვანელობას, სახელმწიფო მინისტრის აპარატს, «საქენერგოს» თავკაცებს, უშიშროების სამინისტროს და მხოლოდ ამის შემდეგ გამორთო ტელეანძა. ისიც, მხოლოდ ოცი წუთით.
        როგორ გგონიათ, რა მოხდა ამის შემდეგ? რა მოხდა და ტელეანძის მესვეურებმა მეორე დღესვე მიუცუნცულეს «ეი-ი-ეს» თელასს ის 20 ათასი ლარი, რომელიც ვალად ედებოდათ.
        მაშასადამე, მაიკლ სქოული აბსოლუტურად სწორად მოიქცა – თურმე, არსებობდა თანხა, რომელსაც არ იხდიდნენ. ბოლოს და ბოლოს ანძას მხოლოდ «ჯეოსელისა» და «მაგთისგან» აქვს სავსებით საკმარის შემოსავალი, ოღონდ «ძველი ინერციით» მიაჩნდათ, რომ ელექტროენერგიის საფასური ბოლოს უნდა გადაიხადო - ისიც, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სურვილი გექნება;

        მაგრამ ნურას უკაცრავად – სქოული სხვა გარემოში გაიზარდა და სხვა მენტალიტეტი აქვს. იგი ამერიკელი ბიზნესმენია და არა «საბჭოთა ბიუროკრატი».
        რასაკვირველია, «თელასის» ადრინდელი, საცოდავი ხელმძღვანელობა ვერასდროს გაბედავდა ტელეანძისთვის ელექტროენერგია გამოერთო, მაგრამ გაბედე და სქოულს უბატონოდ გაეცი ხმა: მას ზურგს არა მარტო ამერიკის საელჩო, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების მთელის სახელმწიფოებრივი ძლევამოსილება უმაგრებს.

7 დღე, 2 ივლისი, 1999 წელი

მთელ გვერდზე