რუსული სიძულვილის ბუმერანგი და გლოტოვის ანტიქართული ისტერია

        რუსეთის დეპუტაცია რომ «ავი თვალით უყურებდა» ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრებას, ძნელი მისახვედრი არ იყო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ეს საკითხი ევროპის საბჭოს კომიტეტებში წყდებოდა.
        თუმცა, რუსებს კონკრეტული, რაიმე სახით დასაბუთებული პრეტენზია არ ჰქონდათ და არც შეიძლებოდა ჰქონოდათ, ვინაიდან ყველა თვალსაზრისით, გაცილებით ნაკლებად აკმაყოფილებდნენ ევროსაბჭოს სტანდარტებს.
        მიუხედავად ამისა, ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე, რუსეთის დეპუტაციის წარმომადგენელმა, ვინმე გლოტოვმა სხდომათა დარბაზში ანტიქართული ისტერია მოაწყო. მისი თქმით, იგი თავად ცხოვრობს ზღვისპირეთში და პირადად არის მომსწრე, როგორ ხოცავდნენ ქართველი ფაშისტები აფხაზებს.
        გლოტოვმა მოითხოვა «ევროპის საბჭომ აღიაროს და დაგმოს «ქართველი ფაშისტების მიერ აფხაზი ხალხის გენოციდის ფაქტი». რასაკვირველია, ამ მოთხოვნას ევროპის საბჭო არც კი განიხილავს, ვინაიდან სრული აბსურდია.
        მაგრამ გლოტოვს (არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რომელ საპარლამენტო ფრაქციას ან პარტიას წარმოადგენს იგი) როგორც ჩანს, სხვა რამ «აეწვა» - რუსეთი უმოწყალოდ ბომბავს ჩეჩნეთს, ანადგურებს ჩეჩენ ხალხს, ნანგრევებად და ფერფლად აქცევს ჩეჩნეთის ქალაქებსა და სოფლებს. ეს არის ნამდვილი გენოციდი იმ საბაბით, თითქოს «რუსეთი ებრძვის ტერორიზმს იჩქერიის რესპუბლიკის» ტერიტორიაზე, მაგრამ სინამდვილეში იბომბება მშვიდობიანი მოსახლეობა.
        გარდა ამისა, თვით ჩეჩნეთი არც ისე «დამნაშავეა» დაღესტნის მოვლენებში, როგორც რუსებს სურთ წარმოადგინონ – სინამდვილეში დაღესტნის მოვლენები წმინდად დაღესტნური წარმოშობისაა: ავარელთა და ლეკთა ნაწილი აჯანყდა რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ; ასევე, დაღესტნელებმა (და არა ჩეჩნებმა) მოაწყვეს რუსეთის ქალაქებში ტერორისტული აქტები იმ მხეცობის საპასუხოდ, რასაც რუსეთი სჩადიოდა ჩობანმახისა და ყარამახის მშვიდობიანი მაჰმადიანური მოსახლეობის – ქალების, ბავშვებისა და მოხუცების წინააღმდეგ.
        შამილ ბასაევისა და სხვა ჩეჩენი საველე მეთაურების მონაწილეობა დაღესტნის მოვლენებში არის არა ჩეჩნეთის აგრესია დაღესტნის წინააღმდეგ, როგორც ეს სურთ წარმოადგინონ რუს ჟურნალისტებსა და მედიამაგნატებს, არამედ სოლიდარობის სიმბოლური აქტი, რასაც არანაირი რეალური სამხედრო მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ არ ჩავთვლით კადრებს, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ ასწავლის შამილ ბასაევი დაღესტნელ მებრძოლს ერთჯერადი ნაღმსატყორცნის («მუხას») გამოყენებას.
        რეალურად კი, როგორც ბოტლიხის რაიონში, ასევე ლაკეთსა და კადარის ზონაში მებრძოლთა უმრავლესობა სწორედ დაღესტნელი მეამბოხე – ისლამისტი იყო და არა ჩეჩენი. მაგრამ რუსეთმა დრო იხელთა და ამ საბაბით ჩეჩნეთის განადგურება დაიწყო – როგორც ჩანს, საჰაერო დაბომბვებს გააგრძელებენ მანამ, ვიდრე მთელი ჩეჩნეთი ნანგრევებად არ იქცევა და ჩეჩენ ხალხს არათუ განვითარების, არამედ ნორმალური ცხოვრების ყოველგვარი საშუალება არ მოესპობა.
        რა არის ეს, თუ არა გენოციდი? რუსეთის ქმედება ზუსტად შეესაბამება გენოციდის კვალიფიკაციას.
        აქვე უნდა ითქვას: საბოლოოდ დაისხეს თავსლაფი იმ ჩრდილოკავკასიელმა ხალხებმა, რომლებიც ასე თამამად ებრძოდნენ საქართველოს (რაკი რუსეთი უმაგრებდათ ზურგს), ხოლო ახლა, როცა რუსეთი ჩეჩენ ხალხს ანადგურებს – ისე არიან გატრუნულნი, თითქოს მათ ეს საერთოდ არ ეხებოდეთ.
        ერთი სიტყვით, რუსეთი ჩრდილოკავკასიაში გენოციდსა და ჰუმანიტარულ კატასტროფას აწყობს, ხოლო რუსი დეპუტატი გლოტოვი ამ დროს ევროპის საბჭოში ამტკიცებს, რომ 7 წლის წინ, სეპარატისტებმა და მათმა მხარდამჭერმა გარეშე ძალებმა კი არ მოაწყვეს ქართული მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტა, მათ კი არ გააძევეს 300 ათასი ადამიანი უმეტესად ეთნიკური ნიშნით, არამედ პირიქით – ქართველებმა მოუწყვეს გენოციდი აფხაზ ერს. თუმცა «ნაგენოციდარი» აფხაზები თავს მაინც გამარჯვებულად გრძნობენ.
        დარწმუნებული ვარ, გლოტოვისა და მისთანების გაკაპასება იმან გამოიწვია, რომ რამდენიმე დღის წინ, ევროპის საბჭომ მტკიცე პროტესტი გამოთქვა მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში დამკვიდრებული ფაშისტური პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, როცა კავკასიელებს, მხოლოდ ეთნიკური კუთვნილების გამო აიძულებდნენ დაეტოვებინათ ქალაქები, გაევლოთ დამამცირებელი «ხელახალი რეგისტრაციის პროცედურა», სცემდნენ, ფეხქვეშ თელავდნენ მათ ადამიანურ ღირსებას, შეთითხნილი ბრალდებებით აპატიმრებდნენ.
       

მერიდიანი, 29 სექტემბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე