«საპარლამენტო გადატრიალება» - გამოგონილი ტერმინი და რეალური შესაძლებლობა
       

        პრეზიდენტის განცხადებამ მოსალოდნელი «საპარლამენტო გადატრიალების» შესახებ ოპოზიციის მძაფრი რეაქცია გამოიწვია; მისი თქმით, ასეთი შეფასება არ არის მართებული, ვინაიდან ნორმალურ ქვეყანაში «ხან ერთი პარტია მოდის ხელისუფლებაში, ხან მეორე».
        რა თქმა უნდა, ნორმალურ ქვეყანაში ნამდვილად ასეა, მაგრამ ეს არგუმენტი (ჩვენს პირობებში) დემაგოგიასა და პოლიტიკური ცრუპენტელობის დიდ დოზას შეიცავს.
        «ნორმალურ ქვეყანაში» პარტიათა ცვლა გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ იოტისოდენა ცვლილებას სახელმწიფოებრივი კურსის თვალსაზრისით. ძირითადად პარტიები ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ «ამტკიცებენ» ან «არბილებენ» საგადასახადო პოლიტიკას, ზრდიან ან ამცირებენ გადასახადებს სხვადასხვა კატეგორიის გადამხდელთათვის, ახდენენ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციას, თუმცა ასეთი რამ «ნორმალურ ქვეყნებში» ე.წ. განვითარებულ სახელმწიფოებში იშვიათად ხდება.
        ძირითადად კი, რუსი ეკონომისტისა და პოლიტიკოსის, გრიგოლი იავლინსკისა არ იყოს, დასავლეთში მოდიან მემარჯვენეები და გამოაცხობენ ნამცხვარს, შემდეგ მოვლენ მემარცხენეები და ამ ნამცხვარს შეჭამენ, მერე ისევ მოვლენ მემარჯვენეები, გამოაცხობენ ახალ ნამცხვარს, შემდეგ ისევ შეჭამენ ამ ნამცხვარს და ა.შ - ქვეყანა ჰგიეს უკუნისამდე.
        მიუხედავად ამისა, პარტიათა ცვლილებას დასავლეთის დემოკრატებში (ანუ ნორმალურ ქვეყნებში) აზრი ნამდვილად აქვს, - ხდება სოციალური დაძაბულობის მოხსნა, «ორთქლის გამოშვება», «მარწუხების მოშვება». მემარცხენეები საბაზრო ეკონომიკის (ანუ ნორმალური ეკონომიკის) პრინციპებს არღვევენ, სამაგიეროდ, არბილებენ წინააღმდეგობებს სოციალურ ფენებს შორის, ზრდიან სოციალურ პროგრამებსა და ფონდებს უქონელთათვის, პროტექციონიზმისა და თავისუფალი კონკურენციისათვის ხელოვნური ბარიერების შექმნით აკნინებენ ეკონომიკას, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, როცა «ნამცხვარი ბოლომდე შეიქმნება», მოსახლეობა გონს მოეგება და შემდგომი დეგრადაციის თავიდან ასაცილებლად ისევ მემარჯვენეობას აირჩევს.
        ასე რომ, «პარტიათა ცვლას» ნამდვილად აქვს აზრი სწორედ სოციალური თვალსაზრისით. ოღონდ ეს «ცვლა» არ ნიშნავს იმას, რომ ყველა პარტიამ, ვისაც ამის სურვილი აქვს, ბედი სცადოს - ეგება, რაიმე გამოუვიდეს.
        მაგალითად, დიდ ბრიტანეთში უკვე საუკუნეობით ორი პარტია ენაცვლება ერთმანეთს. ერთი მათგანი (ლეიბორისტები, მანამდე ლიბერალები) უფრო მემარცხენე მიმართულების მიმდევარია, «კონსერვატორები» კი - მემარჯვენეებს წარმოადგენენ.
        ასეთივე ვითარებაა ყველა განვითარებულ დემოკრატიაში - რაც უფრო განვითარებულია ამ თვალსაზრისით ქვეყანა, მით უფრო მცირეა (ორამდე) ძირითად პარტიათა რიცხვი, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია ხელისუფლებაზე (ფორმალურად, იმავე დიდ ბრიტანეთშიც ათეულობით პარტია მონაწილეობს არჩევნებში).
        თურქეთი «განვითარებულ დემოკრატად» ვერ ჩაითვლება - ამიტომაც იქ პარტიათა ცვლა ნორმალურ, ცივილიზებულ ლოგიკას არ ექვემდებარება. მიუხედავად ამისა, თურქეთიც ნელ-ნელა უახლოვდება ნორმას. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია თვით სახელისუფლო სისტემაც - საქართველომ «ამერიკული სისტემა» დააფუძნა, რომელიც მიჯნავს ერთმანეთისაგან ხელისუფლებათა აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს.
        ასეთ ვითარებაში პარტიათა ორიენტაციის ასგზის მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე იმ სახელმწიფოებში, სადაც (ვთქვათ) პრეზიდენტს უფლება აქვს, დაითხოვოს პარლამენტი. ჩვენი სპეციფიკის გათვალისწინებით, თუ პარლამენტი და პრეზიდენტი სხვადასხვა ბანაკებში აღმოჩნდებიან და ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, საქმე სულ მალე და ადვილად შეიძლება მივიდეს სამოქალაქო ომამდე.
        ამისათვის «მადლობა» იმ პოლიტიკანებს, რომლებიც «ფრანგული» მოდელის კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ ჯერ კიდევ 1991 წლიდან და ჯიუტად მოითხოვდნენ ე.წ. «გერმანულ მოდელს», ანუ საპარლამენტო რესპუბლიკას, რაც საერთოდ არ მისცემდა (ისევ და ისევ ჩვენი სპეციფიკის და არა რაღაც იდიოტური თეორიული სქემის გათვალისწინებით) საქართველოს სახელმწიფოებრივი რეფორმების გატარების საშუალებას.
        ძნელი მისახვედრი არ არის, რომ «საპარლამენტო რესპუბლიკა» საქართველოში იქნება სრული მარაზმი, ფუჭი ლაყბობა და მხოლოდ ზემოხსენებულ პოლიტიკანთა ამბიციების დაკმაყოფილების საშუალება.
        ამიტომ «ამერიკული მოდელი» იყო ერთგვარი კომპრომისი, რათა, საერთოდ, შესაძლებელი გამხდარიყო კონსტიტუციის მიღება. ამიტომაც აღმოვჩნდით დღევანდელ ვითარებაში, როცა არჩევანი აშკარად არანორმალურია.
        «რა მოხდა მერე, ხან ერთი პარტია მოვა, ხან მეორე», - ეს არგუმენტი ჩვენს პირობებში (ისევ და ისევ ხაზგასმით - ჩვენს პირობებში) ჭკუათმყოფელმა ადამიანმა არ უნდა დაიჯეროს.
        სხვა საქმე იქნებოდა (უკიდურეს შემთხვევაში), ამჟამინდელ «მემარჯვენეებს» რომ უპირისპირდებოდეს კლასიკური «მემარცხენე» პარტია.
        ამ შემთხვევაში იმუშავებდა ლოგიკა: გასაგებია, საზოგადოებამ ვეღარ გაუძლო რეფორმებს, «ნამცხვარი გამოცხვა», დროა იგი შეიჭამოს და ა.შ. მაგრამ საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ არც ნამცხვარი გამომცხვარა (ჯერ) და არც «ბათუმური კოალიციის» ორიენტაცია, რაც, ქვეყნის განვითარების «საგარეო მაგისტრალის» 180 გრადუსით შებრუნებას გულისხმობს;
        თუმცა, კოალიციის გახსნილი კარტებიდან ჯერჯერობით ეს ნათლად არ ჩანს, მაგრამ ის კი უდავოა, რომ სწორედ ამ საშიშროებაზე მიანიშნებდა პრეზიდენტი, როცა თანამედროვე ქართული პოლიტიკის ლექსიკაში მავანთათვის ასე გამაღიზიანებელი ტერმინი - «საპარლამენტო გადატრიალება» შემოჰქონდა.

მერიდიანი, 22 ოქტომბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე