რესპუბლიკელები და ედპ ხსნას გაერთიანებაში ხედავენ
       

        ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისა და რესპუბლიკელების ლიდერთა განცხადებით, საარჩევნო ბლოკის შექმნის საკითხი, პრინციპული თვალსაზრისით, უკვე გადაწყვეტილია.
        დასაზუსტებელია ზოგიერთი დეტალი, რის თაობაზეც მიმდინარეობს მოლაპარაკება. ასეთ «დეტალებში», რასაკვირველია, პარტიათა წარმომადგენლობა იგულისხმება, ანუ ის, თუ ვინ როგორ და რა პროპორციით იქნება წარმოდგენილი საარჩევნო სიაში. ეს მაინც საკვანძო საკითხია, რაზედაც დამოკიდებულია საერთოდ შედგება თუ არა საარჩევნო ბლოკი, განსაზღვრული აქ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის აშკარა დასუსტებაა.
        ირინა სარიშვილი-ჭანტურიასთვის ნებისმიერ პარტიასთან ალიანსი ნამდვილად არ არის სასურველი, მაგრამ ამჟამად მას სხვა გზა არა აქვს, ვინაიდან მისი პარტიისათვის (რას მოესწრო ედპ!) 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვაც პრობლემატური გახდა. ჯერჯერობით საქმე ისე არ არის, რომ საერთოდ არ ჰქონდეს შანსი, «მარტომ» გადალახოს საარჩევნო ბარიერი, მაგრამ ქალბატონი ირინა საქმეს «სათუოდ» ვერ აქცევს.
        მეორეს მხრივ, რესპუბლიკელთა ელიტას ნამდვილად ჰყავს «საკუთარი» არცთუ მრავალრიცხოვანი, მაგრამ საკმაოდ მაღალინტელექტულაური და არაინფანტილური ამომრჩეველი. «რესპუბლიკელები» და «ედპ» მსოფლმხედველობრივი თვალსაზრისითაც სავსებით შეთავსებულნი არიან. მიუხედავად ამისა, ამ ალიანსს ძალიან სერიოზული ბრძოლა მოუწევს მომავალ არჩევნებში კვოტის დასაგროვებლად, რათა თუნდაც მხოლოდ წარმოდგენილნი იყვნენ პარლამენტში.
        «რესპუბლიკურ პარტიასა» და «ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას» შორის კონსტრუქციული ურთიერთობა არასოდეს ყოფილა. «გაჭირვებას რა უთხრან», თორემ ისინი ერთმანეთთან კავშირზე არც ოდესმე წავიდოდნენ. ქართულ პოლიტიკაში ბევრ რამეს (თუ ყველაფერს არა) განსაზღვრავს პირადი დამოკიდებულება. ცენტრალურ ფიგურებს - დათო ბერძენიშვილსა და გია ჭანტურიას, ერთმანეთი, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ ძალიან ეპიტნავებოდათ, ორივე დისიდენტი იყო, ორივე იჯდა ციხეში, მაგრამ მენტალიტეტით, ისევე როგორც მსოფლმხედველობრივი მრწამსით, ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. ღია უთანხმოება დაიწყო ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის «გარიჟრაჟზე» - 1988-89 წლებში, მასობრივი აქციებისადმი დამოკიდებულებების გამო. შემდგომ ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა და ერთი პერიოდი, საქმე ღია კონფრონტაციამდეც მივიდა.
        რასაკვირველია, გია ჭანტურიასთვის (ე.წ. «ეროვნული კონგრესის» იდეის ერთ-ერთი ავტორისათვის) კატეგორიულად მიუღებელი იყო ბერძენიშვილისა და რესპუბლიკელების მონაწილეობა «უზენაესი საბჭოს» არჩევნებში მიუხედავად იმისა, რომ უზენაეს საბჭოში სწორედ რესპუბლიკელთა მცირერიცხოვანმა წარმომადგენლობამ შექმნა ნამდვილი ოპოზიცია.
        1992 წელს არჩევნების შემდეგ, ურთიერთობა რამოდენიმეჯერ მივიდა მკვეთრ დაპირისპირებასა და შეხლა-შემოხლამდე. ბევრს ახსოვს, ალბათ, ცნობილი ინციდენტი «იმელის» პარლამენტის ფოიეში დათო ბერძენიშვილისა და გიორგი კობახიძის მონაწილეობით.
        თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ დათო ბერძენიშვილი - ირინა სარიშვილი -ჭანტურიასადმი ყოველთვის კორექტულ დამოკიდებულებას ინარჩუნებდა და არც ქალბატონი ირინა გამოირჩეოდა ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული შეურიგებლობითა და აგრესიულობით.
        შემდგომ, თანდათანობით, ურთიერთობები შესამჩნევად გათბა. ამჟამად, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ტაქტიკური ალიანსი ნამდვილად შესაძლებელია, მაგრამ ეს იქნება სწორედ ტაქტიკური და არა სტრატეგიული ხასიათის ურთიერთობა.
        მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელები საკმაოდ მცირერიცხოვანნი არიან და არც რეგიონული ორგანიზაციები ჰყავთ (ან თითქმის არ ჰყავთ), ისინი მაინც არასდროს დაეთანხმებიან უშუალოდ შესვლას (შერწყმას) «ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში» ვინაიდან ამით სახეს დაჰკარგავენ და «მმართველ გუნდში» ადგილების გადანაწილების პრობლემაც დადგება.
        აქედან გამომდინარე, მას, ალბათ, არც თვით სარიშვილი-ჭანტურია დაეთანხმება. ამრიგად, შესაძლებელია მხოლოდ დროებითი «საარჩევნო» ალიანსი. მაგრამ გაერთიანებასთან დაკავშირებით, ორივე პარტიას უკვე შეექმნა ძალიან სერიოზული პრობლემები. დამკვირვებელთა აზრით, საკმაოდ გავლენიანი წევრების (ვახტანგ ხმალაძის, რეზო შავიშვილისა და ვახტანგ ძაბირაძის) გასვლა, რესპუბლიკური პარტიიდან და «დასის» აღდგენა გამოწვეულია მათი უარყოფითი დამოკიდებულებით ამ ალიანსისადმი.
        ზოგიერთი ცნობით, თვით «ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაშიც» არ არის აზრთა ერთიანობა, მაგრამ ირინა სარიშვილი-ჭანტურია ჯერჯერობით მაინც ახერხებს სიტუაციის გაკონტროლებას, თუმცა კახეთის ინციდენტი უკვე სერიოზული სიმპტომია.
        მთლიანობაში კი «მემარჯვენე პარტიებს» (მოქალაქეთა კავშირის გარდა) ნამდვილად გაუჭირდებათ გადალახონ 5-პროცენტიანი ბარიერი. ალბათ სასწაული უნდა მოხდეს, რომ მათ ხმების საკმარისი რაოდენობა მოაგროვონ.
        ამგვარი რამ შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებამდე დარჩენილი პერიოდის განმავლობაში ქართული ელექტორატის დონე რამოდენიმეჯერ ამაღლდება ან «მემარჯვენე პარტიები» გაერთიანებას შეძლებენ, ეს კი ერთნაირად შეუძლებელია.

მერიდიანი, 19 მარტი, 1999 წელი

მთელ გვერდზე