«სამეგრელოს აღორძინების კავშირი» საქართველოს კიდევ ერთ ურთულეს პრობლემას უქმნის
   

    საინფორმაციო საშუალებათა ცნობით, ფოთში ალექსანდრე ჭაჭიას ინიციატივით შეიქმნა ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც «სამეგრელოს აღორძინების კავშირი» ეწოდა. ოფიციალურად, ორგანიზაციის მიზანია «სამეგრელოს აღორძინება», ანუ მის დამფუძნებლებს მიაჩნიათ, რომ ამჟამად სამეგრელო უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება და აუცილებელია მისი მდგომარეობის გაუმჯობესება. ნიშანდობლივია ორგანიზაციის შექმნა სწორედ ფოთში.
    საჭიროა გავიხსენოთ, რომ არცთუ დიდი ხნის წინ მეტად მწვავე კამათი გაიმართა ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ (სამეგრელოს) ელიტას შორის იმის თაობაზე, თუ ადმინისტრაციულად სად უნდა შედიოდეს ფოთი - პირდაპირ ექვემდებარებოდეს «ცენტრს», თუ იყოს სამეგრელოს მხარის ქალაქი? ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, - ფოთი საქართველოს უმთავრესი სიმდიდრე და გეოპოლიტიკური სიძლიერის წყაროა, ამიტომ სწორედ ფოთისადმია მიმართული ჩვენი «მეზობელი და მეგობარი» რუსეთის ყურადღება.
    თუ ფოთში, შესაბამისად, სამეგრელოში, ანტიქართულ პროცესთა პროვოცირება მოხერხდა, - ეს უკვე საქართველოს საბოლოო აღსასრულს ნიშნავს, რაც შესანიშნავად უწყიან იმათ, ვისაც ეს ძალიან ენატრება.
    სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას: დღეს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში მოქმედ არც ერთ გეოპოლიტიკურ სუბიექტს არ აძლევს ხელს სამეგრელოში (მათ შორის ფოთში) ვითარების დესტაბილიზაცია, - რუსეთის გარდა; შეიძლება აფხაზ სეპარატისტებს აძლევდეთ ეს ხელს, მაგრამ მათ შესაბამისი ბერკეტები ჯერჯერობით არ გააჩნიათ სიტუაციის გასამწვავებლად მეზობელ რეგიონში, რომლის «ბუფერად» ქცევას ისინი ყოველთვის ცდილობდნენ.
    თუმცა, რუსეთის სპეცსამსახურებს შესანიშნავად აქვთ გათვითცნობიერებული, რომ ჯიქური, უხეში ქმედებით ბევრს ვერაფერს გახდებიან. თუ, მაგალითად, «მეგრული სეპარატიზმის» პროვოცირებას მოინდომებენ, შედეგს ვერ მიაღწევენ. ამიტომ იძულებულნი არიან იმოქმედონ უფრო შეფარულად, ეშმაკურად და ფრთხილად. ჯერ საკუთარ აგენტებს შეაგზავნიან შექმნილ ორგანიზაციაში, შემდეგ (განურჩევლად იმისა, რა სურს და რის გაკეთებას ცდილობს პირადად ალექსანდრე ჭაჭია) თანდათანობით გაამკაცრებენ ორგანიზაციის მოთხოვნებს, შესძენენ მას ეთნიკურ შეფერილობას, დააპირისპირებენ რეგიონისა და «ცენტრის» ინტერესებს. უმალვე შეიქმნება შესაბამისი იდეოლოგიური ბაზაც: «სამეგრელო ყველა სხვა კუთხეზე მეტად დაიჩაგრა პოსტსაბჭოურ პერიოდში, ამიტომ მას მეტი ყურადღება ესაჭიროება, მეტი დოტაცია სჭირდება, მეტი პრივილეგიაც».
    ფოთი სპეციალურად იქნა შერჩეული - ეს ხომ უმძლავრესი ბერკეტია ცენტრზე ზემოქმედებისათვის. ამიტომ შემთხვევითი არ არის, თუ სწორედ ფოთიდან სურთ დაიწყონ მოძრაობა «სამეგრელოს ასაღორძინებლად»; თავდაპირველად, დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ეკონომიკურ მოთხოვნებს წამოაყენებენ, - გაიზარდოს რეგიონში «დარჩენილი» გადასახადების ოდენობა, ფოთის პორტის შემოსავალი უპირველესად ფოთსა და სამეგრელოს მოხმარდეს და ა.შ.
    ეს ისეთი მოთხოვნებია, რომლებიც უეჭველად ჰპოვებენ გამოხმაურებას დამშეულ მოსახლეობაში. მოსახლეობის «აგდება» კი სწორედ სოციალური მოთხოვნებითაა შესაძლებელი - მით უმეტეს, დღევანდელ უმძიმეს ვითარებაში.
    თანდათანობით, სოციალური მოთხოვნები შეიძლება სხვა ხასიათის მოთხოვნებშიც გადაიზარდოს. მოვლენათა ამგვარი განვითარება დღეს გვეჩვენება შეუძლებლად, თორემ სოციალურ ნიადაგზე აღმოცენებულ დაპირისპირებას საკუთარი ლოგიკა აქვს. პროცესი, რასაკვირველია, «თანდათანობით» იქნება და არა მყისიერი. თუმცა ეს ასეც აქვთ გათვლილი მოსკოვში.
    ყველაზე მეტად საშიში შექმნილ ვითარებაში ის იქნება, თუ სამეგრელოს ელიტა (არა მხოლოდ მმართველი დაჯგუფება, არამედ გავლენიანი წრე) დაუკავშირდა ამ ორგანიზაციას და მისი მეშვეობით სცადა საკუთარი ინტერესების დაცვა. ამ შემთხვევაში, ორგანიზაცია კიდევ უფრო გაძლიერდება და ალექსანდრე ჭაჭიაც მასში «რიგით ფიგურად» იქცევა, თუმცა «ფიგურად» მას მაინც დატოვებენ.
    მდგომარეობას ართულებს ის გარემოება, რომ, როგორც ჩანს, 1999 წელი, ეკონომიკური თვალსაზრისით, წინა წელზე წარმატებული ვერ იქნება. ვერ იქნება როგორც ობიექტური, ასევე სუბიექტური მიზეზების გამო. ხოლო რაც უფრო დაიძაბება სოციალური ვითარება, მით უფრო იოლი «ასაფეთქებელი» იქნება საქართველოს ესა თუ ის რეგიონი.
    ისევ სამეგრელოდან დაიწყებენ, რაკი ყველაზე მეტი «ფეთქებადი მასალა» ახლა უკვე სწორედ იქ ეგულებათ.

მერიდიანი, 12 მარტი, 1999 წელი

მთელ გვერდზე