საქართველო და სომხეთი საკუთარ ინტერესებს ერთმანეთს ვერ ამთხვევენ

        სომხეთში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დროს განზრახული იყო ახალი «ჩარჩო ხელშეკრულების» პარაფირება, მაგრამ ხელმოწერა არ შედგა, ვინაიდან ქართული მხარე უკმაყოფილო დარჩა სომხების შემოთავაზებული წინადადებებით, რომლებიც მხოლოდ მათ ინტერესებს შეესაბამებოდა. ასეთი იყო, მაგალითად, წინადადება «ორმაგი მოქალაქეობის შესახებ», რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში სომხებმა სომხეთის პრეზიდენტი უნდა აირჩიონ.
        საერთოდ, «ორმაგი მოქალაქეობა», შეიძლება ითქვას, «ლოგიკური აბსურდია», ვინაიდან, სინამდვილეში (პათეტიკის მიუხედავად), არ შეიძლება ადამიანს ორი სამშობლო ჰქონდეს. საქართველოში მცხოვრები სომეხი ან საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს, ან სომხეთისა.
        სომხურმა მხარემ პრეზიდენტთა შეხვედრების დროს ითხოვა, სწრაფად აღდგეს სადახლოს საავტომობილო გზა, რომელიც ამჟამად დანგრეულია, ხოლო საქართველოს ავტოინსპექციამ შეწყვიტოს სომეხი მძღოლების ძარცვა საქართველოს გზაზე;
        ეს საკითხი თვით სომხეთის პრეზიდენტმა დასვა. აქედან გამომდინარე, ძნელი მისახვედრი არ არის, სადამდეა საქმე მისული. სომხებს არ აინტერესებთ, თუ ზოგიერთი ავტოინსპექტორი, შეთითხნილი საბაბით, ქართველ მძღოლებსაც ძარცვავს (მაგალითად, რატომ «აფთიაქი» არა გაქვს და ა.შ.), მაგრამ სომხეთიდან მომავალი მძღოლების მიმართ განსაკუთრებული თავშეკავებულობით გამოირჩევა.
        ამ ვითარებამ, როგორც ვხედავთ, სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებზეც იქონია ზეგავლენა და ის, რომ პრობლემა ამდენი წლის განმავლობაში ვერ მოგვარდა - კვლავ და კვლავ ელემენტარულ სახელმწიფოებრივ უკულტურობაზე მეტყველებს.
        ქართველი მძღოლების მიმართ სომხეთში მსგავსი არაფერი ხდება - თუნდაც იმის გამო, რომ ქართველ მძღოლებს სომხეთში არაფერი ესაქმებათ.
        სომხეთის ხელისუფლებას არც ის აინტერესებს, რატომ ვერ არიგებს თბილისი ხელფასებსა და პენსიებს ჯავახეთში. საერთოდ, ერევანში ამ პრობლემაზე ისე საუბრობენ, თითქოს ჯავახეთი მეორე ყარაბაღი იყოს - ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთ მოვლენას ძალზე მტკივნეულად აღიქვამენ, ასეთია, მაგალითად, შეუქცევადი პროცესი რუსეთის ჯარის გაყვანისა საქართველოდან, მათ შორის, ჯავახეთიდან.
        პირველი სამხედრო ქვედანაყოფი ახალქალაქიდან გაძევებულია. მის ბედს სხვებიც აგ იზიარებენ. არადა, ახალქალაქის მოტომსროლელი დივიზია, რომლის პირადიშ შემადგენლობის აბსოლუტურ უმრავლესობას ადგილობრივი სომხები შეადგენენ - ყარაბაღის ფრონტისათვის ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის მოწოდების ძირითადი წყარო იყო.
        რუსეთის ჯარები საქართველოდან გავლენ, ვინაიდან რუსეთმა არ ინდომა ჩვენს ქვეყანასთან კომპრომისი - მას სურდა შეენარჩუნებინა სამხედრო ბაზები საქართველოში, თანაც აფხაზეთის პრობლემის მოგვარების გარეშე - აქედან გამომდინარე, რუსეთის სამხედრო ბაზების თანდათანობით შემცირება და მათი საბოლოო ლიკვიდაცია გარდაუვალია - ახალქალაქის ბაზა გამონაკლისი, რასაკვირველია, არ იქნება.
        სომხეთი გვთავაზობს, თავად მიაწოდოს ელექტროენერგია ჯავახეთს: რაკი თქვენ ვერ აწვდით, ჩვენ მივაწვდითო; დასანანია - სომხეთი, რომელსაც არანაირი ენერგეტიკული რესურსი არ გააჩნია, მზად არის იაფად მიაწოდოს ელექტროენერგია საქართველოს ერთ-ერთ რეგიონს; საქართველომ კი ამ სფეროში მდგომარეობის მოწესრიგება ვერა და ვერ მოახერხა. ერთადერთი გამოსავალია ენერგეტიკული სისტემის პრივატიზება, რასაც კვლავინდებურად ხელს უშლის და აფერხებს «ენერგომაფია»... ყოველ შემთხვევაში, საქართველოსთვის ეს ფაქტი განმსაზღვრელი არ უნდა იყოს - ქვეყანამ უნდა დაიცვას თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესები...
        საქართველოს აქვს სომხეთის ვალი 17 მილიონი დოლარის ოდენობით. იგი უკვე რესტრუქტურიზებულია. ვალი დაგროვდა 1992-1994 წლებში, როცა ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და დასავლეთ საქართვლეოში სომხეთის კუთვნილი ტვირთები იძარცვებოდა; იმ წლებში საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა ვალი ეღიარებინა, რაც სომხებს იმდენად «გაუტკბათ», რომ ახლა უკვე ორგანიზაციათა ვალების გადახდასაც მოითხოვენ, რაზედაც შევარდნაძისაგან მტკიცე უარი მიიღეს - ორგანიზაციათა ვალებისათვის სახელმწიფო პასუხს არ აგებს, რაკი არ არსებობდა არანაირი სახელმწიფო გარანტია.
       
        მერიდიანი, 1 ოქტომბერი, 1999 წელი

    მთელ გვერდზე