საკრებულოები გამგეობებთან შეხმატკბილდნენ
   

    როგორც მოსალოდნელი იყო, «ადგილებზე» გამგებლებსა და საკრებულოებს შორის კონფლიქტური სიტუაციები სულ მალე და ადვილად «ამოიწურა».
    არ გამართლდა პროგნოზი, თითქოს საქმე მივიდოდა სამოქალაქო ომამდე, კარების აჭედვამდე, ცხვირ-პირის მტვრევამდე და ა.შ. ზოგიერთ რაიონში დაძაბულობა მართლაც შეინიშნებოდა: სადღაც გამგებელს კაბინეტში შეუვარდნენ, გაწევ-გამოწევაც იყო, მაგრამ, მთლიანობაში არ ისმის «ყბათამტვრევის» ხმა, - ყველგან იდეალური სიჩუმე და სიამტკბილობაა. არადა, ეს თითქოს გასაკვირია - იმდენად, რომ ბუნებრივად ეჩვენებოდა ყველას, თუ რაიონებში მათ შორის მუდმივი ძიძგილობა იქნებოდა.
    რეალურად ასე არ ხდება, პირიქით, რაიონთა უმრავლესობაში «ოპოზიციური» საკრებულო და «მმართველი» გამგებელი ერთმანეთს ტკბილად ჩაეხუტნენ. თბილისი რომ თბილისია, სადაც ოპოზიციამ დიდი ბრძოლისა და ინტრიგების შედეგად საკრებულოში უმრავლესობის შეკოწიწება შეძლო, თავდაპირველი დაძაბულობა აშკარად მოიხსნა.
    ამ საოცრების მიზეზი ადვილი ასახსნელია: რაიონებსა და ქალაქებში საკრებულოები უბრალოდ ადვილად «ჩაჯდა» ჭამა-სმის არსებულ სისტემაში ანუ «ალაფის გაყოფაში» თანასწორუფლებიანად იღებენ მონაწილეობას.
    ამიტომაა იდილია, ამიტომაა სიწყნარე და სიამტკბილობა, - მშივრები იყვნენ და გააძღეს; ჰოდა როგორც კი გაძღნენ, უმალვე იქცნენ «კონსტრუქციულ ოპოზიციად». ხშირ შემთხვევაში, ოპოზიციონერები საერთოდ აღარ არიან და «პარტიულ ცენტრის მითითებას» აინუშშიც აღარ აგდებენ.
    თბილისში, მაგალითად, საკრებულოს ზოგიერთი «მემარცხენე» დეპუტატი, ჯერ კიდევ გუშინ (არჩევნებამდე) შარვალგამოხეული რომ დადიოდა, ახლა უკვე «ვერსაჩეს» კოსტიუმშია გამოწკეპილი და საბჭოური წარმოების მანქანას აღარ კადრულობს. რა დროს ოპოზიციონერობაა - სამი წელი აქვს სულ, დროს უქმად ხომ არ დაკარგავს?
    საქმოსანთა ორიენტაციაც უმალვე შეიცვალა - გასაგებია: «საქმის გაიმასქნებისათვის» საკრებულო შესანიშნავი ტრამპლინია, მაგრამ დეპუტატს, განურჩევლად იმისა, «პოზიციონერია» თუ «ოპოზიციონერი» აღმასრულებელ რგოლთან კარგი და კეთილი ურთიერთობის შენარჩუნება სჭირდება, თორემ, აბა, საკრებულოს სხდომაზე ხომ არ გამოიტანს საკითხს? საკრებულოში შეიძლება სხვა საკითხი განიხილონ, უფრო გლობალური, პოლიტიკური მნიშვნელობისა. «კერძო პრობლემები» კი კულუარებში წყდება. ეს პრობლემებია მათთვის მთავარი და არა «გლობალური დისკუსია სოციალური კონცეფციის» თაობაზე.
    უბედური ამომრჩეველი კი კვლავ პირში ჩალაგამოვლებული დარჩა.
    ახია მასზე! 1988 წლიდან ვერ ისწავლა ჭკუა, რომ ახალშობილი ბოჩოლასავით პირდაღებულმა არ უსმინოს სხვადასხვა გაიძვერა პოლიტიკანებს, განურჩევლად მათი შეფერილობისა.
    ახალგორის ინციდენტი, სადაც პოლიციამ საკრებულოს თავმჯდომარე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა, მხოლოდ «პირველი მერცხალია». თუმცა, შეიძლება მას «გაზაფხული» არც მოჰყვეს, ვინაიდან არავინ იცის, რამდენი ასეთი ფაქტი მოხდა ათეულობით საკრებულოში, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ფულიც «მშვიდობიანად აიღო» და საქმეც «გააკეთა».
    აქ არის სწორედ ახსნა ამჟამინდელი სიამტკბილობისა გამგეობებსა და საკრებულოებს შორის. ამიტომ აღარ ისმის «თავპირისმტვრევის» ხმა, - მიიღეს გარანტია, რომ გაძღებიან, მშივრები არ დარჩებიან და რაღა აჩხუბებთ? ჩხუბს სიყვარული, ღვინის სმა და ქეიფი არ სჯობს? საეჭვოა, ეს მდგომარეობა პარტიის ლიდერებმა შეცვალონ. ჯერ ერთი, მათაც «გაუყოფენ», გარდა ამისა (ვიმეორებ), ოპოზიციონერობის გამო ლუკმას პირიდან ვერავის გააგდებინებენ. ოპოზიციონერობა იმისათვის უნდოდათ, რომ «გამძღარიყვნენ», თორემ მშივრები რა თავში იხლიან?
    ერთი სიტყვით, «ადგილობრივი თვითმმართველობა» საქართველოში ტრიუმფალური წარმატებით მკვიდრდება. უკვე შეიძლება ვიზეიმოთ ახალი ინსტიტუტის ჩამოყალიბება, რომელიც «ორგანულად ჩაეწერა» არსებულ სისტემაში.
    საქართველო შეიძლება გახდეს მაგალითი (მთელი ევროპისათვის), თუ როგორ უნდა ითანამშრომლოს ოპოზიციურმა საკრებულომ გამგეობასთან, რომელსაც პრეზიდენტი ნიშნავს და ათავისუფლებს; ვისარგებლოთ ევროსაბჭოში გაწევრიანებით და მოვიწვიოთ ექსპერტები (დეპუტატები) გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, რათა შეისწავლონ ჩვენი «გამოცდილება» და საკუთარ ნიადაგზე «დამყნობაც» სცადონ.
    ხუმრობა იქით იყოს და საქართველოს მოსახლეობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიხვდეს: პოლიტიკა ბინძური საქმეა; ათჯერ უფრო ბინძურია ქართული პოლიტიკა.
    ოპოზიციაც, რომელიც ვითომდა ხალხის უბედურებითაა გულდათუთქული, სინამდვილეში თავად ეძებს სახრავ-საკბილოს, თორემ საკუთარი ინტერესების გარდა არაფერი ამოძრავებს.
    ასე გაგრძელდება მანამ, ვიდრე ამომრჩეველიც მხოლოდ პრაგმატული ინტერესებით არ იმოქმედებს და პოლიტიკანთა ყბედობას, მათ მიერ «გატყორცნილ» ლოზუნგებს ყურადღების ღირსადაც არ ჩათვლის.

მერიდიანი, 22 თებერვალი, 1999 წელი

მთელ გვერდზე