ვაკის არჩევანი პოლიტიკოსსა და «კაი ბიჭებს» შორის

        მომავალი არჩევნების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ინტრიგა ვაკეში იხლართება, სადაც მიხეილ სააკაშვილი და დავით სალარიძე «შეეჯახნენ» ერთმანეთს.
        თავდაპირველად, ომბუდსმენის პოსტიდან დეპუტატობის მოსაპოვებლად გადამდგარ დავით სალარიძეს (ეს გადადგომა თავისთავად უპრეცედენტო მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში - მაინც რა ვართ ეს ქართველები!), რეალური ალტერნატივა არ ჰყავდა, მაგრამ ამ საკითხზე მოქალაქეთა კავშირში კინაღამ განხეთქილება მოხდა.
        ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა (მას დეპუტატობა ისედაც განაღდებული აქვს პარტიული სიით) დაიჟინა, რომ უეჭველად უნდა ეყარა კენჭი სწორედ ვაკის რაიონში, სადაც დავით სალარიძე ცდიდა ბედს; თავდაპირველად, ზურაბ ჟვანიამ და მოქკავშირის სხვა ლიდერებმა სცადეს მისთვის განზრახვაზე ხელი აეღებინებინათ იმ მოტივით, რომ სალარიძე «ნეიტრალური» კანდიდატი იყო, მაგრამ ფრაქციის თავმჯდომარემ მაინც თავისი გაიტანა.
        მისი არგუმენტი (ეს არის სწორედ ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო) იმაში მდგომარეობდა, რომ ჯერ ერთი, სალარიძე არ არის ნეიტრალური კანდიდატი (ცნობილია მისი სიმპათიები «აღორძინების» მიმართ - ყოველ შემთხვევაში, სააკაშვილს ასე მიაჩნია); გარდა ამისა, ვაკის საარჩევნო ოლქში ცხოვრობს ქართული საზოგადოების ელიტა. სწორედ ის ელიტა, ვისაც ეკისრება პასუხისმგებლობა 1988 წლიდან ქვეყანაში განვითარებული პროცესებისათვის.
        თუ «მოქალაქეთა კავშირი» ვაკეში დამარცხდება, მაშასადამე მის პოლიტიკას ქართული საზოგადოების ელიტური ნაწილი არ უჭერს მხარს. დავუშვათ, მოქალაქეთა კავშირმა გაიმარჯვა ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ დამარცხდა ვაკეში. მიხეილ სააკაშვილის დამარცხება აღქმული იქნება, როგორც სწორედ იმ კურსისადმი უნდობლობა (ელიტის მხრიდან) რომელსაც მოქალაქეთა კავშირი ატარებს. მით უარესი ამ ელიტისათვის! გამოვა, რომ საზოგადოების უმრავლესობა და მისი ყოფილი ელიტა განსხვავებულ, უფრო მეტიც, - რადიკალურად საპირისპირო პოზიციებზე დგანან კარდინალურ საკითხებში. რამდენიც უნდა ეცადონ ახლა სიტუაცია ისე წარმოაჩინონ, თითქოს მხოლოდ პიროვნებები უპირისპირდებიან ერთმანეთს, - არაფერი გამოუვათ.
        მიხეილ სააკაშვილისა და დავით სალარიძის სახით მაინც პოლიტიკურ ანტაგონიზმთან გვაქვს საქმე. თანაც, ანტაგონიზმი შექმნა სწორედ მიხეილ სააკაშვილმა, რომლის სიჯიუტე, შესაძლოა, ბევრს აღიზიანებს, მაგრამ მეორე მხრივ, ასეთი პრინციპული გამიჯვნის გარეშე პოლიტიკური არჩევანი ვერ გაკეთდება.
        დავით სალარიძეს ჰქონდა სურვილი კენჭი ეყარა, უბრალოდ, როგორც ვაკელს, სადაც ყველა იცნობს - «კაცურკაცს» ანუ ძველი გაგებით - ძმაკაცურს, მოქეიფეს, «გამკეთებელს» და ასე შემდეგ.
