როგორ გავინაწილოთ პარლამენტი – რეცეპტები გამარჯვებულთათვის

        უკვე სავსებით ცხადია, რომ არჩევნების შედეგად, მხოლოდ ორმა პოლიტსუბიექტმა – მოქკავშირმა და «აღორძინებამ» გადალახა 7-პროცენტიანი ბარიერი. «მრეწველები» და ლეიბორისტები ხახამშრალნი დარჩნენ – წარმოუდგენელია ოქმების დათვლამ სერიოზულად შეცვალოს ხმათა რაოდენობა, რომელიც წინასწარი მონაცემებით დაფიქსირდა.
        ამრიგად, «მოქალაქეთა» ოპონენტები მომავალ პარლამენტში «აღორძინების» ბლოკში შემავალი პარტიები იქნებიან. მათვე უნდა გაინაწილონ საპარლამენტო თანამდებობები.
        ამ მხრივ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება მოქალაქეთა კავშირის დათმობაზე, ვინაიდან სწორედ იგი ფლობს უმრავლესობას. მოქკავშირს აქვს მორალური უფლება, მოიქცეს ზუსტად ისე, როგორც აპირებდა მოქცევას (გამარჯვების შემთხვევაში) ვახტანგ რჩეულიშვილი.
        ერთ-ერთ წინასაარჩევნო გამოსვლაში მან განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ყველა თანამდებობას დაისაკუთრებს გამარჯვებული «აღორძინება», ხოლო მოქკავშირს ერგება მხოლოდ კომიტეტთა თავმჯდომარის მოადგილეთა პოსტები – ისიც კანონის შესაბამისად და არა «აღორძინების» კეთილი ნებით.
        აქედან გამომდინარე, თუ «მოქალაქეებს» ელემენტარული ჭკუა აქვთ, აუცილებლად უნდა მოიქცნენ შემდეგი სქემით: პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიონ ზურაბ ჟვანია, ყველა კომიტეტის თავმჯდომარედ – აგრეთვე მოქკავშირის წარმომადგენელი და მხოლოდ კომიტეტების თავმჯდომარის მოადგილეთა პოსტები «დაუთმო ნ « ოპოზიციას;
        რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – აი, აქ «მოქალაქეებს» დიდი სიფრთხილე და ეშმაკობა მართებთ. როგორც ცნობილია, პარლამენტის თავმჯდომარეს 4 მოადგილე ჰყავს, მათგან ერთი უკვე გარკვეულია – თამაზ ნადარეიშვილი, როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
        იმავე ლოგიკის თანახმად, მეორე მოადგილე უნდა იყოს ასლან აბაშიძე, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. მაგრამ რაკი ასლან აბაშიძე თბილისში ჩამოსვლას არ ინებებს - «აღორძინება», უეჭველად, შეეცდება რომელიმე «ამღორძინებელი» გაიყვანოს თავმჯდომარის მოადგილედ, სავარაუდოდ – ჯემალ გოგიტიძე.
        სწორედ აქ მართებს სიმტკიცე და მოურიდებლობა უმრავლესობას: კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და არა მისი რომელიმე წარმომადგენელი.
        თუ ასეა, უმრავლესობამ სწორედ ის უნდა დაამტკიცოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ – კეთილი ინებოს ბატონმა ასლანმა, ჩამობრძანდეს თბილისში და მიიღოს მონაწილეობა (ორ კვირაში ერთხელ მაინც) ქვეყნის პარლამენტის მუშაობაში.
        სხვაგვარად საკითხის დასმა აბსურდია. თავად განსაჯეთ – რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა ყაბარდო-ბალყარეთის პრეზიდენტი კოკოევი. მას, რა თქმა უნდა, აზრადაც არ მოუვა (არც მოსვლია), გააცდინოს ფედერაციის საბჭოს სხდომა, რომელიც კვირაში ერთხელ ტარდება. მაგრამ რომც მოუვიდეს ასეთი რამ აზრად, მის წინადადებას – ეგ პოსტი ჩემმა წარმომადგენელმა დაიკავოსო – რუსი დეპუტატები შეურაცხყოფად აღიქვამენ და არც განიხილავენ.
        ამრიგად, მეორე მოადგილედ, უეჭველად, სწორედ ბატონი ასლან აბაშიძე უნდა აირჩიოს პარლამენტმა. ჩამოვა – ხომ კარგი, თუ არ ჩამოვა და – მისი ნებაა. ამით ოპოზიციას დააკლდება და არა უმრავლესობას.
        რჩება ორი მოადგილე. ერთ-ერთი მათგანი, რა თქმა უნდა, მოქალაქეთა კავშირის წარმომადგენელი იქნება. რაც შეეხება მეორეს – აი, აქ მოქკავშირმა სრულიად უნდა გამოიყენოს თავისი მთავარი კოზირი (საპარლამენტო უმრავლესობა), რათა თვალნათელი გახადოს ოპოზიციის ეკლექტურობა.
        «ზვიადისტები» თითქოს სათვალავში ჩასაგდები არ არიან, მაგრამ მოქალაქეთა კავშირმა ამ პოსტზე მუხრან მაჭავარიანს უნდა დაუჭიროს მხარი. ამ კანდიდატურას ტრადიციონალისტები და სოციალისტები კბილების ღრჭიალით შეხვდებიან, მაგრამ ხმამაღლა კრინტის დაძვრას ვერ გაბედავენ. თუ გაბედავენ – კოალიცია უმალვე დაიშლება.
        ჯუმბერ პატიაშვილი თვითონვე იტყვის უარს, რაკი პრეზიდენტობას აპირებს.
        ხოლო თუ მუხრან მაჭავარიანიც კვლავ განდეგილობას ამჯობინებს, მაშინ «მოქალაქეებმა» კაკო ასათიანს უნდა დაუჭირონ მხარი. ნებისმიერ შემთხვევაში, «მოქალაქეთა კავშირს» უამრავი ბერკეტი აქვს საიმისოდ, რათა ერთ-ორ თვეში თვალნათელი გახადოს – სინამდვილეში რამდენად სძულთ ერთმანეთი მისი სიძულვილით გაერთიანებულ ოპოზიციონერებს.

მერიდიანი, 5 ნოემბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე