რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიას ვეღარ აკონტროლებს
       

        ვლადიკავკაზში მომხდარი თითქმის უპრეცედენტო ტერაქტი (იგი შეიძლება მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში განხორციელებულ დივერსიებს შევადაროთ) უეჭველად მეტყველებს, რომ ვითარება ჩრდილოეთ კავკასიაში, კრემლის ყველა მცდელობის მიუხედავად, დღითი დღე იძაბება.
        რუსეთი ვეღარ აკონტროლებს კონფლიქტურ ზონას, ხოლო ჩეჩნეთის იზოლირების ყველა მცდელობა კრახით მთავრდება. ოსურ-ინგუშური დაპირისპირება არათუ ბოლომდე ჩაცხრა 1992 წლის ნოემბრის მოვლენათა შემდეგ გასული წლების განმავლობაში, არამედ პირიქით, კიდევ უფრო გაღვივდა.
        «დროის საფარველმა» ურთიერთსიძულვილს მხოლოდ მხურვალება შესძინა. ინგუშები თავს დამარცხებულად მიიჩნევენ, მაგრამ დამარცხებას არასდროს შეურიგდებიან და უეჭველად იძიებენ შურს. შესაძლოა, ვლადიკავკაზის ბაზარში განხორციელებული დივერსია ინგუშური დივერსიული ჯგუფის ნახელავი იყოს. ყოველ შემთხვევაში, ინგუშთა ვერსია პირველია, რომელიც განიხილება მომხდართან დაკავშირებით.
        ამჟამად ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარეობს რუსეთის ჯართა კონცენტრაცია, ვლადიკავკაზში იმყოფებიან რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სტეპაშინი და უშიშროების სამსახურის მესვეური პუტინი. მათი ამოცანაა, «დაადგინონ დივერსანტთა ვინაობა და დააკავონ» ისინი; მაგრამ რომც შეიტყონ, ვინ ჩაიდინა ტერორისტული აქტი, მათი დაკავება ინგუშეთში ფართომასშტაბიანი ომის გაჩაღების გარეშე შეუძლებელი იქნება. ინგუშეთში ომს კი უეჭველად მოჰყვება ახალი ომი ჩეჩნეთშიც.
        რუსეთის პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიაში კვლავ სავსებით თავსდება «დაჰყავი და იბატონეს» დოქტრინის ფარგლებში, მაგრამ იგი მნიშვნელოვანწილად განსხვავდება 10 წლის წინანდელისაგან. როგორც ჩანს, ინგუშები მიხვდნენ, რომ მოსკოვისადმი თხოვნითა თუ ხვეწნა-მუდარით არაფერი გამოუვათ. დეპორტაციის შემდეგ წართმეულ «პრიგოროდნი რაიონს» მათ არავინ დაუბრუნებს; ისევე, როგორც მოსკოვი აღარასდროს დაუჭერს მხარს ინგუშებს - ოსების წინააღმდეგ, ვინაიდან ოსები ტრადიციულად კავკასიაში მისი ყველაზე ერთგული მოკავშირეები არიან. ოსური საზოგადოება თვისებრივად ლოიალურია რუსეთის იმპერიისადმი, ანუ «ოსეთი» კრემლის სტრატეგიული მოკავშირეა.
        მთელი ეს ვითარება ჩვენ შეიძლება მხოლოდ იმდენად გვაინტერესებდეს, რამდენადაც იგი საქართველოს ეხება. თბილისმა აუცილებლად უნდა სცადოს, ისარგებლოს შექმნილი მდგომარეობით, რათა აგრძნობინოს როგორც «ჩრდილოეთ ოსეთის», ასევე «სამხრეთ ოსეთის» ხელმძღვანელობას, გაითვალისწინონ, რომ საქართველოსაც შესწევს ძალა, ზეგავლენა მოახდინოს მოვლენათა განვითარებაზე ჩრდილოეთ კავკასიაში» ამჯერად არა მხოლოდ ჩეჩნეთის, არამედ ინგუშეთის მეშვეობითაც;
        სულ ერთია, თუ ეს პრობლემა ინგუშთა სასარგებლოდ არ გადაწყდა, ისინი დამარცხებას არ შეურიგდებიან და თუნდაც ტერორისტული მეთოდებით გააგრძელებენ ბრძოლას საკუთარი ღირსების აღსადგენად; ოსები, ისევე როგორც სომხები, კავკასიაში სამკვდრო-სასიცოცხლო რისკზე მიდიან.
        რუსეთის «მფარველობის» გარეშე მათ არათუ დამარცხება, არამედ სრული განადგურება ელით. ე.წ. «სამხრეთ ოსები» ამ საშიშროებას იმის გამო ვერ აცნობიერებენ, რომ საქართველოს მხრიდან ვეღარ ხედავენ საშიშროებას. მათ ძალიან «გაუტკბათ» საუბრები კონფლიქტის ფაქტობრივი ამოწურვის შესახებ მაშინ, როდესაც სინამდვილეში ამ მიმართულებით ერთი ნაბიჯიც არ არის გადადგმული.

7 დღე, 22 მარტი, 1999 წელი

მთელ გვერდზე