        ამ დროს კი, საქმეში ერთვება ვიღაც კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, რომელიც თავისი აბეზარი «პრინციპულობით» ურთულებს საქმეს მანამდე ფავორიტად მიჩნეულ კანდიდატს, - გადააქვს დაპირისპირება პოლიტიკურ სიბრტყეზე მაშინ როდესაც (სამართლიანობა მოითხოვს ვაღიაროთ) არც დათო სალარიძეს, არც მის მხარდამჭერებს აზრადაც არ მოსვლიათ არჩევნების პოლიტიზება ვაკეში;
        ერთი შეხედვით, თითქოს პარადოქსია, მაგრამ სალარიძეს სურდა, ვაკეში ჩატარებულიყო არაპოლიტიკური არჩევნები, როდესაც არანაირი პოლიტიკური პროგრამა (ვინმეს საწინააღმდეგოდ, ან ვინმეს მომხრედ) კანდიდატებს არ ექნებოდათ, - გაიმარჯვებდა მათ შორის ის, ვისაც ვაკელები უფრო «კაი ბიჭად» მიიჩნევდნენ - მთელი ცხოვრებისეული გამოცდილებით, დაწყებული ახალგაზრდობით, ჩხუბით, რომანტიკული ისტორიებით, ძმაკაცობით, ადამიანური ურთიერთობებით და ა.შ.
        ამ თვალსაზრისით, დავით სალარიძე, როგორც გარკვეულწილად ლეგენდარული ფიგურა, როგორც იმ თაობის წარმომადგენელი, რომელმაც ე.წ. «თბილისური, ქალაქური აურა და გაგება» შექმნა და 50-იანი წლებიდან 80-იან წლების დასაწყისამდე ჩამოაყალიბა მიკროსაზოგადოება ვაკე-ვერა-საბურთალოზე, - აპოლიტიკური არჩევნებისას უეჭველად დასჯაბნის მიშა სააკაშვილს, მაგრამ საკითხავიც სწორედ ის არის, რა განწყობით მივა ამომრჩეველი საარჩევნო ყუთთან და რას მისცემს ხმას, ანუ რამდენად პოლიტიზებული იქნება იგი კენჭისყრისას.
        სხვათა შორის, ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენად მავნე და რეგრესულია ზოგადად პოსტსაბჭოურ სივრცეში მაჟორიტარული არჩევნები. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა იმთავითვე კონსერვატიულია, - არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ დიდ ბრიტანეთში დაიმკვიდრა მან ადგილი სრულყოფილი სახით.
        ის ქვეყანა კი, სადაც რეფორმების გატარებას ცდილობენ, უეჭველად მხოლოდ პროპორციულ არჩევნებს უნდა ატარებდეს, როდესაც ელექტორატი პოლიტიკურ პროგრამებსა და იდეებს ადარებს და არა იმას, ვინ უკეთ თამაშობდა ფეხბურთს და ვის-ვისთვის დაუმტვრევია ცხვირ-პირი ჭაბუკობაში.
        ამ თვალსაზრისით, მოქალაქეთა კავშირს შეეძლო სალარიძისთვის დაეპირისპირებინა (ვთქვათ) რეზო ამაშუკელი ან ვოვა ქარსელაძე, მაგრამ არა მიშა სააკაშვილი.
        თუ სააკაშვილი ამ არჩევნებს წააგებს, ფუჭი იქნება ყოველგვარი საუბარი იმაზე, რომ «სალარიძემ ფულით მოიგო, საგადასახადო დაეხმარა და ა.შ.».
        ჯერჯერობით, სარეკლამო კამპანიას უკეთ და უფრო ფართოდ სწორედ სააკაშვილი აწარმოებს. გარდა ამისა, ბოლოს და ბოლოს, არანაირი საბუთი არ არსებობს დავით სალარიძის კორუმპირებულობისა, - ამ გაგებით, მაშინ უფროსი თაობის ყველა თანამდებობის პირი კორუმპირებულია.
        სალარიძის დანაშაული ნამდვილად არ არის, რომ ადრე დაიბადა და თანამდებობაც ეკავა; ასე რომ, აქ ამაში არაა საქმე – აპრიორი დავუშვათ, სალარიძეც და სააკაშვილიც უმწიკვლოდ პატიოსანი ადამიანები არიან, მაგრამ მთავარია, ამომრჩეველი როგორ აღიქვამს მათ პაექრობას და ვის დაუჭერს მხარს ძველი ქართული საბჭოთა ელიტა; ანუ, აქვს თუ არა მას საერთოდ განახლების, დროის, ეპოქის აღქმის უნარი.
        სალარიძის უდავო პიროვნული ღირსებების მიუხედავად, მიშა სააკაშვილის დამარცხება ვაკეში - წარსული ეპოქის ქართული ელიტის საბოლოო კრახი იქნება.

7 დღე, 18 ოქტომბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე