სერ ჰარი ჯონსონ - ორიენტირები გარკვეულია

        ბოლო დროს განვითარებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენები აშკარად მეტყველებს, რომ რაც დრო გადის, კავკასიის ქვეყნები, განსაკუთრებით საქართველო, მით უფრო მეტად ექცევა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინტერესების სფეროში.
        ამას ადასტურებს არა მარტო საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ეკონომიკური პროექტების რეალურად განხორციელება, არამედ ის თანამშრომლობაც, რომელიც საბჭოეთის დანგრევის შემდეგ აღმოცენებული ახალი დამოუკიდებელი ქვეყნების უსაფრთხოების სისტემის შექმნას ითვალისწინებს.
        მართალია პოლიტიკოსები ამა თუ იმ ეკონომიკური თანამშრომლობის პოლიტიკურ დატვირთვაზე საუბარს ერიდებიან, მაგრამ დიპლომატთა ეს თავშეკავება პოლიტიკურ ქვეტექსტებს, რა თქმა უნდა, სულაც არ გამორიცხავს.
        მსგავსი თავდაჭერილობა, უბრალოდ, გარკვეულ გართულებებზე თავის არიდებას ემსახურება, თორემ რაც არ უნდა უარვყოთ ეკონომიკური პროექტების პოლიტიკური მნიშვნელობა, იგი მაინც იმთავითვე შეიცავს გარკვეულ პოლიტიკურ საზრისს.
        მეტიც, კავკასიისა და დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკური ინტერესების სულ უფრო მეტად დაახლოებამ განაპირობა ის, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის შემუშავებაზე უკვე ღიად საუბრობენ და თავიანთი მიზნების გამართლებისთვის ეკონომიკური თანამშრომლობის მოშველიება აღარ სჭირდებათ.
        ამის ნათელი დასტურია ის 18-თვიანი სამუშაო, რომელიც წარმატებით განახორციელა საქართველოს უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, სერ ჰარი ჯონსონმა. უფრო სწორად, ჯონსონმა საქართველოს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად შეიმუშავა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კონცეფცია, რომელიც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ დადებითად შეაფასა.
        თავად კონცეფციის ავტორთა განმარტებით, საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის გეგმა ყოვლისმომცველია, ანუ იგი ითვალისწინებს არა მარტო ქართული ჯარისა და სხვა ძალოვანი უწყებების რეფორმირებას, არამედ ფართო საზოგადოებრივ - საგანმანათლებლო სამუშაოების ჩატარებას, რათა ამ კონცეფციამ საყოველთაო მნიშვნელობა და საზოგადოების მხარდაჭერა ჰპოვოს.
        ასეთი ყოვლისმომცველი ხასიათის გამო, საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის გეგმის განხორციელებას 4-5 წელიწადი მაინც დასჭირდება.
        ქართული არმიის რიგების შემცირებაზე, უფრო მცირერიცხოვანი, მაგრამ მობილური ჯარის შექმნაზე, სხვა ძალოვანი სტრუქტურების რეფორმირებაზე ყურადღების გამახვილება და მისი დაწვრილებით განხილვა, აქ, ალბათ, საჭირო არ არის, რადგან ამ თემაზე უკვე კარგა ხანია ლაპარაკობენ და საკმაოდ ბევრიც დაიწერა, მაგრამ ერთი მომენტი აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ.
        კერძოდ, სერ ჰარი ჯონსონს მიაჩნია, რომ როცა ამა თუ იმ სახელმწიფოს სრულყოფილი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სისტემის შექმნა სურს, მან აუცილებლად უნდა განსაზღვროს ის ორიენტირები, საიდანაც ყველაზე უფრო ემუქრება საფრთხე მის სახელმწიფოებრიობას. ჯონსონის აზრით, ასეთ ორიენტირებზე საქართველოს ჯერჯერობით ყურადღება არ გაუმახვილებია და ამიტომ საქართველოს საგარეო საქმეთა და სხვა სამინისტროებმა პირველ რიგში სწორედ ამ მიმართულებით უნდა იმუშაონ.
        ძნელი დასაჯერებელია ჯონსონმა მიახლოებით მაინც არ იცოდეს ის, თუ საიდან მომდინარეობს საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული გარკვეული ქმედებანი. ამიტომ, მისი აღნიშნული რჩევა, ალბათ, უფრო დიპლომატიური თავშეკავების მანიშნებელია.
        როგორც ჩანს, იგი განგებ არიდებს თავს იმაზე ლაპარაკს, თუ როგორ ღიზიანდებიან რუსეთის პოლიტიკური წრეები კავკასიაში დასავლეთის ქვეყნების აქტიურობის გამო. ყოველი შემთხვევისათვის, თუკი ჯონსონი გულწრფელად ამბობს იმას, რასაც ფიქრობს, მაშინ შევახსენებთ, რომ საქართველომ უკვე კარგა ხანია უწყის იმ საფრთხისა და ორიენტირების შესახებ, რომელიც ჯონსონს გაურკვეველი ჰგონია.
        ამას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, რეზო ადამიას განცხადებები და უკანასკნელ ხანს განვითარებული მოვლენებიც ადასტურებს .უფრო კონკრეტულად, არ შეიძლება რაიმე ორგანული კავშირი არ არსებობდეს საქართველოში განლაგებულ რუსულ სამხედრო ბაზებსა და საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობას შორის.
        მით უმეტეს, როცა რუსეთის «გადაწითლებული» სახელმწიფო სათათბირო ბოლო პერიოდში სულაც არ მალავს თავის ამბიციებს და ზოგიერთ ადგილობრივ ძალაზე დაყრდნობით გარკვეულწილად მაინც ახერხებს საქართველოს უსაფრთხოების სისტემის დასუსტებას.
        ამდენად, როგორც ხედავთ, კავკასიაში სახეზეა დასავლური და რუსული ინტერესების «ცივი ომი» და, ალბათ, ამ დაძაბულობის განსამუხტად უფრო სწრაფი და ქმედითი ღონისძიებებია საჭირო, ვიდრე დაგეგმილი 4,5 წელი, რადგან კავკასიაში დასავლური და რუსული «პარალელიზმის» დიდხანს გაგრძელება, მოვლენათა ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ განვითარების შესაძლებლობას იმთავითვე გულისხმობს.
        ასე რომ, სერ ჰარი ჯონსონ - ორიენტირები გარკვეულია!

მერიდიანი, 26 მაისი 1999 წელი

მთელ გვერდზე