რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო «არტილერიას» იყენებს
         

          გენერალ შპიგუნის შატილში «აღმოჩენასთან» დაკავშირებით ატეხილმა ისტერიამ რუსულ მასმედიაში საბოლოოდ დაადასტურა, რომ რუსეთი ამზადებს პირდაპირ აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ;
          არ არის გამორიცხული საქართველოს ტერიტორიის დაბომბვაც იმ საბაბით, რომ «საქართველო ეხმარება ჩეჩნეთს». თუმცა, «ჩეჩნეთისადმი დახმარებად» მოსკოვში იმთავითვე აღიქვამენ საქართველოს ნეიტრალიტეტს, ანუ თბილისის უარს, უშუალოდ დაეხმაროს რუსეთს ჩეჩენი ხალხის განადგურებაში.
          აქედან გამომდინარე, მზად უნდა ვიყოთ «საინფორმაციო დივერსიებისათვის» - გენერალი შპიგუნი «პირველი მერცხალი» არ არის. მანამდე იყო «იჩქერიის დევნილი მთავრობის შეფარება საქართველოში» და «ბასაევის დასვენება სვანეთში» - ეს გებელსის მეთოდებია, რომელთაც რუსული «დემოკრატიული მასმედია» აქტიურად იყენებს საქართველოს წინააღმდეგ.
          ჭეშმარიტად, რუსმა ჟურნალისტებმა (არაკოლეგიალურია ამგვარი განცხადება, მაგრამ სამართლიანი- ავტ.) არათუ რაიმე სოლიდურობა, არამედ ელემენტარული სირცხვილისა და ზომიერების გრძნობა დაკარგეს - «დემოკრატიულ რუსეთს» დღეს თავისუფალი მასმედია, ფაქტობრივად, არ გააჩნია - აქვს მხოლოდ «პროპაგანდის საშუალებები».
          ასე დასრულდა ერთ დროს მეტად ამბიციური რუსული ჟურნალისტიკის, მათ შორის ტელეჟურნალისტიკის სრული დეგრადაცია. თუმცა, ეს დეგრადაცია დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც «ჩეჩნური სეპარატიზმის» დღევანდელი მამხილებელნი ყოველდღიურად შხამავდნენ საქართველოს «მცირერიცხოვან ხალხთა» დაჩაგვრისათვის და ეხმარებოდნენ «ოს-აფსუა» სეპარატისტებს.
          გენერალ შპიგუნის შატილში ყოფნა, რა თქმა უნდა, ქოსატყუილას ზღაპარია. შატილსა და მიმდებარე ხეობებს საქართველოს მხრიდან მთლიანად ქართველი ჯარისკაცები და მესაზღვრეები აკონტროლებენ.
          შეუძლებელია მათ რაიმე კავშირი ჰქონდეთ შპიგუნის გამტაცებელ ჩეჩენ ბოევიკებთან. ასეც რომ იყოს, არანაირი საჭიროება იმისა, რომ შპიგუნი ჩეჩნებს მაინცდამაინც შატილში გადმოეყვანათ (სადაც რუსულ სპეცსამსახურებს უეჭველად ჰყავთ თითო-ოროლა ინფორმატორი ადგილობრივ მცხოვრებთა სახით) არ არსებობდა, - ჩეჩნები კვლავინდებურად აკონტროლებენ იჩქერიის ტერიტორიის ნახევარზე მეტს.
          გარდა ამისა, ნუ დავივიწყებთ, რომ გენერალი შპიგუნი უფრო სამხედრო ტყვეა, ვიდრე უბრალოდ, მძევალი. 1994-96 წლების ომის დროს იგი ხელმძღვანელობდა ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე (ესეც «ოსი ხალხის ღირსებაა») ჩეჩენი ტყვეებისათვის გახსნილ საკონცენტრაციო ბანაკებს, რომლებიც ყველა ფაშისტური ატრიბუტით მოაწყო - კრემატორიუმების ჩათვლით.
          ბუნებრივია, ამ სისხლისმსმელი არამზადას გატაცება უშუალოდ მასხადოვისა და ბასაევის ხელმძღვანელობით მოხდებოდა. მას კარგ დღეს არ დააყრიდნენ მას შემდეგ, რაც ხელში ჩაიგდებდნენ - მაგრამ რა შუაშია აქ საქართველო? თავად მოევლოთ თავიანთი (უკვე) გაუპატიურებული გენერლისათვის. 15 მილიონ დოლარს თუ გადაიხდიან, ჩეჩნები უეჭველად დაუბრუნებენ. ასეთ შემთხვევაში, შპიგუნის შატილში ძებნა აღარ დასჭირდებათ - სინამდვილეში იგი იჩქერიის რომელიღაც სოფლის დილეგში იმყოფება. 15 მილიონ დოლარად კი იჩქერიის არმია დიდძალი იარაღის შეძენას შეძლებს - რა თქმა უნდა, რუსული არმიისგან.

7 დღე, 24 ნოემბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე