ედუარდ შევარდნაძემ გაეროში გამოსვლისას მომავალი საპრეზიდენტო პროგრამა ჩამოაყალიბა

        ედუარდ შევარდნაძის ამჟამინდელი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ოკეანისგაღმა წინა სტუმრობებისაგან თუნდაც იმით განსხვავდებოდა, რომ ამჯერად პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.
        ამ უფლებით ედუარდ შევარდნაძეს 1992 წლის სექტემბრის შემდეგ არ უსარგებლია. მაშინ საქართველოში სხვა ეპოქა იყო – აფხაზეთში ომი მძვინვარებდა, სამოქალაქო ომის ცეცხლი გიზგიზებდა სამეგრელოსა და კახეთშიც (ყვარლის ინციდენტი ერთეული შემთხვევა როდი იყო), ქვეყანა ჩაიძირა სრულ ქაოსსა და კრიმინალურ ანარქიაში.
        ედუარდ შევარდნაძის იმდროინდელი გამოსვლა გულისხმობდა ქაოსიდან ქვეყნის გამოთრევის გარკვეულ პროგრამას. აფხაზეთზე მაშინაც ითქვა ყველაზე მთავარი: ეს არის აგრესიული სეპარატიზმი, რომელიც იმართება ქვეყნის გარედან; მაშინ (ვიმეორებ) სხვა ეპოქა იყო – არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რუსეთშიც, ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეზე და მთელ მსოფლიოშიც.
        შევარდნაძის გამოსვლა (7 წლის შემდეგ) გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან უეჭველად ემთხვევა ახალი ერის დასაწყისს ყველა ზემოჩამოთვლილ გეოპოლიტიკურ სუბიექტსა და მთელ მსოფლიოში.
        დღეს სიტუაცია «ის აღარ არის, რაც იყო მაშინ» - შეიცვალა მსოფლიო, კიდევ უფრო გაძლიერდა გეოპოლიტიკურად ამერიკის შეერთებული შტატები, დასავლეთმა გაანადგურა ფაშისტური იუგოსლავია, გრძელდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების, ანუ ბლოკში ახალი წევრების მიღების პროცესი და ა.შ.
        ბუნებრივია, შევარდნაძის სიტყვა ახალ რეალიებს ითვალისწინებდა, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი დამსახურება საკმაოდ რაფინირებულად, ზომიერად, თუმცა მტკიცედ და პრინციპულად შეახსენა მსოფლიოს მაღალი ტრიბუნიდან.
        ფსიქოლოგიურად საკმაოდ ზუსტად იყო გათვლილი სამძიმარი მიხეილ გორბაჩოვისადმი მეუღლის გარდაცვალების გამო. შევარდნაძემ ისაუბრა «პერესტროიკის» შესახებ და დამსწრე სახელმწიფო მეთაურებს მიანიშნა: რომ არა გორბაჩოვი, შევარდნაძე და «პერესტროიკა», ანუ საბჭოთა ტოტალიტარული იმპერიის რღვევის პროცესი, ბევრი თქვენგანი აქ საერთოდ არ იქნებოდაო.
        პირდაპირ ამას ვერ იტყოდა, მაგრამ გადაკვრით მაინც თქვა და შეუძლებელია, ამაში შევარდნაძეს არ დაეთანხმო. მსოფლიო პოლიტიკური ელიტა იმდენად ეგოისტური და მფრთხალია, რომ ზოგჯერ სათქმელი (უხეშად, თუმცა რაფინირებული ფორმით) პირში თუ არ მიახალე, აინუშშიც არ ჩაგაგდებს: ეგღა აკლია, აფხაზეთისათვის შეიწუხოს თავი.
        შევარდნაძის გამოსვლაში ისიც იგრძნობოდა, რომ საქართველო ახალი ეპოქის პირველ ეტაპზე, როდესაც ამერიკა პლანეტის ერთადერთი ზესახელმწიფო გახდა და, რაც მთავარია, ამ პოლიტიკურ რეალობას პრაქტიკაშიც ახორციელებს – არ აპირებს შეურიგდეს «თამაშის» ჩამყაყებულ წესებს.
        ბუნებრივია, გაეროში ჩვენი პრობლემების დასმას, ერთი კუთხით, აზრი არა აქვს, ეს ორგანიზაცია არაფრის მაქნისი არ არის რეალურად. სამაგიეროდ, გაეროს ტრიბუნიდან ნათქვამს სულ სხვაგვარად აღიქვამენ იმ სახელმწიფოებში, რომლებიც ამა თუ იმ რეგიონში გავლენის მოსაპოვებლად ერთმანეთს ებრძვიან.
        შევარდნაძემ საკმაოდ ოსტატურად გამიჯნა ერთმანეთისაგან «ინტერესთა სფერო» - «გავლენის სფეროსგან». მისი თქმით, «გავლენის სფერო» წარსულის გადმონაშთია, ხოლო «ინტერესთა სფეროები» კვლავაც უნდა არსებობდეს.
        სქოლასტიკურად თუ ვიმსჯელებთ, პრინციპში, ინტერესთა და გავლენის სფეროები ერთი და იგივეა (არ არსებობს დღეს გავლენის სფერო პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების ერთგვარი დამთხვევის გარეშე), მაგრამ შევარდნაძეს, როგორც ჩანს, ამით სურდა კვლავ მკაფიოდ განეცხადებინა, რომ საქართველო მზად არის გაითვალისწინოს იმ დიდ სახელმწიფოთა (სახელმწიფოს) ინტერესები, თუ ისინი ჩვენს ეროვნულ ინტერესებს დაემთხვევა.
        რა თქმა უნდა, დღეს მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფო, რომელსაც ძალუძს სამხრეთ კავკასიაში შემოსვლა, მიუხედავად რუსეთის გააფთრებული წინააღმდეგობისა, ამერიკის შეერთებული შტატებია.
        შემთხვევითი არ იყო, რომ სწორედ გაეროში გამოსვლამდე საქართველოს პრეზიდენტი სასტუმრო «ჰელმსლიში» შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მადლენ ოლბრაიტი, ბოლო დრომდე, თავს არიდებდა კავკასიის სახელმწიფოების ლიდერებთან ცალ-ცალკე შეხვედრას, მაგრამ გარღვევა მოხდა სუფსის ნავთობსადენის ამოქმედებისთანავე.
        შევარდნაძემ შეძლო დაერწმუნებინა ოლბრაიტი, რომ აშშ-ს დღეს აქვს შანსი სახელმწიფოებრივად დამკვიდრდეს კასპიის ზღვის აუზში, მაგრამ საამისოდ აუცილებელია საქართველოსა და აზერბაიჯანთან დაახლოება, მათთვის საჭირბოროტო პრობლემების გადაწყვეტა, კაპიტალის ინვესტირება და ა.შ.
        ეს სულაც არ ნიშნავს სომხეთის გარიყვას. ამერიკელები (სომხური დიასპორის შიშით), მით უმეტეს, საარჩევნო კამპანიის დროს, ტრადიციულად აღიქვამენ ყველაფერს, რაც სომხებს შეეხება. უფრო ზუსტად, ამას სომხები აღიქვამენ მტკივნეულად და აიძულებენ ამერიკულ ისტებლიშმენტს, გაითვალისწინოს მათი ინტერესები; ამიტომ ოლბრაიტი აღფრთოვანებით შეხვდა შევარდნაძის წინადადებას თბილისში ჯერ პრემიერ-მინისტრების, შემდეგ კი სამხრეთ კავკასიის სამივე სახელმწიფოს პრეზიდენტთა შეხვედრის თაობაზე.
        გამორიცხული არ არის, შევარდნაძე-ქოჩარიან-ალიევის სამიტს თბილისში თვით ქალბატონი სახელმწიფო მდივანი, ანუ «რკინის მადლენიც» დაესწროს, რაც ქართული დიპლომატიის გამარჯვება იქნება და ზატულინ-მიგრანიანებს კიდევ უფრო გაუცრუებს იმედს.
        ეს პრობლემატიკა განიხილება სექტემბრის ბოლოს სომხეთში ედუარდ შევარდნაძის ოფიციალური ვიზიტის დროს – ჰეიდარ ალიევისაგან პრინციპული თანხმობა უკვე მიღებულია.
        სამშაბათს, საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა ნიუ-იორკის ყველაზე გავლენიანი ფინანსური დაჯგუფების, «სიტი-გრუპის» ხელმძღვანელებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში კაპიტალის ინვესტირებით.
        ამ სტრიქონების ავტორმა ვერაფრით მოახერხა დაეზუსტებინა, რა საკითხებს ეხებოდა შევარდნაძის საიდუმლო შეხვედრა ცნობილ ფინანსისტ ჯორჯ სოროსთან. სარწმუნო წყაროს ცნობის თანახმად, სოროსმა თვითონ მოინდომა შევარდნაძესთან საუბარი, თუმცა ამ საუბრის თემატიკა ჯერჯერობით უცნობია. ჯორჯ სოროსი დასავლური ფინანსური სამყაროს «რუხი კარდინალია» - ფაქტობრივად, იგი ყოვლისშემძლეა.
        მას შეუძლია მართოს სიტუაცია მთელ მსოფლიოში ფინანსური ბერკეტის გამოყენებით.
        ბოროტი ენები ამტკიცებენ, რომ შარშან, აზიაში განვითარებული ფინანსური კრიზისი, რომელმაც შემდგომ გლობალური ფინანსური კოლაფსის ტალღა ააგორა, სწორედ იმის შედეგი იყო, რომ ამ რეგიონის ქვეყნებმა სოროსის რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს.
        საქართველოს არ აღმოაჩნდა მაშინ ორგანო, რომელიც შეიძლებოდა «ატკივებოდა», ანუ არ აღმოაჩნდა ფასიანი ქაღალდების ბაზარი; მაგრამ ასეა თუ ისე, საქართველო იმ ქვეყანათა მცირერიცხოვან რიგს განეკუთვნება, რომელთაც აქვთ საბაზრო ეკონომიკა, მაგრამ კრიზისის მიუხედავად მონეტარული სისტემა შეინარჩუნეს.
        სწორედ ეს განაპირობებს სოროსის ინტერესს. არავის ეგონოს, თითქოს ჯორჯ სოროსი საქართველოსადმი ინტერესს არ გამოამჟღავნებს, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა მეტისმეტად პატარაა. თანამედროვე მსოფლიოში მძლავრი ფინანსური პროცესების პროვოცირებისათვის ერთი განცხადებაც საკმარისია, არათუ რომელიმე სახელმწიფოში განხორციელებულიო წარმატებული საფინანსო ოპერაცია.
        ჯერჯერობით უცნობია, რას სთავაზობს სოროსი შევარდნაძეს, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტი მის წინადადებას მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ჩვენი ქვეყნისათვის ხელსაყრელი იქნება და მას უეჭველად მოგებას მოუტანს.
        საარჩევნო წელს ექსპერიმენტებისათვის სოროსს შეიძლება, კიდეც ეცალოს, მაგრამ შევარდნაძე საკმარისად ფრთხილი პოლიტიკოსია, რათა შეცდომა არ დაუშვას.
        დღეს საღამოს საქართველოს დელეგაცია გაემგზავრება ვაშინგტონში, სადაც დაგეგმილია ედუარდ შევარდნაძის შეხვედრა ბილ და (რაც ნიშანდობლივია) ჰილარი კლინტონებთან. ვაშინგტონში ედუარდ შევარდნაძეს გადასცემენ პრემიას დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის.
        ედუარდ შევარდნაძე, რა თქმა უნდა, მხარდაჭერას ელის ამერიკისაგან და, როგორც ჩანს, რეალურად მიღებს კიდეც მას – მით უმეტეს, რომ გაეროში გამოსვლისას მის მიერ ჩამოყალიბებული პროგრამა (იგი ყველამ მოისმინა და ამიტომ განმეორებას აზრი არა აქვს) სავსებით შეესაბამება აშშ-ს ინტერესებს.
        სამხრეთ კავკასიაში ამერიკის შემოსვლა უკვე შეუქცევადი პროცესია. რუსეთი მას ვეღარ შეაჩერებს. საუბარია უკვე ტემპებსა და ვადებზე, არადა, პირადად ედუარდ შევარდნაძე კვლავ რჩება თეთრი სახლისათვის ერთადერთ მისაღებ ფიგურად.

მერიდიანი, 22 სექტემბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე