შევარდნაძე ტაშკენტში «ტერორისტული» გამოცდილების გასაზიარებლად ჩავა

        გუშინ საქართველოს პრეზიდენტი იაპონიას გაემგზავრა ოფიციალური ვიზიტით, საიდანაც იგი კვირას გამოფრინდება და ერთი დღით შეჩერდება ტაშკენტში. ედუარდ შევარდნაძე ისლამ კარიმოვმა პირადად მიიწვია, რათა «გაისაუბრონ» დსთ-ს მომავალსა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე;
        თუმცა, იმთავითვე ცხადია, რომ ამ შეხვედრის უმთავრეს ინტრიგას რამდენიმე ხნის წინ ტაშკენტში განხორციელებული ტერაქტები ქმნის. საქართველოს პრეზიდენტს ამ თვალსაზრისით «დიდი გამოცდილება» აქვს. ეს გამოცდილება კარიმოვისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. ედუარდ შევარდნაძისთვის კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ იგი აღარ არის დსთ-ს ერთადერთი ლიდერი, ვის წინააღმდეგაც ტერაქტები ხორციელდება «დღისით-მზისით» (ან «ღამით-მთვარით») დედაქალაქის ცენტრში.
        ბოლო დრომდე, საქართველოს პრეზიდენტი ამ თვალსაზრისით ეულად გრძნობდა თავს, რუსი პოლიტოლოგები კი შხამიანად ქირქილებდნენ.
        იგივე პოლიტოლოგები ამჟამადაც ცდილობენ აბსურდული ვერსიის გავრცელებას, თითქოს კარიმოვმა («შევარდნაძის მსგავსად») თვითონ მოაწყო ტერორისტული აქტი, თვითონ აიფეთქა თავი, რათა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს გასწორებოდა. თუმცა, უზბეკეთის მიმართ ამგვარი, აშკარად ყალბი და ცრუპენტელური სტერეოტიპი არ ჭრის. იგი ვერ მკვიდრდება, ვინაიდან ჩვენგან განსხვავებით, უზბეკებმა ისე არ გაიტეხეს სახელი, ამგვარი აშკარა სიყალბე ვინმემ დაიჯეროს.
        არც ტაშკენტში, არც თბილისში და არც კაცმა რომ თქვას, მოსკოვში, იოტისოდენა ეჭვი არავის ეპარება, რომ ტერაქტები რუსეთის სპეცსამსახურთა მოწყობილია, თანაც, რუსეთმა კვლავ მიმართა ნაცად ხერხს: შინაგან საქმეთა მინისტრმა წინასწარ «გააფრთხილა» უზბეკი კოლეგები, რომ მათ პრეზიდენტზე თავდასხმა მზადდებოდა, ოღონდ კონკრეტულად არაფერი უთქვამს. ასევე «გააფრთხილა» ანატოლი კულიკოვმა - კახა თარგამაძე ბაქოში, თებერვლის ტერორისტულ აქტამდე რამდენიმე ხნით ადრე.
        კიდევ უფრო საინტერესოა, თუ ვისი ხელით განხორციელდა ტერაქტი უზბეკეთის დედაქალაქში. პოლიციამ დააკავა 15-მდე ეჭვმიტანილი. ორგანიზატორები და «მთავარი შემსრულებლები» მიიმალნენ. სენსაციური ფაქტია, რომ დაკავებულთა შორის არიან ჩეჩნები, ხოლო ტერორისტებმა პირველსავე დაკითხვისას დაასახელეს ადგილები ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ანუ ბაზები, სადაც გადიოდნენ მომზადებას.
        მაშასადამე, ისევ «ჩეჩნური კვალი»; როგორც 9 თებერვლის ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით!
        საქართველოს პრეზიდენტზე თავდასხმაში ეჭვმიტანილთა დაკითხვის შედეგად გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკა - იჩქერიის ტერიტორიაზე არსებობს რამდენიმე სამხედრო ბანაკი, სადაც ამზადებენ ტერორისტებს;
        თანაც, ტერორისტებს არა მხოლოდ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებიდან, არამედ ახლო აღმოსავლეთიდანაც. იგულისხმებიან ე.წ. «ვაჰაბელები», აგრეთვე ტერორისტული ორგანიზაციების «ჰეზბოლლასა» და «ისლამური ჯიჰადის» ფანატიკოსი მებრძოლები.
        აქვე უნდა ვიკითხოთ, - საინტერესოა, რა უნდოდათ ამ კამპანიაში «ზვიდისტებს» - ეგებ ისლამიც მიეღოთ «კანონიერი ხელისუფლების აღსადგენად?» ყველაფრის აბსურდამდე და იდიოტიზმამდე მიყვანაში ქართველები დიდოსტატები ვართ.
        სწორედ ვაჰაბიტებთან, ჰეზბოლა-ჯიჰადის ტერორისტებთან ერთად გადიოდნენ მომზადებას გოჩა ესებუასა და მისი «რაზმის» წევრები. უეჭველია, ეს ყოველივე შესანიშნავად უწყოდა და უწყის ჩეჩნეთის ხელმძღვანელობამ. უეჭველია აგრეთვე, რომ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ტერორისტების მომზადებითა და ტერაქტის განხორციელებით ასლან მასხადოვი ცდილობდა მოეხდინა «კავკასიაში რუსეთისა და ჩეჩნეთის ინტერესთა თანხვედრის დემონსტრირება».
        მას არაერთგზის უთქვამს, რომ თუ რუსეთი ცნობს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას, მაშინ იჩქერია «დაიცავს კავკასიაში არა მხოლოდ საკუთარ, არამედ რუსეთის ინტერესებსაც, ხოლო რუსეთი და ჩეჩნეთი შეიძლება სტრატეგიული მოკავშირეები გახდნენ».
        9 თებერვლის ტერაქტის შემდეგ ჩეჩენთა მთავარმა იდეოლოგმა, მოვლადი უდუგოვმა ღიად თქვა კიდეც, «9 თებერვლის ოპერაცია განხორციელდა რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან ერთად».
        ოღონდ ეს ფრაზა ისე ეშმაკურად იყო ფორმულირებული, რომ საქართველოში მკითხველს დარჩებოდა შთაბეჭდილება რუსეთისადმი ბრალდებისა, ხოლო რუსეთში, - ერთობლივი ქმედებების აღიარებისა «საძულველი შევარდნაძის» წინააღმდეგ.
        ასე უნდა ყოფილიყო, ვინაიდან ამ ფრაზას არავითარი შეფასება არ მოჰყოლია: «...რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან ერთად» - მორჩა და გათავდა.
        როგორც ჩანს, ჩეჩნეთის ლიდერებმა ეს არ იკმარეს და ახლა უკვე უზბეკეთში სცადეს იგივე მეთოდით რუსეთისთვის «ინტერესთა თანხვედრის დემონსტრირება».
        ცენტრალურ აზიაში უზბეკეთი რუსეთისთვის დღეს ისეთივე მოწინააღმდეგეა, როგორც საქართველო - კავკასიაში; უზბეკეთი ატარებს მკვეთრად გამოხატულ პროდასავლურ პოლიტიკას, ხელს უშლის რუსეთის გავლენის ზრდას ცენტრალურ აზიაში, ეწინააღმდეგება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შემდგომ ინტეგრაციას და აცხადებს «კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციიდან» გამოსვლის შესახებ.
        აქედან გამომდინარე, «იჩქერიის» ლიდერებმა სწორედ უზბეკეთი აირჩიეს მორიგ «პოლიგონად», რათა რუსეთისათვის «ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე ერთობლივი მოქმედების სარგებლიანობა დაედასტურებინათ».
        ოღონდ, ისევ და ისევ იმ პირობით, თუ რუსეთი ცნობს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას.
        გავიხსენოთ, რომ იჩქერიის ლიდერებს არაერთგზის გაუკეთებიათ ანტიამერიკული განცხადებები: «ამერიკა რუსეთზე საშიშია» და ა.შ.
        უზბეკეთის პრეზიდენტზე თავდასხმაში მონაწილე პირთა ჩვენების გამოქვეყნების შემდეგ, უზბეკეთის პრეზიდენტმა «საპროტესტო განცხადება» გააკეთა; ოღონდ ცალყბად. შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ ტერორისტები ნამდვილად ჩეჩნეთში გადიოდნენ მომზადებას. ეს უკვე დადასტურებული ფაქტია. უზბეკებს იგი არ დაესიზმრებოდათ, მით უმეტეს ერთმორწმუნე ჩეჩნებთან გასაყოფი არაფერი აქვთ. აი, ჩეჩნეთის ამჟამინდელი ლიდერები კი ნამდვილად რუსეთის სპეცსამსახურთა მარიონეტ-სატრაპებად იქცნენ. მსგავსი ფაქტი არ ახსოვს კაცობრიობის ისტორიას: ოთხასი წელი იომეს რუსეთის წინააღმდეგ, რათა შემდგომ მისი მარიონეტი გამხდარიყვნენ! - «ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე»,
        ახლა პროვოკაციებით ჩეჩნები მხოლოდ იმას მიიღებენ, რომ მათ საბოლოოდ შეაქცევს ზურგს ყველა, - რუსეთის ახალი აგრესიის შემთხვევაში, საპროტესტოდ ხმის ამომღები აღარავინ იქნება.
        არც არიან ღირსნი. წარმოუდგენელია, მასხადოვს სურდეს ზემოთ ხსენებული ტერორისტული ბაზების მოსპობა და ეს ვერ შეძლოს, - მაშასადამე, ეს სწორედ მისი პოლიტიკაა; საქართველოსა და უზბეკეთის შემდეგ აზერბაიჯანის ჯერი დადგება. იმ აზერბაიჯანისა, რომელმაც ომის დროს ათასობით დევნილი შეიფარა ჩეჩნეთიდან. ასეთია, როგორც ჩანს, ჩეჩნური «მადლიერება».
        საქართველოში ალბათ მხოლოდ «საბრალო ზვიადისტებს» შეიძლება სჯეროდეთ ე.წ. «კავკასიური სახლისა», რომლის მშენებლობაში ჩეჩნებს განსაკუთრებით დიდ როლს აკუთვნებდნენ.
        სინამდვილეში, ჩეჩნეთის სახით, როგორც საქართველოსა და უზბეკეთის მოვლენები გვიჩვენებს, რუსეთმა კიდევ ერთი სატელიტი შეიძინა, რომელსაც» გადამცემი» რგოლის ფუნქცია ენიჭება ისევე, როგორც ბელორუსეთს.
        რუსები არ მიაწვდიან იარაღს ჩეჩნებს, - ამას ლუკაშენკო გააკეთებს. რუსები არ მოაწყობენ აფეთქებებსა და ტერაქტებს თბილისში ან ტაშკენტში; საამისოდ მათ ჩეჩნები ჰყავთ.

7 დღე, 5 მარტი, 1999 წელი

მთელ გვერდზე