რუსეთი თან აგინებს დასავლეთს, თან მისგან კრედიტებს მოელის

        ბალკანური ტრაგედია, რომელიც დაიწყო იუგოსლავიის დაბომბვით (ოცდამეოთხე, «უკანასკნელი გაფრთხილების» შემდეგ), სულ მალე შეიძლება რუსულ კომედიად გადაიქცეს.
        რუსეთის «დემოკრატიულმა პრესამ» ბალკანეთზე ომის დაწყება, ოსვალდ შპენგლერის დარად, «დასავლეთის მზის ჩასვენებად» გამოაცხადა. ოღონდ თუ შპენგლერი, საუკუნის დასაწყისში, მხოლოდ ევროპას უწინასწარმეტყველებდა «ჩასვენებას» (რამდენად გამართლდა ეს წინასწარმეტყველება, - ამის განსჯა მკითხველისათვის მიგვინდია. ავტ.), ამჟამად, მოსკოვური «ნეზავისიმაია გაზეტას» რედაქტორი, პროფესიონალი პროვოკატორი და «სუკ»-ის «ნასედკა» ვიტალი ტრეტიაკოვი, რომელიც მიუხედავად «ტოვიევიჩობისა» რუსეთის «თავგადაკლულ პატრიოტად» გვევლინება, - უკვე არა მხოლოდ ევროპას, არამედ მთელ დასავლეთს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსაც უწინასწარმეტყველებს «მზის ჩასვენებას». მისი აზრით, იუგოსლავიაში ომის დაწყება არის დასავლური ცივილიზაციის დასასრულის დასაწყისი და სულ მალე, თურმე, კაცობრიობა ამ ცივილიზაციის კრახის მოწმე გახდება. როგორც ჩანს, იგი გულისხმობს, რომ ამის შემდეგ რუსეთის სლავური მზე ამობრწყინდება და გაათბობს პლანეტას.
        მიუხედავად ასეთი აპოკალიფსური წინასწარმეტყველებისა, ჰოი საოცრებავ (!) სარედაქციო სტატიაში ვიტალი ტოვიევიჩ ტრეტიაკოვი აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა ისარგებლოს იუგოსლავიაში შექმნილი ვითარებით, რათა მაქსიმალური მოგება მიიღოს და დიდი კრედიტები გამოჰგლიჯოს საერთაშორისო სავალუტო ფონდს.
        საოცრებაა აბა რა არის, - ერთი მხრივ, დასავლეთის მზე, თურმე «ჩასასვენებლად გადაიხარა», მეორე მხრივ კი რუსული ისტებლიშმენტი საკუთარ მთავრობას მოუწოდებს, განაგრძოს მოლაპარაკება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რათა «დასაღუპავად განწირულ» დასავლეთს, ეგებ, რამდენიმე მილიარდი კიდევ წასცინცლოს იმ ათეულობით მილიარდი დოლარის» შემდეგ, რომელიც უკვე მიიღეს კიდეც და უშედეგოდაც შთანთქა რუსული ეკონომიკის ჭაობმა.
        მართლაც, განა საოცრება არ არის, - ერთი მხრივ ლამის ომი გამოუცხადონ დასავლეთს, აკეთებენ ამერიკისა და ევროპის უკლებლივ ყველა სახელმწიფოს (ყველა მათგანმა, სამთავრობო დონეზე, მხარი დაუჭირა «ნატოს» სადამსჯელო აქციას ფაშისტური იუგოსლავიის წინააღმდეგ – ავტ.) შეურაცხმყოფელ განცხადებებს, მეორე მხრივ კი დაუყოვნებლივ იწვევენ მოსკოვში იმავე დასავლური ფულით შექმნილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორს, მიშელ კამდესიუს, რათა «მოელაპარაკონ» ახალი კრედიტების გამოყოფის თაობაზე.
        ესე იგი, «დასავლეთი იღუპება», მაგრამ მისი ეკონომიკა კვლავინდებურად იმდენად ყვავის, რომ რუსეთის დონორობა ევალება. კიდევ კარგი, ჯერჯერობით არ ამბობენ ტრეტიაკოვები და მასლიუკოვები (ეთნიკური სხვაობის მიუხედავად, მსოფლმხედველობრივად ერთი ჯიშის ხალხია), რომ დასავლეთი მორალურადაც ვალდებულია დაეხმაროს ელცინის რუსეთს. კი მაგრამ, რატომ, რისთვის? ნუთუ იმისთვის და იმის გამო, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკის პრეზიდენტს საჯარო შეურაცხყოფა მიაყენა? ნამდვილი ტრაგიკომედიაა!
        არადა, მიშელ კამდესიუ მართლა ჩავიდა მოსკოვში და მართლა გამართა მოლაპარაკება იმ ქვეყნის ხელმძღვანელობასთან, სადაც წინა დღეს ამერიკის საელჩო დაცხრილეს ავტომატით (უპრეცედენტო ფაქტია უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში დიპლომატიური პრაქტიკისათვის. ამგვარი რამ მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი არ მომხდარა), სადაც ლამის ოფიციალურად საკანონმდებლო ორგანოში (ე.წ. «გოსდუმაში») იხსნება შემკრები პუნქტები «მოხალისეებისათვის» - ამერიკისა და ევროპის წინააღმდეგ საომრად.
        როგორც ჩანს, ამერიკის მზე შეიძლება მართლა ჩაესვენოს, თუ დროზე არ მოეგებიან გონს.
        საკმარისია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ხორბლისა და სურსათ-სანოვაგის ჰუმანიტარული დახმარება შეუწყვიტოს (კრედიტებზე საერთოდ აღარ არის საუბარი) და ხვალ რუსეთში სამოქალაქო ომი დაიწყება, მეშახტეები კრემლს შტურმით აიღებენ და ბორის ელცინს «სპასკის კოშკზე» ჩამოახრჩობენ.
        ეს კიდევ არაფერი. ყველაზე აღმაშფოთებელი ისაა, რომ იმავე ვიტალი ტოვიევიჩს სინდისი არ უშლის «ნეზავისიმაია გაზეტას» ფურცლები დაუთმოს სხვადასხვა ჯურის ანტიქართველ ნაძირალას, რომლებიც დღენიადაგ ანთხევენ ბოღმას და სიძულვილს საქართველოს («პატარა იმპერიის») მიმართ.
        ერთი მათგანი წერდა: «ამერიკა იცავს ალბანელ ტერორისტთა და სეპარატისტთა უფლებებს». იქვე, გვერდით - «აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები მზად არიან მოიგერიონ მეზობელი საქართველოს ახალი აგრესია» და ა.შ. - უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება.
        სავალუტო ფონდის დირექტორ-განმკარგულებელი კამდესიუ ცივსისხლიანი რობოტია, რომელსაც არაფერი აინტერესებს «მაკროეკონომიკური პარამეტრებისა და მონეტარიზმის» გარდა. მიუხედავად ამისა, «გოსპლანის» ყოფილ თავმჯდომარე მასლიუკოვთან შეხვედრის დროს ისეთ საკითხებს წყვეტს, რომელთაც მისი წარმომადგენლები არც კი განიხილავდნენ საქართველოში ყოფნისას.
        ბუნებრივია, სრულებითაც არ არის გამორიცხული, რუსეთის «დასამშვიდებლად» სავალუტო ფონდმა მართლაც გამოუყოს კრემლს დამატებითი კრედიტი, რომელიც, ისევ და ისევ, იმავე მეშახტეთა ხელფასებს მოხმარდება და არა ეკონომიკის სტრუქტურულ გარდაქმნას.
        მაგრამ ნუთუ ვაშინგტონში, ლონდონში, პარიზსა და ბონში ნამდვილად სჯერათ, რომ სანაცვლოდ რუსეთი შეწყვეტს სერბთა მხარდაჭერას და ფარულად აღარ ჩაერევა კონფლიქტში, რათა იუგოსლავია ახალ ვიეტნამად გადაუქციოს ამერიკას?
        განა ოფიციალური მოსკოვი ოდესმე ღიად აცხადებდა, - აფხაზი ხალხის ბრძოლას მხარს ვუჭერთო? განა ფარულად არ აწვდიდა ყველა სახის იარაღს? სწორედ მაშინ, სწორედ იმ დროს, როცა გაიძვერა რუსი დიპლომატები თბილისში მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ «დიდი ხელშეკრულების უკანასკნელი დეტალების» დასაზუსტებლად?
        ქართულ-რუსული «ჩარჩო» ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, დღემდე არ არის რატიფიცირებული რუსულ «გოსდუმაში»; საქართველო-აფხაზეთის საზღვარი კი ენგურზე გადის.
        თუ დასავლეთმა ბოლომდე კონსოლიდებულად და მტკიცედ იმოქმედა, დღეს კაცობრიობას აქვს შანსი, ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას ბალკანეთის პრობლემა, რომელიც ორი მსოფლიო ომის მიზეზი გახდა.
        სერბული ფაშიზმი არის მუწუკი ევროპულ სხეულზე, იგი ხელს უშლის ევროპის გაერთიანებას, სტალინური სისტემის საბოლოო დაშლას (სოსო ჯუღაშვილი ძალიან არ უყვარდათ იმ რუს დემოკრატებს, ვინც ამჟამად აღმოსავლეთ ევროპაში რუსული პოზიციების დაკარგვაზე მოთქვამენ); რაც მთავარია, იუგოსლავია უკანასკნელი ბარიერია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობამდე.
        აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, სერბული ნაციზმის განადგურების შემდეგ, დასავლეთი, რომლის «მზე» არათუ ჩაესვენა, არამედ სწორედ მესამე ათასწლეულში ამობრწყინდება, - სერიოზულად განიხილავს პოსტსაბჭოურ სივრცეში გეოპოლიტიკური «შეჭრის» შესაძლებლობას - იმ ცივილიზაციის საბოლოო იზოლირებისათვის, რომლის მზეც ჭეშმარიტად სამუდამოდ ჩაესვენა.

7 დღე, 31 მარტი, 1999 წელი

მთელ გვერდზე