იაპონია დესანტს ამზადებს

        იაპონიაში ედუარდ შევარდნაძის ოფიციალური ვიზიტის დროს ყველაზე საინტერესო მოვლენა მისივე პრესკონფერენცია გამოდგა. ბევრი სხვა მოვლენის, შეხვედრისა თუ საუბრის შინაარსზე მსჯელობა ძნელია, ვინაიდან ადგილობრივი პროტოკოლის სიმკაცრის გამო ჟურნალისტები თითქმის ვერც ერთ ღონისძიებას ვერ დავესწარით.
        თუმცა, პრესცენტრის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და იმპერატორს, ანუ, ფაქტობრივად, ყველას, ვინ ამ ქვეყნებში გადაწყვეტილებებს იღებს. აგრეთვე იმ უწყებებისა და კომპანიების ხელმძღვანელებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ საქართველოსთან.
        ვიზიტს ერთი ხელშესახები შედეგიც ჰქონდა: იაპონურმა კომპანია «მიცუბიში»-მ გამოთქვა მზადყოფნა, მთლიანად აღადგინოს ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ამას საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით «ნავთობპროექტების» გათვალისწინებით. ქარხნის სიმძლავრე ორი მილიონი ტონაა წელიწადში. თუ საქართველოს არა მხოლოდ ნავთობის ტრანსპორტირების, არამედ მისი გადამუშავების პოტენციალიც ექნება, - ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს კოზირებს. თუმცა, მეორე მხრივ, ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, შეიძლება «დიდი ნავთობიც გაიტყუოს» სუფსისაკენ. არადა, საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტები რამდენიმე დღის წინ ანკარასა და სტამბულში საბოლოოდ შეთანხმდნენ ბაქო-ჯეიჰანის მარშრუტზე.
        ქარხნის რეკონსტრუქციის თაობაზე მოლაპარაკება დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ იაპონური კომპანია «მარუბენი» სახელმწიფო გარანტიებს მოითხოვდა. «მიცუბიში» ამგვარ გარანტიებს არ ითხოვს, რაც პროექტის განხორციელებას რეალობად აქცევს. როგორც ცნობილია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს მხრიდან ნებისმიერი ფინანსური გარანტიების გაცემას. მით უმეტეს, ასეთი ოდენობით (ქარხნის რეკონსტრუქციისათვის საჭიროა 200 მილიონი დოლარი), მაგრამ პრობლემა გადაიჭრა, ვინაიდან გადაწყვეტილება «მცირე ნავთობის» საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირების შესახებ - რისი გარანტებიც არიან ამერიკის შეერთებული შტატები და თურქეთი - უკვე თავისთავად გარანტიაა იაპონური კომპანიებისათვის.
        რაც შეეხება პრესკონფერენციას - იაპონურმა მასმედიამ შევარდნაძის ფიგურისადმი საკმაოდ დიდი ინტერესი გამოამჟღავნა. პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნები, ანუ ყოფილი «მოკავშირე რესპუბლიკები» ასეთი ყურადღებით განებივრებულები არ არიან. იაპონია აშკარად პასიურობს ამ სივრცეზე. ერთი შეხედვით, თითქოს გასაკვირია - რატომ? მას ხომ უზარმაზარი შესაძლებლობები აქვს, რათა ეკონომიკურად «შეიჭრას» თუნდაც ცენტრალურ აზიაში და რუსეთი იქიდან საბოლოოდ გააძევოს, მაგრამ ტოკიოს, როგორც ჩანს, მოსკოვის გაღიზიანება არ სურს. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, რაკი კვლავ აქვს იმედი, რომ ოდესმე დაიბრუნებს კურილიის კუნძულებს.
        ედუარდ შევარდნაძე იაპონელთათვის, უპირველეს ყოვლისა, საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელსაც ემადლიერებიან იმის გამო, რომ 1988 წელს, როდესაც «კურილიის თემა» ტაბუირებული იყო, სწორედ შევარდნაძემ დაიწყო ამ თემაზე საუბარი, ანუ დიალოგი შესაძლებლად ჩათვალა. მანამდე რუსები პრობლემის არსებობასაც კი არ აღიარებდნენ. ისე, რუსებს სინდისის ნატამალი რომ გააჩნდეთ, ეს ტერიტორია იაპონიისათვის კარგა ხნის წინ უნდა დაებრუნებინათ, კუნძულებზე ყოველი ქვა ამ უძველესი ცივილიზაციის კულტურით «სუნთქავს». შევარდნაძე, ამ მხრივ, ბევრს ვერაფერს გახდა და ვერც გახდებოდა. მაქსიმუმი, რაც მან მოახერხა (იაპონელმა ჟურნალისტებმა ეს ფაქტით ავად გაიხსენეს) იყო ის, რომ იაპონელებს, ვინც აღნიშნულ ოთხ კუნძულზე ცხოვრობდნენ, ნება მიეცათ, დროდადრო მოენახულებინათ სამშობლო, წინაპართა საფლავები. ეტყობა, რუსეთს კარგა ხანია აპრობირებული აქვს ეს ხერხი - დასაჯოს ერი ეთნიკური წმენდითა და საკუთარი სახლებიდან გაძევებით.
