რუსებს «დაავიწყდათ», რომ რამდენიმე წლის წინ სეპარატიზმს უჭერდნენ მხარს

        თანამედროვე რუსული საზოგადოების «გულმავიწყობა» უბრალოდ განსაცვიფრებელია! დღეს ეს საზოგადოება აღშფოთებულია ამერიკის ქმედებით ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და სერბთა პოზიციების დაბომბვით.
        აღარავის ახსოვს ალბანელები, ხორვატები, მუსულმანები, სლოვენიელები, რომლებიც სერბებმა უმოწყალოდ ხოცეს და კვლავაც ჟლეტენ გაუგონარი სისასტიკითა და თავხედობით, მაგრამ ამის თაობაზე თითქმის ვერაფერს წაიკითხავთ და მოისმენთ «დემოკრატიულ» რუსულ მასმედიაში.
        ის ხალხი (მათ შორის ჟურნალისტებიც, სამხედროებიცა და, პოლიტიკური მოღვაწეებიც), ვინც ყველაფერს აკეთებდა საქართველოს დასანაწევრებლად (და სხვათა შორის, ამ პროცესის გაგრძელებას ახლაც ცდილობს - ავტ.), ყოველნაირად უჭერდა მხარს აფხაზურ და ოსურ სეპარატიზმს) დაწყებული სამხედრო მხარდაჭერით, დამთავრებული მორალური თანადგომით), ახლა, როდესაც საქმე სერბებს შეეხო, «სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის» გულმხურვალე დამცველებად მოგვევლინენ.
        თურმე ნუ იტყვით, დაუშვებელია სეპარატიზმის მხარდაჭერა, დაუშვებელია აგრესია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ სეპარატისტთა პრობლემების მომიზეზებით და მათი გამოყენებით.
        ეს კიდევ არაფერი, - თურმე, სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა სეპარატისტთა წინააღმდეგ. არადა, ხომ არ დაგვავიწყდა, რა ისტერიკა აგვიტეხეს, როდესაც საქართველომ თავისი შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილი შეცვალა და რამდენიმე ქვედანაყოფი აფხაზეთში შეიყვანა. მაშინ ელცინი ტელევიზიით გამოვიდა და კატეგორიულად მოითხოვა «საქართველოს ჯარების გაყვანა აფხაზეთის ტერიტორიიდან». მთელი ომის განმავლობაში რუსეთი აწვდიდა სეპარატისტებს ყველაფერს, რაც ომისათვისაა საჭირო: იარაღიდან, - საწვავამდე. რუსეთის ტელევიზია, ასევე მთელი ომის განმავლობაში, ყველაფერს აკეთებდა, რათა საბრძოლო სულისკვეთებით აღეფრთოვანებინა სეპარატისტები, ჩაენერგა მათთვის გარდაუვალი გამარჯვების რწმენა, ხოლო ქართული საზოგადოება, ქართველი ჯარისკაცი, - პირიქით, დაეკნინებინა, დაემცირებინა «ფაშისტობა» დაებრალებინა, მისთვის გული გაეტეხა.
        ჯერ კიდევ აფხაზეთის ომამდე, ცხინვალის მოვლენების დროს, რუსმა მწერალმა ალექსანდრე სოლჟენიცინმა უპრეცედენტო შეურაცხყოფა მიაყენა ქართველ ხალხს ცნობილი «ღია წერილით»: «ნუთუ, არ გრცხვენიათ ქართველებს, ნუთუ სულ დაკარგეთ სინდისი? არა, რაღაც ღვთაებრივ სამართლიანობაზე კი არ გესაუბრებით, არამედ ჩვეულებრივ ადამიანურ სინდისსა და სინდისიერებაზე, რომელიც, როგორც ჩანს, არ გაგაჩნიათ...» და ა.შ.
        სოლჟენიცინი მაშინ ვითომცდა აფხაზებისა და ოსების უბედურებით იყო გულდათუთქული და ამიტომ გვანამუსებდა – როგორ არ გრცხვენიათ, პატარა ხალხებს რომ ჩაგრავთო. კი მაგრამ, სად იყო იგივე სოლჟენიცინი, როდესაც სერბი ნაცისტები უმოწყალოდ ხოცავდნენ მშვიდობიან მასახლეობას კოსოვოში? თუ ცხინვალის «დახვრეტა» დაუშვებელი იყო, სარაევოს «დახვრეტა» რატომ იყო გამართლებული?! რატომ ამის გამო არ აცხადებდა პროტესტს «შესანიშნავი, კეთილშობილი» რუსი ინტელიგენცია, რომელიც შემთხვევას არ უშვებდა ხელიდან, რათა საქართველოსათვის «პატარა იმპერია» ეწოდებინა? რატომ სერბეთს არ უწოდებს იგივე რუსი ინტელიგენცია «პატარა იმპერიას»?
        მაგრამ ყველაზე მეტად გასაკვირი აქ ქართული ინტელიგენციის პოზიციაა. კი მაგრამ, თქვე დალოცვილებო, - მწერლებო, პოეტებო, კომპოზიტორებო, მხატვრებო, - რა გიშლით ხელს, ახლა თქვენ მისწერეთ რუს «კოლეგებს» ისეთივე «ღია წერილები», ახლა თქვენ შეარცხვინეთ (ინტერნეტშიც შეიტანეთ) ისინი იმის გამო, რომ «ხმას არ იღებენ, როცა უმოწყალოდ იჟლიტება მშვიდობიანი მოსახლეობა კოსოვოში». პირიქით, - ამართლებენ ამ გენოციდს, აქაოდა «კოსოვო სერბთათვის სათაყვანებელი მიწა-წყალია და იქ სერბული ეკლესიებიაო». თითქოსდა, ქართული ეკლესიები არ იყოს შიდა ქართლსა და აფხაზეთში.
        ნუთუ ახლა მაინც ვერ ხვდებით, რომ უზნეოდ და უსინდისოდ, ცინიკურად მოგვატყუეს მაშინ, როდესაც დაგვაპირისპირეს საკუთარ ხალხთან (ვინც სამშობლოს მთლიანობას იცავდა) ცხინვალის მოვლენათა დროს, გაგვაჩაღებინეს ძმათამკვლელი სამოქალაქო ომი («ქართული ფაშიზმის» წინააღმდეგ); ახლა კი თვითონ ამართლებენ მცირერიცხოვანი ხალხების ჟლეტას ბალკანეთზე იმავე არგუმენტებით, რასაც 1990-1992 წლებში «ქართული ფაშიზმის გამოვლინებად» მიიჩნევდნენ.
        განა სერბეთმა არ გააუქმა «კოსოვოს ავტონომიური ოლქი»? მაგრამ საპროტესტოდ კრინტი არ დაუძრავთ ბელა ახმადულინებს, სერგეი მიხალკოვებს, სხვებსა და სხვებს.
        რამდენიმე დღის წინ რუსეთის პატრიარქი გამოვიდა ტელევიზიით და მთლიანად გაამართლა სერბთა მოქმედება კოსოვოში, ანუ გაამართლა უმწეო ადამიანების ხოცვა-ჟლეტა! არადა, სწორედ იგი, 1991 წლის გაზაფხულზე, ცხინვალის მოვლენების დროს, აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს «ღია წერილს» წერდა: «ამ დიდმარხვას ქართველებს ისღა მოგეთხოვებათ, ადამიანის ხორცს მაინც ნუ შეჭამთო». 

მერიდიანი 31 მარტი, 1999 წელი

მთელ გვერდზე