გუდაუთის სამხედრო ბაზა საქართველოს სხეულში ჩადებული ნაღმია

        საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, რეზო ადამიამ კვლავ მწვავედ დასვა საკითხი გუდაუთის სამხედრო ბაზიდან რუსეთის სამხედრო კონტიგენტის გაყვანის შესახებ. ფაქტობრივად, ეს მოთხოვნა აფხაზეთიდან რუსეთის ჯართა გაყვანის ტოლფასია (გარდა «სამშვიდობო ძალებისა», რომელიც გალის რაიონში ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე იმყოფება)
        ამჟამად გუდაუთაში დისლოცირებულია რუსეთის საპარაშუტო სადესანტო შენაერთი - სწორედ ის ¹345-ე პოლკი, რომელიც 9 აპრილის ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობდა. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანის ქალაქ განჯიდან მისი აფხაზეთში «გადასროლა» შემთხვევითი არ ყოფილა. ამით ჩვენს ჩრდილოელ მეზობლებს საქართველოს კიდევ ერთხელ დამცირება და «ჩაწიხვლა» სურდათ, თორემ განჯის საჰაერო-სადესანტო დივიზიაში ¹345-ეს გარდა კიდევ მინიმუმ ათი სხვა საპარაშუტო-სადესანტო პოლკი იყო.
        ფორმალურად, პოლკი გუდაუთის ბომბორას აეროდრომზე იცავს რუსეთის სამხედრო საჰაერო-სადესანტო ძალთა ესკადრილიას, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესია კავკასიაში.
        ეს შენაერთი აქტიურად მონაწილეობდა 1992-1993 წლების საბრძოლო მოქმედებებში სეპარატისტთა მხარეს: ზოგჯერ პირადი შემადგენლობაც ერთვებოდა სოხუმელთა ხოცვა-ჟლეტაში (ქართველი მებრძოლები იხსენებდნენ, რომ ხშირად ხედავდნენ ნიღბიან მოწინააღმდეგეს), გუდაუთელი მედესანტეები აფხაზ «ბოევიკებს» ამზადებდნენ გუდაუთის სამხედრო ბაზაზე, აწვდიდნენ არძინბას სადაზვერვო ინფორმაციას, იარაღს, ეხმარებოდნენ დაზიანებული ტექნიკის შეკეთებაში და ა.შ.
        ერთი სიტყვით, რაც კი შეეძლოთ, ყველაფრით უზრუნველყოფდნენ.
        იმავდროულად, ზემოთნახსენები ესკადრილია განუწყვეტლივ ბომბავდა სოხუმს – ვითომდაც იმ საბაბით, რომ სოხუმის დამცველთა არტილერია ესროდა ეშერას იდუმალებით მოცულ ლაბორატორიას, სადაც იმავე სადესანტო პოლკის ქვედანაყოფი იყო დისლოცირებული. ამ ლაბორატორიაში რუსი ჯარისკაცების ყოფნა ნაძირალა გრაჩოვს სწორედ საამისოდ სჭირდებოდა - რათა ჰქონოდა საბაბი სოხუმის პერმანენტული დაბომბვისათვის.
        ერთი სიტყვით, გუდაუთის რუსული სამხედრო ბაზა ნამდვილი კრაზანათა ბუდეა, რომლის მოშლა საქართველოსთვის ერთობ სასიკეთო იქნება. სხვა საკითხია, რამდენად რეალურია ეს შექმნილ ვითარებაში.
        რუსეთი საბოლოოდ შეტრიალდა პირით კომუნიზმისა და იმპერიალიზმისაკენ. ევგენი პრიმაკოვი სწორედ ამ ძალთა ინტერესების გამომხატველია. იოლად ისინი საქართველოდან ჯარს არ გაიყვანენ - მათ შორის არც გუდაუთის პოლკს. იურიდიული თვალსაზრისით მოსკოვის არგუმენტი შემდეგი იქნება: «საქართველოდან (ამ შემთხვევაში, აფხაზეთს, რასაკვირველია, საქართველოს ნაწილად აღიარებენ, რაკი ასე აწყობთ) რუსეთის ბაზების გაყვანის საკითხი უნივერსალურ გადაწყვეტას მოითხოვს – ეს ორმხრივი მოლაპარაკების საგანია».
        შუალედური დოკუმენტით, რომელსაც ედუარდ შევარდნაძემ და ვიქტორ ჩერნომირდინმა 1995 წლის სექტემბერში ხელი მოაწერეს, სამხედრო ძალები დაკანონებულია, თუმცა ხელშეკრულება არ არის რატიფიცირებული საქართველოს პარლამენტში, ამდენად მისი ლეგიტიმაცია მხოლოდ ნაწილობრივია.
        თუმცა ესეც საკმარისია, რათა რუსეთმა (სამხედრო ბაზების გასაყვანად) მოითხოვოს საქართველოს ხელისუფლების ერთმნიშვნელოვანი ვერდიქტი, - ვთქვათ, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილება რომც გამოიტანონ ეს, რასაკვირველია არ ნიშნავს ჯარების გაყვანას. ბალტიის ქვეყნებსაც კი, რუსეთის ჯართა მოსაშორებლად მრავალწლიანი მოლაპარაკება დასჭირდათ, თანაც, იმხანად ამაში მთელი მსოფლიო იყო ჩართული, - ამერიკის ადმინისტრაციამ ერთდროულად რამდენიმე განცხადება გააკეთა, მაგრამ საკითხი მხოლოდ რამდენიმე წლის პოლიტიკური ბრძოლის შედეგად გადაწყდა.
        იგივე განმეორდება საქართველოშიც. რუსები უეჭველად მოგვთხოვენ ჯერ ერთმნიშვნელოვან ვერდიქტს, შემდეგ კი განაცხადებენ, რომ ჯარების გაყვანას რამდენიმე წელი დასჭირდება.
        მხოლოდ გუდაუთიდან ჯარების გაყვანას მათ ვერ მოვთხოვთ და რომც მოვთხოვოთ, ამას ვერ მივაღწევთ, ვინაიდან ასეთი მოთხოვნა აბსურდულია, - გუდაუთის სამხედრო ბაზა ნაწილია საქართველოში რუსეთის სამხედრო ინფრასტრუქტურისა. თუ ჩვენი ხელისუფლება რუსეთის ჯართა გაყვანას მოითხოვს, მაშინ სხვადასხვა კონტინგენტის დისლოკაციის შეცვლა, მათი გაყვანის რიგითობა - უკვე მხოლოდ მოლაპარაკებათა საგანია. შეუძლებელია (რეალობიდან გამომდინარე), რუსებს იმთავითვე მივუთითოთ, რომელი ქვედანაყოფი გაიყვანონ პირველად და რომელი - მეორედ.
        მით უმეტეს, აბსურდული იქნებოდა საკითხის შემდეგნაირად დასმა: «გაიყვანეთ გუდაუთის სამხედრო დაჯგუფება საქართველოდან, სხვა ყველა კი დატოვეთ (თუნდაც ჯერჯერობით)». ამ შემთხვევაში, საერთოდ საანეკდოტო ვითარებაში შეიძლება აღმოვჩნდეთ.
        ზემოთქმულიდან ერთმნიშვნელოვნად გამომდინარეობს დასკვნა: საქართველომ ან საერთოდ უნდა მოითხოვოს ყველა რუსული სამხედრო ბაზის ლიკვიდაცია, ან შეურიგდეს რუსული სამხედრო ბაზის არსებობას გუდაუთაში. მესამე ალტერნატივა არ არსებობს, თუმცა რუსული გენერალიტეტი ამისათვის მზად არის - «ყოველი შემთხვევისათვის».
        სანამ ოფიციალური თბილისი «საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე» სულელურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა სეპარატისტებთან, რითაც მთელი მსოფლიოს თვალწინ ძალაუნებურად აფიქსირებდა საქართველოსა და აფხაზეთის «თანასწორსუბიექტურობას», რუსეთმა გუდაუთის პოლკი გააფორმა, როგორც სამშვიდობო ძალთა ნაწილი.
        ახლა უკვე ცხადია, 5 წლის წინ რუსები რატომ მოითხოვდნენ ესოდენ მგზნებარედ ¹345-ე პოლკის სამშვიდობო ოპერაციაში ჩართვას და მის ენგურის გასწვრივ განლაგებას. როგორც აღმოჩნდა, მათ იმთავითვე ჰქონდათ გათვლილი: თუ საქართველო მოითხოვს გუდაუთის სამხედრო ბაზის ლიკვიდაციას და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი მხარდაჭერისათვის, კრემლი დაიმოწმებს «სამშვიდობო ოპერაციის მანდატს» და უარს განაცხადებს გუდაუთიდან ჯარის გაყვანაზე იმ საბაბით, რომ გუდაუთაში რუსი «მშვიდობის მტრედების» ბაზაა დისლოცირებული.
        მეორე მხრივ, რეზო ადამიას დემარში პოლიტიკურად მაინც გამართლებულია ისევე, როგორც გუდაუთის ბაზაზე ყურადღების განუწყვეტელი კონცენტრაცია. ამით საქართველო აგრძნობინებს ყველა დაინტერესებულ ქვეყანას, რომ ჯერჯერობით იძულებულია მოითმინოს რუსეთის აქტიური ჩარევა საკუთარ საქმეებში, მაგრამ მხოლოდ დროებით, სანამ სხვა ალტერნატივა არ ჩანს.
        ალტერნატივა კი ადრე თუ გვიან უეჭველად გამოჩნდება. ნატოს გაფართოების პროცესი შეუქცევადია, - იგი უკვე ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრებს მოადგა. რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს გერმანელები, ფრანგები ან ამერიკელები საქართველოს ტერიტორიული «მთლიანობისათვის» იომებენ, მაგრამ შეცვლილი პოლიტიკური ვითარება მაინც შექმნის ახალ შესაძლებლობებს.
        საქართველოს პოზიციები კიდევ უფრო ძლიერი იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ქვეყანას არ აღმოაჩნდა ძალა და უნარი ფართოდ გაეშალა (თუნდაც სამურზაყანოში) პარტიზანული, დივერსიული მოძრაობა. არადა, ეს იყო ერთადერთი ფაქტორი, რასაც სეპარატისტები მართლაც ანგარიშს უწევდნენ და რისიც ნამდვილად ეშინოდათ.

მერიდიანი, 15 მარტი, 1999 წელი

მთელ გვერდზე