ვის გულისხმობდა ედუარდ შევარდნაძე?
   

    მთავრობის გასულ სხდომაზე პრეზიდენტმა ერთი ისეთი ფრაზა თქვა, რომელიც უეჭველად იქცევა ხანგრძლივი ანალიზისა და მსჯელობის საგნად.
    თავდაპირველად, თითქოს განსაკუთრებულს არაფერი მოასწავებდა - განიხილეს კანონპროექტი «დიპლომატიური სამსახურის» შესახებ, რასაც გარეგნულად ზრდილობიანი, შენიღბული შეხლა-შემოხლა მოჰყვა საგარეო საქმეთა მინისტრს ირაკლი მენაღარიშვილსა და მის ყოფილ თანამშრომელს ვაჟა ლორთქიფანიძეს შორის.
    პრეს-ცენტრის ცნობით, იმსჯელეს აგრეთვე ყალბი ვალუტის გავრცელების შესახებ. მწვავე დისკუსია მოჰყვა სხდომაზე «ლიცენზირების» კანონპროექტის გამოტანას. უწყებათა ხელმძღვანელებს პრივილეგია და ზემოქმედების ბერკეტი, რა თქმა უნდა, არ ეთმობოდათ.
    განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბაკურ გულუას გამოსვლა, რომელიც (მისთვის ჩვეული მჭერმეტყველებით) ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ფალსიფიცირებული და უხარისხო პროდუქციის გამოშვება (რასაც ადამიანთა მსხვერპლიც კი მოჰყვა) 1992 წლიდან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის დაფუძნებასა და ლიცენზირების აკრძალვის შედეგია, თორემ საკმარისია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლიცენზირების უფლება დაუბრუნდეს (არა სერტიფიცირების, არამედ სწორედ ლიცენზირების) და «მომწამლავი» პროდუქტიც მოისპობა.
    თუმცა ბრეჟნევის ეპოქის შვილებს კარგად გვახსოვს: იმ დროს, კომუნისტური «სუპერკონტროლის» პირობებშიც კი საქართველოს წვენების ქარხნები ისეთ პროდუქციას უშვებდნენ, რომ «რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის» ერთ-ერთ ოლქში ხალხი ბუზებივით დაიხოცა.
    მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა. ამჯერად საინტერესოა მთავრობის სხდომის ფინალი: დასკვნით სიტყვაში, მას შემდეგ, რაც ბაკურ გულუას მადლობა გადაუხადა «საინტერესო გამოსვლისა და წინადადებებისათვის», ედუარდ შევარდნაძემ ყველასათვის მოულოდნელად დასძინა: «საქართველოში იწყება საარჩევნო კამპანია, ზოგიერთი სახელმწიფო მოხელე კი, საქმეს აღარ აკეთებს... უფრო ზუსტად, პოლიტიკაც საქმეა, მაგრამ თანამდებობრივი უფლებამოსილების შესრულებას თავი ანება და გადავიდა საკუთარი საქმის კეთებაზე» ანუ პოლიტიკურ მოღვაწეობას, შესაბამის აქციებსა და პროპაგანდა-აგიტაციას მიჰყო ხელი;
    ეს ერთი ფრაზა იმდენ ქვეტექსტს შეიცავდა, რომ კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რამდენად ცდებიან ისინი, ვინც ფიქრობს, თითქოს «შევარდნაძე მოხუცდა», - ნეტარ არიან მორწმუნენი. უფრო ზუსტად, ნეტარ კი არ არიან, ადუღებულ კუპრში იხარშებიან - როგორც თავად პრეზიდენტს უყვარს ხოლმე თქმა.
    შევარდნაძეს არ უთქვამს «მინისტრი» - მან თქვა: «სახელმწიფო მოხელე» ასეც შეიძლება გაიგო და ისეც; ვისაც არ მოსწონს, ნუ მიიღებს საკუთარ თავზე, რადგან, არიან მინისტრები, რომელთაც «პოლიტიკურ მოღვაწეობას» ბრალად ვერ დასდებ - პოლიტიკა საერთოდ არ აინტერესებთ.
    ხშირ შემთხვევაში, უფრო სხვა რამით არიან «გატაცებულნი», მაგრამ დღევანდელ სახელისუფლო ოლიმპზე ისეთებიც მოიძევებიან, ვისაც სავსებით შეესაბამება პრეზიდენტის ქარაგმა.
    პოლიტიკური მოღვაწეობა საქართველოში აკრძალული არ არის, - კანონით იგი არც მინისტრებს ეკრძალებათ და არც პრეზიდენტის თანაშემწეებს. მაგრამ არსებობს დაუწერელი კანონი, რომელსაც ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ხელისუფალი ქმნის.
    ედუარდ შევარდნაძემ ზემოთმოყვანილი ფრაზით საკმაოდ ნათლად აგრძნობინა ყველას, რომ საკუთარ გუნდში «სხვა პოლიტიკურ მოედანზე» თამაშს ვერ აიტანს.
