რუსეთი საქართველოს დასაბომბად ემზადება!
       

        როგორც ჩანს, დიდი სურვილის მიუხედავად, საქართველო ვერ დარჩება ჩრდილოკავკასიაში მიმდინარე პროცესების მიმართ «გარეშე დამკვირვებლად». რუსეთმა უკვე შეძლო ჩვენი ქვეყნის ჩართვა ამ მოვლენებში იმ თვალსაზრისით, რომ დააფიქსირა საქართველოს პასუხისმგებლობა ჩრდილოკავკასიელი მეამბოხეებისათვის იარაღის მიწოდებისათვის. სინამდვილეში, ჩეჩნები იღებდნენ და კვლავინდებურად იღებენ იარაღს არა საქართველოს შეიარაღებული ძალებისგან, არამედ რუსული არმიისგან.
        იმავდროულად, რუსეთი აგრძელებს საინფორმაციო ომს საქართველოს წინააღმდეგ, გუშინ «ორტ» - ს ახალ საინფორმაციო პროგრამაში არამზადა საშა ლიუბიმოვს მოწვეული ჰყავდა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალთა სარდალი, გენერალი კორნიუკოვი, რომელსაც რამდენიმე პროვოკაციული შეკითხვა დაუსვა.
        მაგალითად, «თქვენ ხომ კარგად იცით, რომ ქართველები შატილიდან და ომალოდან იარაღს აწვდიან ჩეჩნებს - რატომ არ ბომბავთ ამ სოფლებს?»
        როგორც ჩანს, ნაძირალა ლიუბიმოვს, რომელიც ჩვენ თბილისში ჩამოვიყვანეთ და კაცმა არ იცის რა დამსახურებისთვის ტელეფესტივალ «მანას» პრიზი მივაკუთვნეთ - ძალიან უნდა, რომ რუსეთის ავიაციამ დაბომბოს შატილიც, ომალოც და მთელი საქართველოც.
        კორნიუკოვმა გულარხეინად უპასუხა: ნუ ღელავთ, ამ სოფლებს ჯერ ვერა (იგულისხმებოდა: როცა დავბომბეთ, ჩვენმა დიპლომატებმა «გრუზინების» ბოდიში მოუხადესო), მაგრამ მათთან მისასვლელ გზებს ჩეჩნეთიდან უკვე ვბომბავთო. თუმცა, იქვე გულისტკივილით დასძინა: «ამ გზებს ძალიან სწრაფად აკეთებენ კვლავ». მაშასადამე, რუსეთი აპირებს, პერმანენტულად ბომბოს რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთი. რამდენი ბომბი ჩამოვარდება საკუთრივ საქართველოს ტერიტორიაზე, მანამ ვერ გავიგებთ, სანამ შატილსა და ომალოში (ღმერთმა ნუ ქნას) ისევ არ დაზარალდება მშვიდობიანი მოსახლეობა.
        «ჩვენი მეგობარი» საშა ლიუბიმოვი უფრო შორსაც წავიდა და უკრაინას «ურჩია» კარგად შეამოწმოს საქართველოდან უკრაინის პორტებში შესული ტრანსპორტი, ვინაიდან «გრუზინები» თურმე უკრაინაში ჩეჩენ ტერორისტებს აგზავნიან სამკურნალოდ.
        ამასობაში, ვითარება თვით რუსეთში სულ უფრო იძაბება და კიდევ უფრო მეტადაც დაიძაბება - საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების კვალობაზე.
        კრასნოიარსკის გუბერნატორმა, ალექსანდრე ლებედმა გაზეთ «ფიგაროსთვის» მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვში სახლების აფეთქება თვით რუსეთის სპეცსამსახურთა მიერ იყო ორგანიზებული, რათა მიეღოთ საბაბი ჩრდილო კავკასიაში, - ჩეჩნეთის წინააღმდეგ ახალი ომის გასაჩაღებლად.
        ომი კი (ლებედის აზრით) კრემლს სჭირდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად, რათა არ დაუშვას არჩევნების ჩატარება და არ დათმოს ხელისუფლება.
        ამ მოსაზრებას რუსეთში უკვე ძალიან ბევრი იზიარებს. როგორც ჩვენში იტყვიან, «ყველაფერი ერთმანეთს ჰგავს» - ჩეჩნეთში იწყება ახალი ომი (თანდართული ხოცვა-ჟლეტითა და მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდით), ხოლო რუსეთის ტელევიზიამ თაროებიდან ჩამოიღო ანდროპოვის ეპოქის დროინდელი «მტვერწაყრილი» ფილმები. მაგალითად «ტასი უფლებამოსილია განაცხადოს», რომელიც სახელოვანი ჩეკისტების სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო საქმიანობაზე მოგვითხრობს.
        იმავდროულად რუსეთის ყველა არხზე (ჩეჩნეთის მოვლენებთან დაკავშირებით) დაწესებულია უმკაცრესი ცენზურა, ხოლო გუსინსკისა და ბერეზოვსკის «მედიაიმპერიებმა» ერთმანეთს ომი გამოუცხადეს.
        «ყველაფერი ერთმანეთს ჰგავს», ვინაიდან ბორის ელცინი ასე ადვილად ხელისუფლებას არ დათმობს - მას ხომ უეჭველად დაიჭერენ თუ ძალაუფლებას პრიმაკოვ-ლუჟკოვის დაჯგუფება მოიპოვებს?! ამიტომ ელცინს სასიცოცხლოდ სჭირდება ან თავად შეინარჩუნოს ხელისუფლება ან «მემკვიდრეობით გადააბაროს» იგი მის ერთგულ პუტინს.
        პუტინის პოპულარობის გასაზრდელად კი კავკასიაში «ძლევამოსილი ომია» საჭირო. ამ საზიზღარ გეგმებს ხელი შეიძლება მხოლოდ დასავლეთმა და ჩეჩნების თავგანწირულმა წინააღმდეგობამ შეუშალოს. საქართველოს ამ ვითარებაში უდიდესი სიფრთხილე მართებს, რათა თავისი კოზირები არ დაკარგოს. ელცინ-ბერეზოვსკის დაჯგუფება «სრულ ჭკუაზე» ნამდვილად აღარ არის და თავის გადასარჩენად ყველაფერზე წავა.

7 დღე, 1 ოქტომბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე