სავალუტო ფონდის მისია პოლიტიკურ გადაწყვეტილებას თუ მიიღებს
       

        მიუხედავად იმისა, რომ 1999 წლის მიზერული ბიუჯეტის შესრულება ჯერჯერობით წარმატებით მიმდინარეობს (ყოველ შემთხვევაში, ოფიციოზის მტკიცებით «საგადასახადო» და «საბაჟო»-ს სამსახურები გეგმას გადაჭარბებით ასრულებენ), ხელფასებისა და პენსიების დავალიანება არათუ მცირდება, არამედ იზრდება კიდეც;
        ამასაც თავისი მიზეზი აქვს: წლის დასაწყისიდან საქართველომ მსოფლიო საფინანსო ცენტრებიდან ვერ მიიღო დაპირებული ფინანსური დახმარება, არსად ჩანს გრანტები, რომლებიც იმთავითვე «ჩადებული» იყო ქვეყნის ბიუჯეტში.
        ზოგიერთი ექსპერტის აზრით, აქ მჟღავნდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის უნდობლობა საქართველოს ხელისუფლებისადმი. თუმცა ყოველივეს შეიძლება სხვა მიზეზიც ჰქონდეს, კერძოდ ომი იუგოსლავიაში. დასავლეთს (უპირველესად კი ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც ფინანსური ცენტრის მთავარი დონორია) ეს სამხედრო კამპანია ძალიან ძვირი უჯდება. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნატოს გარდაუვალი გამარჯვების შემდეგ, დასავლეთი უეჭველად შეეცდება აღადგინოს მის მიერვე «ძალით დემოკრატიზებული» სერბეთი, რასაც უდიდესი სახსრები დასჭირდება.
        აქედან გამომდინარე, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა განვითარებულ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს უეჭველად შეუმცირებენ დახმარებას.
        საერთაშორისო სავალუტო ფონდის რესურსებს კი მიმართავენ რუსეთის ეკონომიკის გადასარჩენად, რათა უზრუნველყონ სერბეთის კონფლიქტში ამ ქვეყნის ნეიტრალიტეტი.
        მაშასადამე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, რომელიც საქართველოში ამჟამად მუშაობს, აღარ არის უფლებამოსილი გამოჰყოს სახსრები ჩვენი ქვეყნისათვის, ვინაიდან თანხების აკუმულირება სხვა საჭიროებისათვის მიმდინარეობს.
        სამაგიეროდ, თუ მისია მოიწონებს საქართველოში 2-3 თვის განმავლობაში მიღწეულ ძვრებს გადასახადების მობილიზების თვალსაზრისით, მან შეიძლება «მწვანე შუქი» აუნთოს სხვა ფინანსურ დონორებს, რათა საქართველოსათვის მიანც გამოჰყონ თანხები. სავალუტო ფონდის «მწვანე შუქი» კი ინვესტორებისთვისაც ძალიან ბევრს ნიშნავს.
        საქართველოს კოზირი ის არის, რომ იგი არცთუ ისე დიდი ქვეყანაა; აქედან გამომდინარე, კრიზისიდან გამოსასვლელად და საბიუჯეტო სირთულეთა დასაძლევად დიდ დახმარებას არ საჭიროებს.
        სამაგიეროდ «მცირე დანახარჯით» დასავლეთს შეუძლია წაახალისოს სახელმწიფო, რომელიც ერთმნიშვნელოვნად უჭერდა და უჭერს მხარს მის აქციებს მთელს მსოფლიოში.
        უეჭველად მართალია მოსაზრება, რომ თუ დღევანდელ ვითარებაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი მაინც გამოჰყოფს «ისააფის» დაპირებულ ტრანშს, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, რითაც დასავლეთი რეფორმების გზაზე დამდგარ საქართველოს წაახალისებს არა მხოლოდ მიმდინარე რეფორმების, არამედ, უწინარესად, პოლიტიკური მხარდაჭერისთვისაც.
        არადა, სინამდვილეში სტრუქტურული რეფორმების თვალსაზრისით, ყველაფერი რიგზე როდია. სავალუტო ფონდს ეს რეფორმა გაცილებით მეტად აინტერესებს და აღელვებს, ვიდრე მხოლოდ გადასახადების აკრეფა.
        ის ფაქტი, რომ ქვეყანა იძულებული გახდა საზღვარზე უცხოელი მებაჟეები შემოეყვანა, ავტორიტეტს ნამდვილად არ გვმატებს. ეს იყო იძულებითი ნაბიჯი, მაგრამ მან უეჭველად დაადასტურა, რომ საქართველოს არ შესწევს ძალა და უნარი, ჩამოაყალიბოს ქმედითი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი.
        თუ ასე გაგრძელდა, ვერავითარი პოლიტიკური «მოსაზრება» ვერ აიძულებს ფონდს, დააფინანსოს საქართველოს ეკონომიკა ისევე, როგორც ის არ აფინანსებს, ვთქვათ უზბეკეთის ეკონომიკას.
        საქართველოს საგადასახადო და საბაჟო სამსახურში კი მაინცდამაინც მაშინ გააუარესეს მაჩვენებლები (შემოსავლები), როდესაც სავალუტო ფონდის მისია თბილისში მუშაობს.
        საოცარია, მაგრამ ფაქტია, - მაისის თვე ყველაზე უარესად წარიმართა. 15 მაისისათვის მობილიზებულია მხოლოდ 8 მილიონი ლარი ანუ მაისის გეგმის 23,9 პროცენტი.
        მათ შორის ცენტრალურ ბიუჯეტში 4 მილიონი ლარი ანუ გეგმის 22 პროცენტი (!) სოციალური გადასახადების სახით, განვლილ პერიოდში ამოღებული 3,9 მილიონი ლარი, რაც გეგმის 3,5 პროცენტს შეადგენს.
        საბაჟო დეპარტამენტმა ნახევარ თვეში გეგმა მხოლოდ 23 პროცენტით შეასრულა.
        როგორც ჩანს, ამ სამსახურთა მესვეურებს იმედი აქვთ, რომ თვის ბოლოს აანაზღაურებენ დანაკლისს, მაგრამ ასეთი ლოგიკა სსფ-ის ექსპერტებისათვის ისევ და ისევ ინსტიტუტების ჩამოუყალიბებლობას ნიშნავს.

მერიდიანი, 17 მაისი, 1999 წელი

მთელ გვერდზე