    თუ მაინცდამაინც შეგიძლია მმართველი პარტიის მოედანზე ითამაშო, რომლის თავმჯდომარე თვით პრეზიდენტია, მაგრამ «სახელმწიფო მოხელე» იყო, თანაც, მაღალი რანგის და იმავდროულად ოპოზიციურ (ან ნებისმიერ სხვა) პარტიას ლიდერობდე - ნურას უკაცრავად.
    შევარდნაძე ამ შემთხვევაში ხელმძღვანელობდა საკმაოდ მარტივი ლოგიკით: ყველაზე საშიში ხელისუფლებისათვის განხეთქილება ან თუნდაც არაკონსოლიდირებულობაა. ფრაქციები შეიძლება არსებობდეს პარტიაში, მაგრამ დაუშვებელია ფრაქციების არსებობა საკუთრივ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, როდესაც ამას ხელისუფლებათა განაწილების არსებული პრინციპი, «შეკავება-შეწონასწორების» კონსტიტუციური მექანიზმი არ ითვალისწინებს.
    ბაკურ გულუა თავად იყო კონსტიტუციის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი; ამდენად, შესანიშნავად უწყის, რომ ამერიკული მოდელის შესაბამისად, სრული აბსურდია პრეზიდენტი დემოკრატი იყოს, ხოლო რომელიმე მინისტრი - რესპუბლიკურ პარტიას წარმოადგენდეს. ამერიკულ მოდელში მინისტრები იგივე პრეზიდენტის აპარატის წევრები არიან. აქედან გამომდინარე, დამოუკიდებელი პოლიტიკური მოღვაწეობა მათი მხრიდან გამორიცხულია.
    მმართველ (პრეზიდენტის) პარტიას - კი ბატონო, რამდენიც გნებავს დაუჭირე მხარი ან გადადექი თანამდებობიდან, შექმენი საკუთარი პარტია და გულარხეინად გაუტიე საარჩევნო მარათონის გზაზე.
    ედუარდ შევარდნაძეს, როგორც ჩანს, კონკრეტულ მინისტრთა ან სხვა მოღვაწეთა საქციელი იმდენად არ აღელვებს, რამდენადაც თვით პრინციპის დაცვა სურს - პრინციპისა, რომელიც «ამერიკული მოდელის» პირობებში (სხვათა შორის, ეს მოდელი საქართველოს რეალობას, ასე თუ ისე, მოერგო) სახელისუფლებო სისტემის ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.
    თემურ ბასილია დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი მას არ გულისხმობდა. რა უდევს ამ რწმენას საფუძვლად? უეჭველად ის, რომ თანაშემწემ, სუბორდინაციისა და ელემენტარული ზრდილობის წესთა სრული დაცვით, წინასწარ შეატყობინა პრეზიდენტს თავისი გეგმის შესახებ, - სათავეში ჩადგომოდა პოლიტიკურ ორგანიზაციას.
    მაგრამ უდიდესი გულუბრყვილობაა იმის ფიქრი, თითქოს რაკი პრეზიდენტმა განზრახვა არ დაუშალა და უარყოფითი დამოკიდებულება მაშინვე არ გამოამჟღავნა, ამით თავისი კეთილგანწყობა გამოხატა. ასეთი «ტლანქი» მიდგომა შევარდნაძეს საერთოდ არ სჩვევია, ვინაიდან სრულყოფილად ფლობს ხელისუფლებისა და ძალაუფლების ტექნოლოგიას.
    ეს ტექნოლოგია კი გამორიცხავს სიხისტეს (მით უმეტეს - ასეთ შემთხვევაში).
    კიდევ უფრო თვალსაჩინოა ბაკურ გულუას ფიგურა.
    სოფლის მეურნეობის მინისტრი, აგერ უკვე ორი წელია, კეთილშობილ საქმეს მისდევს: ცდილობს შეარიგოს «ზვიადისტები» - «ანტიზვიადისტებთან». ეროვნული დარბაზის შეკრებები მართლაც ძალზე საინტერესოდ მიმდინარეობს, მაგრამ რეალურ პოლიტიკასთან ამას საერთო არაფერი აქვს.
    «ზვიადიზმის» პრობლემა საქართველოში თანდათან დაიწრიტა. სხვა ნებისმიერი (მათ შორის- «ტრაიბალისტური» წყენის) მოტივაცია კი გულუას ნამდვილად არ შეიძლება ჰქონდეს, - იგი თხემით ტერფამდე ქართველი პოლიტიკოსია.
    აქედან გამომდინარე, «ეროვნული დარბაზის» შეკრებები ერთი მხრივ, არანაირ «შერიგებას» არ გამოიწვევს (ვინც შესარიგებელი ან გასარიგებელი იყო კარგა ხანია გარიგდა და შერიგდა კიდეც), მაგრამ შესანიშნავი წინასაარჩევნო აქციაა.
    ყველა პოლიტიკოსი გამოიყენებდა ამ შესაძლებლობას; თუმცა, თუ ასე გაგრძელდა, შევარდნაძეც უეჭველად (როგორც ადრე ამბობდნენ და ახლაც ამბობენ ხანდახან) «მიიღებს ზომებს», რათა ნებისმიერი «სხვა» პარტიის წარმომადგენელი სახელისუფლო ქარიზმით არ აღჭურვოს.

მერიდიანი, 12 თებერვალი, 1999 წელი

მთელ გვერდზე