თბილისის საკრებულო საქართველოს ხორცმეტად იქცა
       

        უკანასკნელი მონაცემებით, თბილისის საკრებულოსა და სხვა საკრებულოების შენახვა სახელმწიფო ბიუჯეტს ყოველდღიურად ლამის 3 მილიონი ლარი დაუჯდება. ეს არის საფასური დემოკრატიისა, ანუ დემოკრატიისა - პარტიებისათვის და არა მოსახლეობისათვის.
        აქვე უნდა ითქვას, რომ ადგილობრივი არჩევნების ჩატარება «პარტიული სიებით» დიდი სისულელე იყო - ამით «ადგილობრივმა დემოკრატიამ», რომლის გარეშეც ჭეშმარიტი დემოკრატია მართლაც არ არსებობს, ყოველგვარი აზრი დაკარგა!
        «საკრებულოები», როგორც მოსალოდნელი იყო, პარტიებმა ამბიციების დასაცლელად გამოიყენეს. «საკრებულოები» მათთვის მხოლოდ «ტრამპლინია» ხელისუფლების მოსაპოვებლად, ასეთ შემთხვევაში კი, ადგილობრივი თვითმმართველობა» აზრს კარგავს. «ადგილობრივი დეპუტატი», უპირველეს ყოვლისა, ამომრჩეველზე უნდა ფიქრობდეს, თანაც უნდა ფიქრობდეს კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტის თვალსაზრისით.
        მას უნდა აღელვებდეს ისეთი საკითხები, როგორიცაა კონკრეტულად სოფელში სასუქის შეტანა, სახლის სახურავების გადათოვლა, მოსავლის დაბინავება, ნაგვის გატანა ქალაქებიდან და ა.შ. მაგრამ ამაზე ფიქრით თავს შეიწუხებს? - მათ ხომ უფრო «მაღალ მატერიებზე» და გლობალურ კონცეფციებზე უნდა იფიქრონ. ამიტომაცაა ქცეული საკრებულოთა (განსაკუთრებით თბილისის საკრებულოს) სხდომები ტრაგიკომიკურ სპექტაკლებად.
        «მაჟორიტარული» არჩევნების შემთხვევაში, დეპუტატი უპირველესად სწორედ ამომრჩეველზე (უბანზე, სოფელზე) იქნებოდა დამოკიდებული. პროპორციული წესით არჩევნების ჩატარების შედეგად (თითქმის უპრეცედენტო შემთხვევაა მსოფლიოს პოლიტიკურ ისტორიაში) იგი დამოკიდებულია პარტიაზე. ხოლო ამომრჩეველს, რომელიც ირჩევს, სწორედ «ადგილობრივ ხელისუფლებას» და არა «ადგილობრივ პარლამენტს», ფაქტობრივად, ერთმევა არჩევანის საშუალება.
        თბილისის საკრებულო ასეთი არჩევნების უაზრობის თვალსაჩინო ნიმუშია. როგორც მოსალოდნელი იყო, საკრებულო დროის უდიდეს ნაწილს ხარჯავს არა «ადგილობრივი პრობლემების» გადაწყვეტისათვის, არამედ პარტიათა შორის ურთიერთობების გარკვევაზე; ნებისმიერი გადაწყვეტილება განიხილება მხოლოდ იმ ასპექტში, ხელსაყრელი იქნება თუ არა ეს მომავალი «დიდი არჩევნებისათვის». - სხვა ამ პარტიებს არაფერი აინტერესებთ. ამიტომაც არავითარი «ადგილობრივი ხელისუფლება» ეს არ არის; იგი საქართველოში მოქმედი პარტიების, ანუ ქართული «პოლიტოკრატიის» «წინასაარჩვენო შტაბია» ადგილებზე,
        ანუ, თბილისის საკრებულო - თბილისის პარტიული შტაბია, ქუთაისისა – ქუთაისის პარტორგანიზაციის, რუსთავისა - რუსთავის და ა.შ.
        სწორედ ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ «დიდი არჩევნების» მოახლოებასთან ერთად, «ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოებში» ერთდროულად ორი პროცესი წარიმართება. ჯერ ერთი, პარტიები (მათ შორის მონათესავე პარტიები) ერთმანეთს კიდევ უფრო მეტი გააფთრებით დაეტაკებიან - ეს არც არის გასაკვირი: ისინი ხომ «ადგილობრივ არჩევნებს» - «საპარლამენტო არჩევნების» მოდელად მიიჩნევენ.
        გარდა ამისა, უეჭველად დაიწყება განხეთქილებათა სერია თვით პარტიებს შიგნით, ვინაიდან «ადგილობრივი დეპუტატებიც» აღიქვამენ საკრებულოებს მხოლოდ როგორც საფეხურს «ნამდვილი დეპუტატობისაკენ». - «საერთო-ეროვნულ სიაში» კი ყველა, უბრალოდ, ვერ «ჩაეტევა», რაც ბევრს გაანაწყენებს.
        ზოგადად, უნდა ითქვას, რომ «ადგილობრივი დემოკრატია» საქართველოში (მიუხედავად არჩევნებისა) ვერ დამკვიდრდა და, ალბათ, ვერც დამკვიდრდება; ადგილობრივი არჩევნები, ნორმალურ ქვეყანაში მაჟორიტარული (და არა პროპორციული) წესით ტარდება. ჯერჯერობით ამაზე ლაპარაკი ზედმეტია - ამიტომაც უაზრობაა რეალურ თვითმმართველობაზე საუბარი. ნუთუ ამომრჩეველი გასული წლის 15 ნოემბერს იმისათვის მოვიდა საარჩევნო უბანზე, რომ ვიღაცის ამბიცია დაეკმაყოფილებინა?
        რასაკვირველია, აქ სერიოზული როლი ითამაშა, მთლიანად, ქართული საზოგადოების ავადმყოფურმა პოლიტიზებულობამ. რაც უფრო ნაკლებ პოლიტიზებულია საზოგადოება, მით უფრო მეტია შანსი ნორმალური თვითმმართველობის ჩამოყალიბებისა და პირიქით.
        სამწუხაროდ, საქართველოში საამისო პირობები უბრალოდ არ არსებობს. ვიდრე ნორმალური (ანუ ნაკლებპოლიტიზებული) საზოგადოება ჩამოყალიბდება, ძალიან ბევრი წყალი ჩაივლის და რომც ჩამოყალიბდეს, პოლიტოკრატიამ უკვე მიიღო ისეთი კანონი «ადგილობრივი არჩევნების» შესახებ, რომელიც იმთავითვე გამორიცხავს რეალურ თვითმმართველობას, ვინაიდან გულისხმობს ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას პროპორციული წესით, ანუ პარტიული სიებით და არა მაჟორიტარი კანდიდატებით (თუნდაც ისინი პარტიამ წარადგინოს).
        აქედან გამომდინარე, როგორც გარდაუვალი შედეგი - ადგილობრივი არჩევნები საქართველოში კიდევ დიდხანს დარჩება პოლიტიკური ამბიციების ასპარეზად და იმ კრიმინალიზებულ მეწარმეთა თავშესაფრად, რომლებიც დიდძალ ფულს გადაიხდიან «იმუნიტეტის» მოსაპოვებლად.

მერიდიანი, 23 ივნისი, 1999 წელი

მთელ გვერდზე