რუსი ძალოვანები ქართველ კოლეგებს «როჟებს უკერავენ»
        საქართველო კიდევ ერთხელ დაამცირეს
       

        მოსკოვში გრძელდება კონსულტაციები საქართველოსა და რუსეთის ძალისმიერ სტრუქტურათა წარმომადგენლებს შორის. შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრას უშიშროების მინისტრთა სამიტი მოჰყვა.
        ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რამდენად შეძლო კახა თარგამაძემ დაეცვა საქართველოს ინტერესები და უთხრა თუ არა რუს კოლეგას სათქმელი მას შემდეგ, რაც მისი მოთხოვნით იქაურ პრობლემათა განსახილველად რუსეთის დედაქალაქს ეწვია.
        დიახ, დიახ, სწორედ ასე მოხდა: რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრს ალბათ, აზრადაც არ მოუვიდოდა თბილისში ჩამოსვლა საქართველოს მთავრობის მოთხოვნით.
        ეს თითქოს დეტალია, მაგრამ ძალზე მრავლისმეტყველი, მით უფრო, რომ ამის გარდა, ცოტა არ იყოს, შეურაცხმყოფელ ელფერს იძენს შინაგან საქმეთა სამინისტროების «ერთობლივი კოლეგიის სხდომა». რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა - მაგალითად, ორტ-მ ზუსტად ასე აცნობეს საზოგადოებას მოსკოვში რუსეთსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების «ერთობლივი კოლეგიის სხდომა» ჩატარდაო.
        სინამდვილეში, რასაკვირველია, მოსკოვში შედგა არა «ერთობლივი კოლეგიის სხდომა», არამედ ორი სამინისტროს «კოლეგიათა ერთობლივი სხდომა», რაც ერთი და იგივე, რა თქმა უნდა, არ არის.
        არ გეგონოთ, თითქოს «ორტ» -ს შეეშალა- იქ არასდროს არაფერი ეშლებათ.
        და, ალბათ, კახა თარგამაძესაც, საფუძველს რომ უყრიდა ამ ტრადიციას (კოლეგიათა ერთობლივ სხდომებს) უნდა სცოდნოდა, რომ რუსები ამ ფაქტს საქართველოს კიდევ ერთხელ დასამცირებლად სწორედ ასე ვირეშმაკულად გამოიყენებდნენ.
        არათუ აზერბაიჯანს, არამედ სომხეთსაც კი, მსგავსი არაფერი გაუკეთებია.
        რაც შეეხება თავად მოსკოვურ შეხვედრებს, ნამდვილად აღმაშფოთებელია, რა მედიდურად და ბატონკაცურად ელაპარაკება რუსი მინისტრი ქართველ კოლეგას, როგორ «ჭმუხნის წარბებს» და მოითხოვს, ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას მისი (რუსეთის) შინაგანი პრობლემების მოსაგვარებლად, - «ტერორისტების წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლას», მაშინ, როცა აფსუა ტერორისტებისა და ფაშისტების მხარდაჭერაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, რუსეთი ხელს აფარებს გია ჭანტურიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ იგორ გიორგაძეს.
        კახა თარგამაძის განცხადებები იმის თაობაზე, რომ «იარაღი ჩეჩნეთში აფხაზეთიდან შედის» - ერთი მხრივ, ჩეჩნებს გაანაწყენებდა, რუსებს კი სასაცილოდაც არ ეყოფოდათ. მოსკოვში მოქმედებენ პრინციპით: «ის, რაც ნებადართულია რუსეთისათვის, აკრძალულია საქართველოსათვის». რატომ? - იმიტომ, რომ ჩვენ რუსეთი ვართ, თქვენ კი - «მხოლოდ» საქართველო, ანუ რუსეთს შეეძლო იარაღით დახმარებოდა აფსუა სეპარატისტებს, საქართველოს კი ამის უფლება არა აქვს.
        ბუნებრივია, რუსეთში მშვენივრად უწყიან: საქართველოს თავისთვის არ ჰყოფნის იარაღი და ჩეჩნებს არაფერს მიაწვდის, მაგრამ ისე, «ყოველი შემთხვევისთვის», მაინც იბარებენ ჩვენს შინაგან საქმეთა მინისტრს მოსკოვში, რათა წარბები შეიჭმუხნონ, დაამცირონ და თითი დაუქნიონ.
        იგივე სურათი განმეორდა სპეცსამსახურთა ხელმძღვანელების შეხვედრისას; ვახტანგ ქუთათელაძეს «შენიშვნებს აძლევდა» (სამწუხაროდ სრულიად უსაფუძვლოდ, - საქართველო, დიახაც, სამწუხაროდ, არაფრით ეხმარება ჩეჩნებს რუსეთის წინააღმდეგ) სწორედ ის ხალხი, ის ბინძური ანტიქართული ხროვა, ვინც ყველაფერი გააკეთა საქართველოში ძმათამკვლელი სამოქალაქო ომისა და სეპარატისტული კონფლიქტების გასაჩაღებლად.
        დიახ, ეს ყველაფერი სწორედ მათი დამსხურებაა. ყოველივე ამის შემდეგ კი საქართველოს მინისტრები, თურმე «ვალდებულნი არიან მოსკოვში ეახლონ» მათ, თანაც არა თხოვნის, არამედ მუქარისა და ღრენის საპასუხოდ.

მერიდიანი, 1 ოქტომბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე