საპარლამენტო არჩევნები - პოლიტიკური კულტურის რეიტინგი
       

        გარდა პოლიტიკური და სახელისუფლებო შედეგებისა, მომავალ არჩევნებს უდიდესი მნიშვნელობა ექნება სოციოლოგებისა და პოლიტოლოგებისთვის, - როგორც ქართული საზოგადოების თანამედროვე მდგომარეობის დასადგენ ყველაზე ზუსტ ექსპერიმენტს.
        საშუალება გვექნება თვალნათლივ დავრწმუნდეთ, შემდგომ კი განვიხილოთ (შედეგებზე დაყრდნობით), რას მიაღწია საზოგადოებამ ათი წლის განმავლობაში (1989 წლიდან), რამდენად განვითარდა იგი ან განვითარდა თუ არა საერთოდ.
        ჯერჯერობით ამ საკითხებზე საუბარი ძნელია, ვინაიდან არც ერთი სოციოლოგიური გამოკითხვა რეპრეზენტაციული არ არის. ისინი უმეტესად ტარდება თბილისში ტელეფონით, როდესაც ძნელია გამოკითხულთა სოციალური იდენტიფიკაცია; გარდა ამისა, არაერთ სოციოლოგს შეუნიშნავს, რომ პოსტსოციალისტურ, მით უმეტეს პოსტსაბჭოურ ქვეყნებში მოსახლეობა ბოლომდე არ ენდობა, უფრო ზუსტად, «არ ანდობს» თავის გადაწყვეტილებას სოციოლოგიურ სამსახურებს.
        ამიტომ, როდესაც ამერიკის გრანდიოზულმა, თითქმის უცდომელმა «გელაპის» ინსტიტუტმა ყოფილ «საბჭოთა რესპუბლიკებში» სოციოლოგიური გამოკითხვების ჩატარება სცადა, ინსტიტუტის მრავლისმნახველმა ექსპერტებმა საოცარი ფენომენი აღმოაჩინეს რვაჯერ (!) მეტია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებსაც «ჯერ კიდევ არ აქვთ გადაწყვეტილი», რომელ პარტიას მიანიჭონ უპირატესობა. ამ კატეგორიის რესპონდენტი ყოველთვის (!) მეტია იმათზე, ვინც უკვე მიიღო გადაწყვეტილება და გულწრფელად აცხადებს თავის არჩევანს ჯერ კიდევ არჩევნებამდე.
        გელაპის ინსტიტუტმა ამ პრობლემის გამოწვლილვით შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ ის ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღიაო, სინამდვილეში ტყუიან - ასიდან 90 შემთხვევაში, მათ, უბრალოდ, არ სურთ თავიანთი აზრი გაუმხილონ სოციოლოგს მაშინაც კი, როცა გამოკითხვა ტელეფონით ტარდება და რესპონდენტის ვინაობაც გასაიდუმლოებულია.
        თავდაპირველად ამერიკელ სოციოლოგებს ეგონათ, რომ მოქმედებდა ელემენტარული «შიშის სინდრომი» ანუ გამოკითხულებს, უბრალოდ, ეშინოდათ (საბჭოური გამოცდილებით) ვინმესთვის თავიანთი განზრახვის გამხელისა, მაგრამ როცა ეს ვარიანტიც ყურადღებით შეისწავლეს, კიდევ უფრო საოცარი რამ აღმოაჩინეს: არჩევანს წინასწარ არ ამხელდნენ არა მხოლოდ «ოპოზიციის», არამედ «ხელისუფლების» მომხრენიც;
        ნორმალურ, დასავლურ ლოგიკას ეს თითქოს საერთოდ არ შეესაბამება, მართლაც, «ოპოზიციის» მომხრე კიდევ შეიძლება გულისნადებს მალავდეს, მაგრამ ხელისუფლებას თუ ხმას აძლევ, რისი უნდა გეშინოდეს? რაც მთავარია (არ ვიცი, რამდენად საამურია ეს ჩვენთვის) «გელაპის», ყოველწლიური ბიულეტენის მონაცემებით, ამ ფენომენის «კრიტიკული მასა» სწორედ საქართველოშია კონცენტრირებული - ჩვენს ქვეყანაში იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებსაც არ სურთ თავიანთი არჩევანი გაამხილონ, 50 პროცენტს აჭარბებს! ეს უკვე ეთნოფსიქოლოგებისა და სოციოფსიქოლოგებისთვის საინტერესო ფაქტია.
        როგორც სამეცნიერო გამოკვლევებით დადასტურდა, პოსტსაბჭოურ ქვეყნებში სოციუმი განსხვავებულად აღიქვამს არჩევნებს. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ინდივიდი ამ არჩევანს იმდენად ინტიმურ საქმედ მიიჩნევს, რომ მისი გამომზეურება შესაძლებლად არ მიაჩნია - ოღონდ (ეს გახლავთ სწორედ ყველაზე მთავარი) არა ხელისუფლების შიშით, არამედ ხშირად იმ მოტივით, რომ არ სურს დაუპირისპირდეს საზოგადოებაში გაბატონებულ აზრს - «ოპოზიციისა» თუ «ხელისუფლების» შესახებ:
        ნურც ამას გავიკვირვებთ - საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიური დომინანტი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციისთვის სასარგებლოც, ინდივიდს კი ეშინოდეს (ან არ სურდეს რაკი ეს დისკომფორტს უქმნის) საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიურ დომინანტთან აშკარა დაპირისპირებისა.
        ამიტომ, თუ თანამედროვე ქართული ოპოზიციის ლიდერებს ჰგონიათ, რომ ის 50 (უფრო ზუსტად 49,1) პროცენტი, რომელიც სოციოლოგიური გამოკითხვისას არჩევანს არ ამხელს, - მთლიანად ოპოზიციის მომხრეა, მწარედ ცდებიან.
        მეტიც, შესაძლოა უცნაურად ჟღერდეს, ან ბევრმა არც დაიჯეროს, მაგრამ უმეტესობა ელექტორატის ამ ნაწილისა სინამდვილეში სწორედ იმ საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიურ დომინანტს ერიდება, რომელიც ხელისუფლების მხარდაჭერას «სირცხვილად» და დაუშვებლად მიიჩნევს. ამ ვარაუდის მართებულობას, ვფიქრობ, მომავალი არჩევნები დაადასტურებს.
        მეორე მხრივ, თვით ასეთი ატმოსფეროს, ასეთი დომინანტის არსებობა საზოგადოებაში არანორმალური მოვლენაა - ქართული საზოგადოება, ამ საზოგადოების წევრი თითოეული ინდივიდი, კვლავინდებურად ცხოვრობს მითების, ლეგენდების, წარსული განცდების, წარსული აჩრდილების, პიროვნული შთაბეჭდილებების, პირადი თუ კოლექტიური «წყენის», ანუ «სიყვარულისა და სიძულვილის» ატმოსფეროში.

        ეს არ არის ნორმალური ვითარება, ვინაიდან ამ ფსიქოლოგიური მოტივაციით შეუძლებელია ინდივიდმა სამოქალაქო არჩევანი გააკეთოს.
        ჩვენთან ადამიანი არჩევანს აკეთებს წარსულ მოვლენათა გავლენით, ზოგჯერ - ტრაიბალისტური (!) მოტივებით, პირადი შთაბეჭდილებით; ლაპარაკიც ზედმეტია, პარტიის პროგრამისა თუ (მით უმეტეს) პოლიტიკური არსის გააზრებაზე.
        სანამ ასეთი მდგომარეობა იქნება (ეს მდგომარეობა კი იმის შედეგია, რომ საქართველოში ჯერ ვერ ჩამოყალიბდა სამოქალაქო საზოგადოება), ლაპარაკიც ზედმეტია ნორმალურ არჩევნებზე. ამიტომაც, ყოველი არჩევნების წინ, ქვეყანა დგება, «თვისებრივი» არჩევნისა და სამოქალაქო ომის საშიშროების წინაშე.

დრონი, 12 ოქტომბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე