რუსეთს საქართველო ბალკანეთსაც ურჩევნია
       

       

        იუგოსლავიის გარშემო მიმდინარე მოვლენები საქართველოსათვის ერთდროულად ნიშანდობლივიცაა და უაღრესად ხელსაყრელიც, რათა დაუყოვნებლივ ვისარგებლოთ შექმნილი მდგომარეობით აფხაზეთის პრობლემის გადასაწყვეტად.
        უმთავრესი გაკვეთილი, რომელიც ბალკანეთზე განვითარებული პროცესებიდან გამომდინარეობს, უდავოდ ისაა, რომ ზოგადად დასავლეთს და უპირველეს ყოვლისა, ამერიკის შეერთებულ შტატებს უკვე შესწევს ძალა, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში (მცირე გამონაკლისის, - ალბათ უშუალოდ რუსეთის ან ჩინეთის ტერიტორიის გარდა) – მართოს ეს პროცესები და აიძულოს მხარეები, მიიღონ მის მიერ შეთავაზებული თამაშის წესები.
        კოსოვოს პრეცედენტი ის კი არ არის, თითქოს დასავლეთმა სეპარატიზმს დაუჭირა მხარი (როგორც რუსულ მასმედიას სურს წარმოადგინოს) – მთავარი სულ სხვა მომენტია: დასავლეთის ეგიდით მოწვეული იყო საერთაშორისო კონფერენცია, რომელმაც გამოიმუშავა კონფლიქტის გადაწყვეტის სავსებით კონკრეტული გეგმა; იგი ითვალისწინებდა იუგოსლავიის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას, ოღონდ კოსოვოსათვის ფართო ავტონომიის მინიჭების პირობით.
        რაც მთავარია, კოსოვოში უნდა განლაგებულიყო საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტი (საპოლიციო უფლებებით და არა მხოლოდ მეომარ მხარეთა გამიჯვნის ფუნქციით), რომელსაც უნდა უზრუნველეყო მიღწეულ შეთანხმებათა იმპლემენტაცია (განხორციელება); სერბი დიპლომატები (მოსკოვიდან წაქეზებით), ეშმაკურად ცდილობდნენ ხელი მოეწერათ მხოლოდ პოლიტიკური ნაწილისთვის, ხოლო «განხორციელების» საკითხი ღიად დაეტოვებინათ, მაგრამ არ გამოუვიდათ.
        რამბუიეს კონფერენციაზე დასავლეთმა მხარეებს ფაქტობრივად ულტიმატუმი წაუყენა, - მოეწერათ ხელი დოკუმენტისთვის, ან უარი ეთქვათ. კოსოვოელმა ალბანელებმა დოკუმენტს ხელი მოაწერეს, სერბებმა - უარი განაცხადეს, ამიტომ დასავლეთის რისხვაც მათ დაატყდა თავს. ესე იგი, შემუშავებული დოკუმენტი იყო არა მხარეთა მოლაპარაკების (სერბებსა და ალბანელებს შორის მოლაპარაკება ამ საკითხზე შეიძლებოდა წლობით გაგრძელებულიყო სრულებით ფუჭად და უშედეგოდ, თანაც - სისხლისღვრის ფონზე!) არამედ საერთაშორისო კონსენსუსის შედეგი, რომელიც შედგა საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
        საერთაშორისო სამართალი კი მოითხოვს ორი ფუძემდებლური პრინციპის: ერთა თვითგამორკვევისა და სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთშეფასებასა და ბალანსირებას.
        პრობლემის არსი იქ იმაში მდგომარეობდა, რომ სერბები (მათთვის კოსოვოს ისტორიული მნიშვნელობის გამო) წინააღმდეგნი იყვნენ ყოველგვარი «ბალანსისა» და მხოლოდ აბსოლუტურ სუვერენიტეტს სცნობდნენ კოსოვოს ოლქზე, რასაც, რასაკვირველია, ალბანელები არ დაეთანხმებოდნენ.
        სწორედ ამ წინააღმდეგობის შედეგი იყო მილოშევიჩის გადაწყვეტილება კოსოვოს ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ, რომელიც მან ჯერ კიდევ 1993 წელს მიიღო. თუმცა, ეს სხვა საუბრის თემაა.
        ამჯერად ყველაზე მთავარი ის არის, რომ ბალკანეთზე შეიქმნა ძალიან საყურადღებო და ნიშანდობლივი პრეცედენტი, რომელიც ქართულმა დიპლომატიამ აქტიურად უნდა გამოიყენოს.
