რატომ აორთქლდა რუსული სამხედრო ქვედანაყოფი

        საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯერჯერობით არა აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ სინამდვილეში რა მოხდა ჯავახეთში, სადაც რუსეთის მოტომსროლელი დივიზიის ერთ-ერთი ქვედანაყოფი (სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა) მოულოდნელად გაქრა.
        რუსული მხარე ამტკიცებს, რომ შენაერთი არსადაც არ გამქრალა, სხვა სამხედრო ქალაქში გადავიდა.
        გამოდის, რომ არსებული «უძრავი» ინფრასტრუქტურა რუსებმა საქართველოს დაუტოვეს, მაგრამ ჯერ კიდევ საკითხავია, შეძლებს თუ არა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ჯავახეთში საკუთარი (ქართული) ქვედანაყოფების შეყვანას.
        რუსეთის გენერალიტეტი ჩვენს ქვეყანაში აგრძელებს რაღაც ძალიან საეჭვო და საშიშ თამაშს, რომლის საბოლოო სტრატეგიული მიზანი (ქვეყნის შემდგომი დაქუცმაცება) ადვილად ამოსაცნობია, მაგრამ ყოველთვის არ არის ნათელი, რა ტაქტიკურ მიზანს ისახავს ესა თუ ის გადაწყვეტილება.
        არ არის გამორიცხული, ამ შემთხვევაშიც ჩვეულებრივ პროვოკაციასთან გვქონდეს საქმე; ისევე, როგორც რამდენიმე თვის წინ, როდესაც რუსებმა თვითონ «დაპატიჟეს» საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ჯავახეთში ერთობლივ სამხედრო სწავლებაზე, შემდეგ კი (როცა საქმე - საქმეზე მიდგა და ქართული ჯარი ჯავახეთს მიადგა) მოულოდნელად აორთქლდნენ, ანუ ქართველი ჯარისკაცები (მიუხედავად შეიარაღებულობისა, ისინი სრულიად უმწეონი იყვნენ) ადგილობრივ ბრბოს შეატოვეს ხელში.
        შესაძლოა, ახლაც ასეთივე ჩანაფიქრია - თუ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შეეცდება დაიკავოს მიტოვებული სამხედრო ქალაქი - წინ უმალვე გადაეღობება სომხური მოსახლეობა. რუსულ «გენშტაბში», რა თქმა უნდა, ოცნებობენ - ეგება ამ დაპირისპირებიდან კიდევ ერთი ეთნოკონფლიქტი გამოდნესო. გაიძვერული არგუმენტიც ექნებათ: ხომ მოითხოვდით სამხედრო ინფრასტრუქტურის გადმოცემას – ჰოდა, ჩვენც გადმოგეცითო.
        სინამდვილეში, რასაკვირველია, არაფერიც არ გადმოუციათ - უბრალოდ, მიმდინარეობს ჩვეულებრივი თამაში, ხოლო რუსული კონტინგენტი საქართველოში (ოთხივე ბაზაზე) დღითიდღე მცირდება ობიექტური მიზეზებით: უპირველესად, დაფინანსების სიმწირის გამო.
        სტრატეგიული თვალსაზრისით რუსეთს საქართველოში საკუთარი ბაზები სჭირდება მხოლოდ ასე ვთქვათ, «მეორადი დანიშნულებით», რაც წამოსცდა კიდეც ერთხელ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეევს: საქართველოში არსებული ბაზები მხოლოდ სომხეთთან დაკავშირებით გვჭირდებაო.
        ასეთივე «აზრებითაა» აღსავსე რუსული პრესის პუბლიკაციები სამხედრო-სტრატეგიულ თემატიკაზე: «საქართველო რუსეთისთვის მხოლოდ სამხედრო-სატრან ზიტო სახელმწიფოა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან - სომხეთთან მუდმივი კავშირისათვის». სომხეთი უკვე იქცა რუსეთის პლაცდარმად სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ მუდმივი ურთიერთქმედებისათვის აუცილებლად სჭირდება (ორივეს) საქართველო; თუ მაგალითად, სამხედრო ტექნიკა შედის ახალქალაქის სამხედრო ბაზაში - ეს იმას ნიშნავს, რომ იგი შედის (ფორმალურად) საქართველოში და არა სომხეთში, ხოლო აზერბაიჯანში პროტესტი უნდა გამოუცხადოს საქართველოს და არა სომხეთს.
        ხოლო რუსეთი «მხრებს აიჩეჩავს». გვაქვს სამხედრო ბაზები საქართველოში, ვმოქმედებთ საქართველოს ხელისუფალთა თანხმობით, ანუ «მასპინძელს უხარია და შენ ვინ გკითხავს?»
        ასე გაგრძელდება მანამ, ვიდრე რუსეთის სამხედრო ბაზებს ქვეყნიდან არ გავისტუმრებთ;
        რუსული ბაზები საქართველოში კრემლის იმპერიალიზმის გადმონაშთია, ოღონდ, არა ატროფირებული.

მერიდიანი, 4 აგვისტო, 1999 წელი

მთელ გვერდზე