«სახალხოსა» და «ბათუმურ ალიანსს» შორის მორბენალი შავი კატა თანდათან იზრდება

        როგორც მოსალოდნელი იყო, «სახალხო პარტია», არჩევნების მოახლოების კვალდაკვალ ძალზე ფრთხილად, მაგრამ მიზანმიმართულად ემიჯნება ე.წ. ბათუმურ ალიანსს
        საბაბი მოიძებნებოდა და მოიძებნა კიდეც: «ბათუმურმა კოალიციამ» დაარღვია წინასწარ მიღწეული შეთანხმება და მაჟორიტარულ ოლქებში კონკურენტები «ჩაუსვა» სახალხოელებს მაშინ, როცა, ამ უკანასკნელთა მტკიცებით, ალიანსს მხოლოდ იმ რაიონებში უნდა წარედგინა დეპუტატობის კანდიდატები, სადაც «სახალხოს» კანდიდატები არ იბრძოლებდნენ.
        თუმცა, ეს მხოლოდ «სახალხოს» ვერსიაა. სხვა პარტიები ამგვარ შეთანხმებას უარყოფენ, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ასლან აბაშიძემ განაცხადა, რომ მაჟორიტარულ ოლქებში თითოეული პარტია საკუთარი შეხედულებისამებრ იმოქმედებს.
        ობიექტურობა მოითხოვს ითქვას: «სახალხოს» მოთხოვნა იმთავითვე აბსურდული იყო. «სახალხო პარტია» არ შეუერთდა საარჩევნო ბლოკს «საქართველოს აღორძინება», ვინაიდან არ ეთანხმებოდა მის პროგრამას. მიუხედავად ამისა, იგი ძალზე სერიოზულ პრივილეგიას მოითხოვდა.
        მომავალი არჩევნების ბედს, დიდწილად სწორედ მაჟორიტარული კანდიდატები გადაწყვეტენ; 75 ხმა მომავალ პარლამენტში «გადამწონი» იქნება. ამიტომ გაუგებარია, რატომ უნდა დაეთმო «აღორძინებას» მაჟორიტარული ხმები, ფაქტობრივად, კონკურენტი პარტიისათვის?
        მიუხედავად იმისა, რომ «სახალხო» შედის ალიანსში, იგი მაინც ბლოკ «აღორძინების» კონკურენტია, ვინაიდან არჩევნებისას დაისაკუთრებს «პროტესტული ელექტორატის» ხმათა მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც «აღორძინებას» დააკლდება;
        იმავდროულად «ბლოკში» შემავალ პარტიებს შესანიშნავად ესმით, რომ საეჭვოა «სახალხომ» 7-პროცენტიანი ბარიერი გადალახოს; აქედან გამომდინარე, მათი ხმები «დაკარგულად» შეიძლება ჩაითვალოს. მამუკა გიორგაძისა და კამპანიის გათვლა კი იმაში მდგომარეობდა, რომ პარტიის ლიდერები (5-6 კანდიდატი) დაფიქსირებულიყვნენ მაჟორიტარულ ოლქებში ძირითად კანდიდატებად ოპოზიციისაგან, - «მოქალაქეთა კავშირის» მთავარ კონკურენტებად და ამ გზით მოხვედრილიყვნენ პარლამენტში; მაგრამ ეს გეგმა, ფაქტობრივად, ჩაიშალა.
        თუმცა, ეს (ვიმეორებ) მხოლოდ საბაბია. ნამდვილი, სიღრმისეული მიზეზი განხეთქილებისა საძიებელია სრულ პოლიტიკურ და იდეოლოგიურ შეუთავსებლობაში – ადრე თუ გვიან, განხეთქილება მაინც მოხდებოდა – არ არის შემთხვევითი, რომ «სახალხომ» დარტყმისა და შეტევის ობიექტად აირჩია «ბლოკის» სწორედ ისეთი წარმომადგენელი, როგორიცაა ვახტანგ რჩეულიშვილი, ვინც პიროვნულად შეიძლება არც იყოს ადვილად ხელწამოსაკრავი, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით შეცდომას შეცდომაზე უშვებს.
        «სახალხოს» მიზანი, როგორც ჩანს, იმთავითვე იმაში მდგომარეობდა, რომ გამიჯვნოდა მოქალაქეთა კავშირს, რათა ხელისუფლებასთან ერთად არ «ჩაძირულიყო». ეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ძველი ხერხია – ჯერ კიდევ 1990 წლიდან.
        მაშინ ედპ იმიტომ კი არ შეეკრა «ანტიზვიადისტურ» ოპოზიციას, რომ იგი ძლიერ ეხატებოდა გულზე, არამედ სულ სხვა მიზეზით – მას, უბრალოდ, არ სურდა «მრგვალ მაგიდასთან» ერთად ჩაძირულიყო ისტორიის მოუსავლეთში.
        დღეს კი, «სახალხომ», ყოველივეს აწონ-დაწონვის შემდეგ, ალბათ, იგრძნო, რომ ჩაძირვის შანსი სხვას უფრო მეტი აქვს და ამიტომაც ფრთხილად დაიწყო «კოალიციისგან» გამიჯვნა.

მერიდიანი, 6 ოქტომბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე