თენგიზ სიგუას ადგილი მხოლოდ ისტორიაშია
       

        საქართველოს ორგზის ექსპრემიერ-მინისტრ თენგიზ სიგუას თქმით, იგი აგვისტოში მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელი პოლიტიკური პარტიიდან იყრის კენჭს პარლამენტში.
        როგორც ჩანს, «დიდ პოლიტიკაში» დაბრუნება სიგუას უკვე გადაწყვეტილი აქვს; საკითხავი მხოლოდ ის არის, რომელ პარტიას აირჩევს ასპარეზად; თუმცა იგი იმდენად დარწმუნებულია წარმატებაში, რომ ელემენტარული კითხვა არ მოსდის თავში: თვით პოლიტიკური ელიტა თუ არის მზად მის მისაღებად, ან რამდენად შესაძლებელია საერთოდ დღევანდელ ვითარებაში მისი დაბრუნება პოლიტიკურ ასპარეზზე?
        ბოლო დროს (უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში) სიგუა საერთოდ გაქრა საზოგადოების (მათ შორის, მასმედიის) თვალსაწიერიდან; ალბათ არა იმიტომ, რომ თავად არ ჰქონდა სურვილი «ზედაპირზე დარჩენილიყო» - იგი ჭეშმარიტი ქართველია, ამდენად პოლიტიკური ამბიცია, ნებისმიერ შემთხვევაში ექნებოდა, მაგრამ სიგუას უბედურება ის არის (რასაც თავად, რა თქმა უნდა, არასდროს შეურიგდება), რომ საქართველოს ისტორიაში იმ ეპოქას განასახიერებს, რომლის გახსენებაც აღარავის უნდა.
        რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ 1991-92 წლების მოვლენებში ედუარდ შევარდნაძის, თენგიზ კიტოვანის ან ჯაბა იოსელიანის ბრალეულობის შესახებ, ობიექტური დამკვირვებლისათვის ცხადია, რომ იმ დროს ცენტრალურ ფიგურას სწორედ თენგიზ სიგუა წარმოადგენდა. სწორედ ის ახდენდა იმ იდეების გენერირებას, რასაც შემდგომ თენგიზ კიტოვანი ახორციელებდა. სიგუა-კიტოვანის ტანდემი კი 1992 წლამდე გაცილებით უფრო ძლიერი გახლდათ, ვიდრე შევარდნაძე-იოსელიანისა.
        თენგიზ სიგუას «სახელისუფლო ფანატიზმი» ბევრს აღიზიანებდა - თვით ზვიად გამსახურდიას მოწინააღმდეგეთა შორისაც; მით უმეტეს, დღეს, როდესაც იმჟამინდელ მოვლენებთან დაკავშირებით «ანტიზვიადისტურ» ბანაკშიც კი აღარ არის ერთგვაროვანი განწყობა - გამორიცხულია, თენგიზ სიგუამ «ამ ინერციით» ან რაიმე «ახალი იდეებით» პოლიტიკური წონა მოიპოვოს; და, საერთოდ, დაბრუნდეს პოლიტიკაში.
        უფრო მეტიც, ყველა პოლიტიკური პარტია შეეცდება თენგიზ სიგუასთან დისტანცირებას, ვინაიდან მისი ფიგურა ამომრჩეველს მაინც შეახსენებს იმ მოვლენებს, რომელთა გახსენებაც არ უნდა - განურჩევლად იმისა, ეთანხმებოდა მათ მაშინ თუ არა;
        «ახალი პოლიტიკოსი» სიგუა ვერასგზით ვერ გახდება - იგი სამუდამოდ «მიება» და მუდმივად იქნება ასოცირებული წარსულ ეპოქასთან. ისიც საკითხავია, რომელი ნიშა არსებობს (თეორიულადაც კი) სიგუასათვის ამჟამინდელი პოლიტიკურ «კარადაში»; სიგუა ზვიად გამსახურდიას დაუპირისპირდა. ვითომდა «მემარჯვენე პოზიციებიდან» - ანტიდასავლური პოლიტიკის და «სახელმწიფო კაპიტალიზმის» გამო ეკონომიკის სფეროში - აქაოდა, რეფორმებს არ ატარებს («როცა რუსეთი ამაში ხელს სრულებითაც არ უშლის»), სახელმწიფო კაპიტალიზმს (ესე იგი განახლებულ სოციალიზმს) აშენებსო და ა.შ.
        აქედან გამომდინარე, სიგუას დღევანდელი ალიანსი აშკარად მემარცხენე ძალებთან, მაგალითად, გოგი თოფაძის «მრეწველთა პარტიასთან», - რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდს ლანძღვა-გინებით იკლებს - აშკარად აბსურდული იქნება. აბსურდული იქნება ამომრჩევლის თვალში, თორემ თვითონ ორგზის ექსპრემიერისათვის ნორმალურ და გამართლებული იქნებოდა ყველაფერი, რაც პოლიტიკაში დააბრუნებს.

        «მემარჯვენე ფლანგზე» კი ყველა ადგილი დაკავებული და უკვე განაწილებულია. «ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიასა» და მასთან გაერთიანებულ «რესპუბლიკელებთან» თენგიზ სიგუა ვეღარ მივა - არ მიიღებენ. «ედპ» - სთან მას ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა - ჯერ კიდევ გია ჭანტურიას დაპატიმრების დღიდან. ასევე შესაძლებელია (თეორიულად) მხოლოდ სახალხოელების სიით» კენჭისყრა, მაგრამ 1992-93 წლებში სწორედ «ედპ» - ს ყოფილი მმართველი გუნდი იყო ინიციატორი ორი თენგიზის - სიგუასა და კიტოვანის თანამდებობიდან გადაყენებისა.
        ნურც იმას დავივიწყებთ, რომ თენგიზ კიტოვანი უკვე თავისუფალია. სიგუა კი მის გარეშე ნაბიჯის გადადგმას ვერ გაბედავს. უაღრესად ნიშანდობლივი იყო ის ფაქტი, რომ სიგუა «მეგობარს» ციხის კარებთან არ დახვდა. აქ «რაღაცაშია საქმე» - როგორც საქართველოში იტყვიან ხოლმე; თუ «რაშია საქმე» კონკრეტულად უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ნებისმიერ შემთხვევაში, «თენგიზების ტანდემი» ქართულ პოლიტიკაში ვერ დაბრუნდება. მათი ადგილი მხოლოდ ისტორიაშია.

მერიდიანი, 12 ივლისი, 1999 წელი

მთელ გვერდზე