ისლამ ქარიმოვს საქართველოს «იქით» გზა აღარ აქვს
   

    იაპონიიდან გამომგზავრების შემდეგ, ედუარდ შევარდნაძე, როგორც ცნობილია, უზბეკეთში შეჩერდა ხანმოკლე სამუშაო ვიზიტით. სარწმუნო წყაროს ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში დაურეკა უზბეკ კოლეგას და სთხოვა «ტექნიკური შეჩერების» ნებართვა ტაშკენტში. იმავე წყაროს ცნობით, ასეთი შეჩერება (ტაშკენტში ან დელიში) აუცილებელი იყო, ვინაიდან «უკანა გზაზე» პრეზიდენტის თვითმფრინავი ქარის საპირისპიროდ მიფრინავდა და თბილისამდე საწვავი არ ეყოფოდა. ისლამ ქარიმოვმა შევარდნაძეს შესთავაზა «ტექნიკური გაჩერების» ტრანსფორმაცია სამუშაო ვიზიტში. თუმცა მთლიანობაში ეს «შეჩერება», რა თქმა უნდა, საკმაოდ მნიშვნელოვან პოლიტიკურ დემარშად იქცა - იმ მოვლენათა გათვალისწინებით, რაც უზბეკეთში თებერვლის განმავლობაში განვითარდა.
    უზბეკეთი პოსტსაბჭოური სივრცის ყველაზე სტაბილური სახელმწიფო იყო, უზბეკურმა ელიტამ შეძლო ყველა ბერკეტის შენარჩუნება. 1992 წელს კომუნისტურ პარტიას სახელი გადაარქვეს და უწოდეს «ეროვნულ-დემოკრატიული პარტია». შეინარჩუნეს ყველა მისი სტრუქტურა - რაიკომები, საოლქო კომიტეტები და ა.შ. უზბეკეთი, ერთი მხრივ, შეერთებული შტატების უმთავრეს პარტნიორად იქცა ცენტრალურ აზიაში, მეორე მხრივ კი, აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარება დაიწყო ტაჯიკეთში;
    ტაჯიკეთის საქმეებში უზბეკეთი არანაკლებ ერევა, ვიდრე რუსეთი. ავღანეთში კი ტაშკენტი უზბეკურ თემს უჭერს მხარს. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ავღანელი გენერალი, დუსტუმი «ქარიმოვის კაცია». თუმცა, «ძლიერი საგარეო პოლიტიკის» მიუხედავად, ეკონომიკური თვალსაზრისით, უზბეკეთი კვლავ საბჭოთა რესპუბლიკის დონეზე რჩება. დასავლური კაპიტალი ამ ქვეყანაშიც შედის, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ნედლეულის ასათვისებლად, - ისევე როგორც ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებში. ერთადერთი გამონაკლისია კორეული «დეუ», მაგრამ მისი მსუბუქი ავტომობილები საერთო სიტუაციას ვერ ცვლის.
    უზბეკეთს ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია, ამიტომ ბოლო დრომდე, როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის თვალსაზრისით, მთლიანად რუსეთზე იყო დამოკიდებული. ტაშკენტში განხორციელებულმა დივერსიებმა კარიმოვი საბოლოოდ დაარწმუნა, რომ რუსეთზე დამოკიდებულება «ყულფში თავის გაყოფას» ნიშნავს. ყაზახეთთან ან თურქეთთან, აგრეთვე ყირგიზეთთან კიდევ შეიძლება მოილაპარაკოს, მაგრამ რუსეთი ამ პრივილეგიას მუდამ პოლიტიკური ზეწოლისათვის იყენებს.
    ამიტომ არც უზბეკეთი ურიგდება იმას, რომ «ყველა გზა რუსეთზე გადიოდეს» - მას მხოლოდ ორი ალტერნატივა რჩება: ირანის ან სამხრეთ კავკასიის გავლით. მაგრამ ირანიც არ არის ამ თვალსაზრისით სანდო პარტნიორი. იგი არ დაუშვებს (საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე) თურქულენოვანი ხალხების, მათ შორის, უზბეკების კონსოლიდაციას.
    ამიტომ, როგორც ტაშკენტში მოლაპარაკებათა დროს გაირკვა, ირანი ყოველნაირად აფერხებს მისი ტერიტორიის ქცევას სატრანზიტო დერეფნად, რითაც ძალაუნებურად კარგ სამსახურს უწევს საქართველოს. მაგალითად, ირანის ხელისუფლება არ ასრულებს რამდენიმე წლის წინ დიდი ზარ-ზეიმით დადებულ სარაქსის ხელშეკრულებას, რომლითაც ამოქმედდა მესჰედ - სარაქსის სარკინიგზო მონაკვეთი. ამ გზით ცენტრალურ აზიას საშუალება მიეცა, რკინიგზით დაკავშირებოდა თურქეთს, მაგრამ ირანმა არ შეასრულა ხელშეკრულების უმთავრესი პირობა - შეღავათიან ტარიფებთან დაკავშირებით. ამიტომ ხელშეკრულება ფარატინა ქაღალდად იქცა. აქედან გამომდინარე, უზბეკეთისათვის ერთადერთი ალტერნატივა სამხრეთ კავკასიის მარშრუტია - აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით. უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს ხელისუფლება მართლაც ბევრს ცდილობს, ეს მარშრუტი მიმზიდველი იყოს ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის: გაუთავებლად მიდის დათმობებზე ტარიფების საკითხში (იმდენად, რომ შემოსავალი მინიმალური ხდება), აუქმებს ყოველგვარ სანიტარულ თუ სხვა სახის კონტროლს, აუმჯობესებს სარკინიგზო მომსახურებას. თუმცა, ასეთი პოლიტიკა შეიძლება გამართლებულიც იყოს იმის გათვალისწინებით, რა პერსპექტივა აქვს ამ «დერეფანს». სარკინიგზო ბორანის გახსნამ მისი შესაძლებლობები კიდევ უფრო გააფართოვა. უზბეკეთიც ყოველწლიურად ზრდის აზერბაიჯანსა და საქართველოს რკინიგზათა საშუალებით გადატანილი ნედლეულის (უმთავრესად, ბამბის) ოდენობას. ეს უზბეკეთის ძირითადი სიმდიდრეა, თუმცა ტაშკენტი ამით არ შემოიფარგლება, - საქართველოსთან ეკონომიკური პარტნიორობა სხვა მხრივაც არის მისთვის საინტერესო: 1992 წელს სავაჭრო ბრუნვა მხოლოდ 300 ათასი დოლარი იყო. 1998 წელს კი, მან 15 მილიონი დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, როგორც უზბეკეთში გამართულ მოლაპარაკებებზე გაირკვა, ტაშკენტი აპირებს აქტიურად დაუჭიროს მხარი «ტრანსკასპიური გაზსადენისა» და «ტრანსკასპიური ნავთობსადენის» იდეას.
    უზბეკეთს არა მხოლოდ ბამბა აქვს, არამედ ბუნებრივი აირიცა და ნავთობიც დიდი ოდენობით მოეპოვება. თუ ტრანსკასპიური ნავთობსადენი აშენდება, უზბეკეთი მიიღებს შესაძლებლობას, ამ «დერეფნის» მეშვეობით მსოფლიო ბაზარზე საკუთარი გაზიც გაიტანოს; სწორედ ეს ეკონომიკური დაინტერესება განაპირობებს იმ პოლიტიკურ დემარშებს, რასაც ისლამ ქარიმოვი ახორციელებს; უზბეკეთს «დასავლეთის» გარდა სხვა პარტნიორი არა ჰყავს და სწორედ ამიტომ ატარებს პროდასავლურ პოლიტიკას; ოღონდ აქ უეჭველად უნდა გავითვალისწინოთ, რომ «დასავლურ» პოლიტიკაში ჯერ თურქეთისაკენ მიმართული ვექტორი იგულისხმება. ამიტომაც სავსებით ბუნებრივია უზბეკეთის გამოსვლა «დსთ»-ს კოლექტიური უშიშროების ხელშეკრულებიდან», რაც ისლამ ქარიმოვმა ედუარდ შევარდნაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე დაადასტურა.
    დასავლური (თურქული და ევროპული) ორიენტაცია უეჭველად გულისხმობს რუსეთთან გამიჯვნას. მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც რუსეთი, ყველა თვალსაზრისით, წარსულისაკენ შეტრიალდა. ისლამ ქარიმოვმა ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრის შემდეგ დაადასტურა: უზბეკეთი აღარ გააგრძელებს დსთ-ს სამხედრო ხელშეკრულებაში წევრობას, ვინაიდან, საერთოდ დაუშვებლად მიაჩნია პოსტსაბჭოურ სივრცეზე სამხედრო-პოლიტიკური ბლოკების შექმნა. საქართველოს პოზიცია კი ამ თვალსაზრისით უფრო მოქნილია და კომპრომისული: ედუარდ შევარდნაძის თქმით, დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში წევრობას იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ ეს ხელშეკრულება შეესაბამება ამჟამად არსებულ ვითარებას და ხელს შეუწყობს აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტას.
    რასაკვირველია, შევარდნაძეს ესმის, რომ ეს არარეალური ხელშეკრულება ვერავითარ ზეგავლენას ვერ მოახდენს აფხაზეთში არსებულ სიტუაციაზე. ამიტომ, როგორც საქართველო, აგრეთვე უზბეკეთი, მოლდოვა და აზერბაიჯანი ამ ხელშეკრულებიდან უეჭველად გამოვლენ. ტაშკენტის შეხვედრები ერთობლივი პოზიციის დაფიქსირებაც იყო ტერორიზმის საწინააღმდეგოდ. უზბეკეთის პრეზიდენტს ეტყობოდა, რომ მიხვდა, რა შეცდომა დაუშვა, როდესაც აქტიურად არ გამოეხმაურა საქართველოში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს.
    ტაშკენტის აფეთქებები, რასაკვირველია, იმავე ცენტრიდან იმართება, თუმცა ისლამ ქარიმოვი ერიდება «მოსკოვის» პირდაპირ მხილებას. სამაგიეროდ, მას მკვეთრად გამოხატული პოზიცია აქვს აფხაზეთთან დაკავშირებით, კატეგორიულად ეწინააღმდეგება სეპარატიზმს და ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს წინადადებებს. მიზეზი აქაც გასაგებია და ადვილად ასახსნელი - იგი ინტერესთა თანხვედრას ეფუძნება: უზბეკეთს თავად აქვს ძალიან ძლიერი «შეყოვნებული მოქმედების ნაღმი» ყარაყალპაკეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ამ ნაღმის აფეთქებას კრემლი, ალბათ, იმ შემთხვევისთვის ინახავს, თუ უზბეკეთში არეულობისა და ომის პროვოცირებისათვის სხვა საშუალება აღარ დარჩა.

მერიდიანი, 12 მარტი, 1999 წელი

მთელ გვერდზე