        იაპონელებისათვის კურილიის კუნძულების პრობლემა ყველა თვალსაზრისით იგივეა, რაც აფხაზეთი საქართველოსათვის. პრესკონფერენციაზე, როდესაც ამ თემაზე კითხვას პასუხობდა, შევარდნაძემ ხუმრობით სცადა ვითარების განმუხტვა: აბა, რა გიყოთ, ჩემო ძვირფასებო, კურილიის კუნძულები შავ ზღვაში რომ იყოს, აუცილებლად დაგითმობდითო.
        შესაძლოა, სწორედ «კუნძულების» ანუ «სადავო ტერიტორიების» პრობლემითაა გამოწვეული ის გარემოება, რომ იაპონელები ტრადიციულად დიდი ყურადღებით აკვირდებიან რუსეთში მიმდინარე პროცესებს. ოღონდ, ძალიან საინტერესო და საყურადღებო იყო სტერეოტიპი, რომელიც კითხვებში ჟღერდა; უფრო სწორედ, მათ გასდევდა რეფრენად: რუსეთი ქაოსში ეფლობა, რუსეთში უამრავი პროცესი ვითარდება, რუსეთი ინგრევა.
        რასაკვირველია, როდესაც დემოკრატიულ ქვეყანაში მეზობელი სახელმწიფოს შესახებ ასეთი სტერეოტიპები ყალიბდება, იქ რაიმე ინვესტიციებზე ლაპარაკი ზედმეტია. იაპონიის მთავრობა მზად არის სახელმწიფო დახმარებისათვის, მაგრამ მხოლოდ კურილიის კუნძულთა სანაცვლოდ, რასაც რუსეთი არასდროს დასთანხმდება, ვინაიდან მოსკოვში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ეს, ფაქტობრივად, კიდევ ერთ სამოქალაქო ომს ნიშნავს.
        «დერჟავნიკულ» წყენას რუსეთი არასდროს და არავის პატიობს. ფულადი კომპენსაცია კი შეუმჩნეველი იქნება, - საზოგადოების სოციალურ სიღრმეებამდე იგი მაინც ვერ ჩააღწევს. შევარდნაძე პრესკონფერენციაზე «ექსპერტის» როლს, რა თქმა უნდა, ვერ შეასრულებდა, ამიტომ მოკლედ მოჭრა: რუსეთში არსებული პრობლემები მათი საქმეა – ჩვენ ჩვენი პრობლემებიც გვეყოფაო. რასაკვირველია, იაპონელ ჟურნალისტებს ძალიან აინტერესებთ საქართველოს დამოკიდებულება თანამეგობრობისადმი. ამასთან დაკავშირებითაც უკვე ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამ ორგანიზაციის დღეები დათვლილია. ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელსაც ამ ორგანიზაციის ეგიდით მოეწერა ხელი, 1992 წლიდან იყო «კოლექტიური უსაფრთხოების კონვენცია».
        მაგრამ შევარდნაძის თქმით, ასეთი სახით ეს ხელშეკრულება ფუჭია და უმაქნისი. ამგვარი განცხადება იმას ნიშნავს, რომ საქართველომ პირველი ნაბიჯი გადადგა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლისაკენ, თუმცა, იმავე პრესკონფერენციაზე შევარდნაძემ კვლავ აღნიშნა «დსთ-ს რეფორმების აუცილებლობა».. მაშასადამე, იგი კვლავ იტოვებს შანსს, რომ თუ რუსეთი შეცვლის პოლიტიკას აფხაზეთში, საქართველოც შეიცვლის პოლიტიკას. თუმცა, ეს შანსი დღითიდღე მცირდება; მით უმეტეს, ელცინის სკანდალური გადაწყვეტილების შემდეგ ბორის ბერეზოვსკის დსთ-ს აღმასრულებელი მდივნის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ (სხვა სახელმწიფოს მეთაურთა აზრის იგნორირებით).
        ზოგიერთი დამკვირვებლის აზრით, ბორის ბერეზოვსკის მოხსნით, ელცინმა ახალი ეტაპი დაიწყო პოსტსაბჭოური რუსეთის ისტორიაში. ეს ეტაპი კარგს არაფერს გვიქადის, ვინაიდან მოსკოვს «სათანამეგობრობო» ილუზიები ეწურება და უფრო აგრესიული პოლიტიკის გატარებას იწყებს. რუსი ჟურნალისტები ტოკიოშიც ვერ ისვენებდნენ: «რა ურთიერთობა მყარდება საქართველოსა და ნატო-ს შორის, - მართალია თუ არა, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უახლოვდება?»
        პასუხი პრინციპულად განსხვავდება «ხელის გასავსავებისაგან», რაც ბუნებრივი იყო 5-6 წლის წინ: «რუსეთმა დაგვასწრო ნატოსთან ურთიერთობის დამყარება. მას «განსაკუთრებული ხელშეკრულება» აქვს ნატოსთან, ჩვენ კი მხოლოდ «პარტნიორობას» მივაღწიეთ».
        ედუარდ შევარდნაძის თქმით, იაპონიის პრემიერ-მინისტრი უახლოეს მომავალში უეჭველად ეწვევა საქართველოს. თუ ეს ვიზიტი შედგა, სამხრეთ კავკასია გახდება პოსტსაბჭოურ სივრცეზე იაპონური გეოპოლიტიკური «დესანტის» პლაცდარმი.

მერიდიანი, 10 მარტი, 1999 წელი

მთელ გვერდზე