        დავაკვირდეთ განსხვავებას აფხაზეთისა და კოსოვოს გარშემო დიპლომატიურ მოვლენათა განვითარებას შორის. ძნელი შესამჩნევი არ არის, რომ ფორმულა აბსოლუტურად საპირისპიროა: აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგებაშიც სიმბოლურად მონაწილეობს საერთაშორისო თანამეგობრობა, - თუნდაც იმავე გაეროს სახით, რომლის ეგიდითაც მიმდინარეობს მოლაპარაკება, მაგრამ ეს მონაწილეობა მხოლოდ ფორმალურია.
        გაერო ქმნის ფორმალურ პირობებს მხარეთა მოლაპარაკებებისათვის, მაგრამ შედეგი უშუალოდ მხარეებზეა დამოკიდებული, ანუ თვით კონფლიქტში მონაწილე მხარეებმა უნდა მოილაპარაკონ, შეთანხმდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ დაადასტურებს გაერო მათ შეთანხმებას.
        დასავლეთმა ამ შემთხვევაში სწორედ გაეროს «გადააბარა» პრეროგატივა, თუმცა დასავლურ დედაქალაქებში შესანიშნავად უწყიან, რომ ეს მოლაპარაკება უსარგებლო იქნება. აფხაზი სეპარატისტები გამარჯვებულნი არიან სამხედრო თვალსაზრისით, ანუ იარაღით მოპოვებულს «დიპლომატიურ მაგიდასთან» არ დათმობენ – მით უმეტეს, რომ ამის გაკეთებას მათ არავინ და არაფერი აიძულებს.
        ასეთი ფორმულით მიმდინარეობს სწორედ ქართულ-ოსური, ქართულ-აფხაზური, სომხურ-აზერბაიჯანული მოლაპარაკებები. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ეს მოლაპარაკებები (ამ ფორმულით) კიდევ 100 წელიწადსაც რომ გაგრძელდეს, შედეგი ნულოვანი იქნება.
        იმავე ფორმულით (და ასევე უშედეგოდ) მიმდინარეობს მოლაპარაკება კვიპროსის თაობაზე. ყველა ამ შემთხვევას აერთიანებს ერთი რამ: საერთაშორისო თანამეგობრობა მხოლოდ პირობებს ქმნის მოლაპარაკებებისათვის, მაგრამ თვითონ არ სთავაზობს კონფლიქტის მონაწილეებს კონკრეტულ ფორმულას, კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ უნდა გადაწყდეს პრობლემა.
        კოსოვოსთან დაკავშირებით კი (ვიმეორებ) დასავლეთმა სულ სხვა პოზიცია დაიკავა: კი არ დაელოდა, სანამ მხარეები თვითონ მიაღწევდნენ შეთანხმებას (ასეთ შემთხვევაში მოლაპარაკება სრულებით ფუჭად და უსარგებლოდ წლობით გაგრძელდებოდა), არამედ შესთავაზა მათ კონკრეტული გეგმა, რომელიც საერთაშორისო სამართლიდან გამომდინარეობდა - ამით აიძულა კონფლიქტის მონაწილე მხარეები, ერთმნიშვნელოვნად გამოეხატათ თავიანთი პოზიცია (ნაცვლად მოლაპარაკებებზე წლობით დისკუსიებისა) და უმალვე გამოჩნდა, ვინ არის სინამდვილეში მშვიდობის მომხრე, ვინ მიდის კომპრომისზე და ვინ - წინააღმდეგია ყოველგვარი კომპრომისისა.
        ქართული დიპლომატიის ძალისხმევა უახლოესი თვეებისა და წლების განმავლობაში სწორედ იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ შევცვალოთ აფხაზეთში სამშვიდობო პროცესის (ჯერ სამშვიდობო პროცესის და არა უშუალოდ სამშვიდობო ოპერაციის) ფორმულა, ანუ შევქმნათ ისეთი ვითარება, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა (შუამავალი) იქნება არა კონფლიქტის «მაყურებელი», არამედ უშუალოდ მიიღებს მასში მონაწილეობას და შეიმუშავებს კონფლიქტის მოწესრიგების კონკრეტულ გეგმას.
        ამ შემთხვევაში, ვინაიდან აფსუა სეპარატისტებმა თითქმის აბსოლუტურ გამარჯვებას მიაღწიეს და მათთვის ყოველგვარი უკანდახევა მიუღებელია, უმალვე გამოჩნდება, ვინ დგას უკომპრომისო პოზიციაზე და ვინ არის ნებისმიერი კომპრომისის წინააღმდეგი.
        რასაკვირველია, «ფორმატის შეცვლა» გულისხმობს დასავლეთის დიდ სახელმწიფოთა უშუალო დაინტერესებას; წინააღმდეგ შემთხვევაში მათი პოზიცია კვლავინდებურად გულგრილი იქნება, მაგრამ ვინაიდან კავკასია «გეოპოლიტიკურ პასეანსში» სულ უფრო მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, - ეს დაინტერესებაც ადრე თუ გვიან უეჭველად მოვა.
        მთავარია თვისებრივად სწორი მიმართულება გვქონდეს აღებული. გარდა ამისა, რატომ არ შეიძლება იმავე მიზნით რუსეთის დაინტერესების გამოყენება? რუსეთი უკვე დაინტერესებულია «დაასწროს» დასავლეთს პოსტსაბჭოურ სივრცეზე წარმოშობილი კონფლიქტების მოწესრიგებაში ჩარევა, თორემ მოსკოვში შესანიშნავად ესმით, რომ ადრე თუ გვიან (არცთუ დიდი ხნის შემდეგ) დასავლეთი პოსტსაბჭოური კონფლიქტებისთვისაც მოიცლის.
        აქედან გამომდინარე, ალბათ მიზანშეწონილი იქნებოდა საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყება დაუყოვნებლივ (ბალკანეთის კრიზისის მოწესრიგებამდე) გამოვიდეს ინიციატივით, რათა მოსკოვში (ჯერ სწორედ მოსკოვში) მოიწვიონ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების კონფერენცია აფხაზეთის კონფლიქტის მოსაწესრიგებლად, რომელმაც უნდა გამოიმუშავოს კონკრეტული წინადადებები არა მხარეთა მოლაპარაკების, არამედ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
        რა თქმა უნდა, ეს კონფერენცია უშედეგოდ დასრულდება, მაგრამ ამის შემდეგ საქართველოს უკვე ნამდვილად ექნება პოლიტიკური საშუალება, რათა მოითხოვოს კონფერენციის მოწვევა არა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, არამედ გაეროს ეგიდით, - დასავლეთის ქვეყნების მონაწილეობით.
        არც ეს კონფერენცია გამოიღებს კონკრეტულ შედეგს, - დასავლეთი აფხაზ სეპარატისტთა წინააღმდეგ ომს არ დაიწყებს, მაგრამ «ახალი ფორმატის» ფარგლებში მაინც შესაძლებელი გახდება რეალური კომპრომისის მიღწევა სეპარატისტებთან; თუ იუგოსლავიის შემთხვევაში დასავლეთის არგუმენტი «ჭკვიანი ლაზერული ბომბები» იყო, აფხაზეთის შემთხვევაში მისი არგუმენტი შეიძლება ფინანსური ინვესტიცია გახდეს.
        ასეა თუ ისე, მოლაპარაკებათა გადაყვანა «კვიპროსის» მოდელიდან (იქ მოლაპარაკება 15 წელია გრძელდება სრულებით უშედეგოდ) - «რამბუიე-პარიზის» მოდელზე, საქართველოსათვის ყველა შემთხვევაში მომგებიანი იქნება იმ უბრალო მიზეზით, რომ დასაკარგი არაფერი გვაქვს, - რაც დასაკარგი გვქონდა, ისედაც დავკარგეთ და «ძველი ფორმატით» მოლაპარაკებათა გაგრძელება წყლის ნაყვის «სიბრძნეა».
        რუსეთის აგრესია მეზობელი ქვეყნების მიმართ უახლოეს მომავალში ახალი ძალით იფეთქებს, ხოლო ამ აგრესიის ინტენსიურობა იუგოსლავიაში საომარ მოქმედებათა ინტენსიურობის პირდაპირპროპორციული იქნება.
        თუ ომი ბალკანეთზე «გრძელვადიან» ხასიათს შეიძენს, მაშინ რუსეთსაც შეეძლება «მართვადი ქაოსის» გრძელვადიანი მეთოდები გამოიყენოს პოსტსაბჭოურ სივრცეზე; მაგრამ ვინაიდან უეჭველია, რომ ნატო შეეცდება 2-3 თვეში დაასრულოს ომი, - რუსეთიც მაქსიმალურად გამოიყენებს ამ პერიოდს.
        დარწმუნებით შეიძლება ითქვას ისიც, რომ დარტყმის მთავარი ობიექტი საქართველო იქნება ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, საქართველო «მთავარი დარტყმის» ყველა შესაძლო ობიექტთაგან მიზეზთა გამო ყველაზე სუსტია. გარდა ამისა, საქართველოს «აფეთქებით» ერთხელ და სამუდამოდ «ჩაიკეტება» ევრაზიული დერეფანი, რომლითაც შესაძლებელი იყო დასავლეთში ცენტრალური აზიის თითქმის უშრეტ ბუნებრივ სიმდიდრეთა ტრანსპორტირება.
        საქართველოს «აფეთქება» კი კრემლს ორი ძირითადი ხერხით შეუძლია: პრეზიდენტ შევარდნაძის ფიზიკური ლიკვიდაციით და საქართველოში ეთნიკური ან რეგიონული დაძაბულობის ახალი კერის შექმნით.

        მას შემდეგ, რაც «გავლენის აგენტთა» მეშვეობით რუსეთის სპეცსამსახურებმა ორჯერ ვერ მოახერხეს შევარდნაძის ლიკვიდაცია, ამჯერად (თუ ეს მეთოდი აირჩიეს) შეეცდებიან, უშუალოდ ჩაერთონ საქმეში.
        მართალია ეს ძალზე სარისკოა, ვინაიდან შეიძლება აშკარა «კვალი» დატოვონ, მაგრამ ვის ეცლება «მამხილებელი მასალებისთვის» მსოფლიოში, როდესაც კაცობრიობა ლამის ატომური ომის ზღვარზე იმყოფება? ამრიგად, დღეს ედუარდ შევარდნაძეს ყველაზე მეტად ემუქრება უშუალო საფრთხე. თავდასხმის ალბათობა მაღალია, როგორც არასდროს – 1992 წლიდან დღემდე.
        ამ სტატიის ავტორი არავითარ კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს. - «უშიშროება» ტყუილად ნუ შეწუხდება, უბრალოდ, ასეთი დასკვნა გამომდინარეობს საერთო ვითარების ანალიზიდან.
        თუ კრემლმა გადაწყვიტა მეორე მეთოდი გამოიყენოს და იმავე მიზნის მისაღწევად «დაძაბულობის ახალი კერა» შექმნას, მაშინ ასპარეზი დასავლეთ საქართველო, უფრო კონკრეტულად კი სამეგრელო გახდება.
        ნამდვილად არ არის შემთხვევითი, სწორედ ახლა, ელიავას ხროვის გააქტიურება და (პარალელურად) ვითარების დაძაბვა ფოთში. ფოთი სპეცსამსახურთა უმთავრესი სამიზნეა. დღეს ფოთი საქართველოს გეოპოლიტიკური პოტენციალისა და თვით სახელმწიფოებრიობის ხერხემალია.
        დავაკვირდეთ, როგორ ვითარდება მოვლენები, როგორ იძაბება თანდათანობით სიტუაცია (საბაბს არ აქვს მნიშვნელობა) ფოთის ე.წ. «საკრებულოსა» და ქალაქის მერიას შორის; რა თქმა უნდა, სწორედ ამ ვითარებაში უნდა გამოჩენილიყო ჭაჭია მისი იდეოლოგიით.
        ეს ყოველივე, როგორც შესანიშნავი რომანის გმირი იტყოდა «ერთმანეთს ჰგავს», ანუ კარგად გააზრებული გეგმის ნაწილია. უახლოეს მომავალში «სიმპტომები» უეჭველად გამრავლდება და ერთიანი პროცესის ხასიათს მიიღებს, რისი მნიშვნელიცაა უკანასკნელი პროვოკაციები სამეგრელოში.
        თუ სპეცსამსახურებმა მოახერხეს სამეგრელოში ვითარების დესტაბილიზაცია, ტრაიბალიზმის სენის ფართოდ გავრცელება, გეგმა ფაქტობრივად განხორციელდება და კრემლის ტრიუმფი გარდაუვალია.
        შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ამის შემდეგ თბილისელმა მგელმა ჟენკა პრიმაკოვმა (სხვათა შორის, იგი შესანიშნავად იცნობს საქართველოს) «ცხვრის ქურქი» მოისხას და ქმედითი სამშვიდობო წინადადებები წამოაყენოს ბალკანეთზე, რათა ერთდროულად კიდევ რამდენიმე კურდღელი დაიჭიროს - «ზესახელმწიფოს» სტატუსი დაუდასტუროს რუსეთს, დასავლეთთანაც ურთიერთობა შეინარჩუნოს და სავალუტო ფონდის კრედიტები მიიღოს.
        ოღონდ ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც საქართველოში «ელვისებური ოპერაცია» დასრულდება – საქართველოს უბედურება, რასაკვირველია დასავლეთში არავის ეხსომება. უფრო მეტიც, - ჩვენს უბედურებას საერთოდ ვერც შეამჩნევენ, იმდენად იქნებიან თავბრუდახვეულნი სიხარულით ბალკანეთის კრიზისის დაძლევის გამო.
        ალბათ მილოშევიჩიც შეიძლება გამორჩეს რამეს, თუმცა რუსეთი მას უფრო დაუბრუნებს «ხურდად» დასავლეთს, ვიდრე საქართველოს დათმობს.
        არანაირი გადაჭარბება არ არის იმის მტკიცება, რომ საქართველო რუსეთისათვის თანამეგობრობის საკვანძო ქვეყანაა.

7 დღე, 23 აპრილი, 1999 წელი

მთელ გვერდზე