ვინ იქნება მეექვსე, მეშვიდე, მერვე?
ახალი საპარლამენტო საკითხავი
       

        31 ოქტომბრის არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. ორშაბათს დილით უკვე ყველაფერი გარკვეული იქნება. საბოლოოდ გადაწყდება იმ ქართული პოლიტიკური ელიტის ბედი, რომელიც 80-იანი წლების მიწურულს გამოვიდა საზოგადოებრივ ასპარეზზე.
        არჩევნები გადაწყვეტს, რომელი მათგანი დარჩება ზედაპირზე და რომელი ჩაიძირება საბოლოოდ და სამუდამოდ.
        «აღორძინების» მსგავსი შანსი რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსისათვის, რომელიც ამ მაშველი რგოლით ცდილობს ქართულ პოლიტიკაში დარჩენას და ზედაპირზე კვლავ ამოყვინთვას - XXI საუკუნეში აღარ განმეორდება.
        ამრიგად, ეს არჩევნები საბოლოოდ გახდება «პოლიტიკური ტეხილი», რომელიც ემთხვევა «დროით ტეხილს» - XXI საუკუნისა და მესამე ათასწლეულის დასაწყისს.
        ამ არჩევნებში ჩაძირულები კი (ვიმეორებ) ვეღარასოდეს ამოყვინთავენ.
        ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობისათვის, ეს მომენტი არ არის საცნაური, ამიტომაც ქცეულა მისთვის «გაუგებრად» აბსურდული ალიანსების მთელი სერია.
        ნორმალურ სამოქალაქო ლოგიკას არანაირად არ შეესაბამება მრავალი მათგანი; თუმცა, თავისთავად, სავსებით ბუნებრივია, რომ პოლიტიკური ჯგუფები და პიროვნებები თვითგადარჩენისათვის იბრძვიან - გააჩნია, რის საშუალებას მისცემს მათ ამომრჩეველი.
        ამრიგად, გადაწყვეტილება სწორედ ამომრჩეველზეა დამოკიდებული. ამიტომ, მესამე ათასწლეულში შევაბიჯებთ იმ ხელისუფლებით, რომელსაც ვიმსახურებთ. ეს უნივერსალური ფორმულაა და მის შესაცვლელად ქართული სპეციფიკურობა საკმარისი არ აღმოჩნდა - ყოველი ერი იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც ჰყავს.
        მომავალი არჩევნების შედეგი კი ადვილად პროგნოზირებადი არ არის. ჯერჯერობით, სრული დარწმუნებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ «მოქალაქეთა კავშირი» და «აღორძინების» ალიანსი უეჭველად მოხვდებიან პარლამენტში. ოღონდ, აქ ერთი, არცთუ უმნიშვნელო დეტალია დასაზუსტებელი: «აღორძინების ალიანსი» ან «ბათუმური ალიანსი» არ არის იგივე «აღორძინება», რომელიც წინა პარლამენტში ძირითადად მაინც რეგიონის ინტერესებს გამოხატავდა.
        ამჟამინდელი «აღორძინების ალიანსი» არჩევნების შემდეგ ბათუმიდან მართული გაცილებით ნაკლებად იქნება, ვიდრე წინა საპარლამენტო «აღორძინება», ვინაიდან «ბათუმური ბლოკის» ახალი სიის გამსვლელი (და არა მხოლოდ გამსვლელი) ნაწილის აბსოლუტურ უმრავლესობას ის პოლიტიკოსები თუ პოლიტიკური ძალები შეადგენენ, რომელთა ინტერესის საგანი სრულიად საქართველო და «თბილისის ხელისუფლებაა».
        ეს განსხვავება საცნაური გახდება უმალვე, არჩევნების შემდეგ.
        «აღორძინების ბლოკი», შესაძლოა, ფორმალურად შენარჩუნდეს პარლამენტში, მაგრამ მხოლოდ «ფრაქციათა კოალიციის» სახით, რომელიც დროთა განმავლობაში, სულ უფრო ამორფული და ფორმალური გახდება, თუმცა, გარკვეულ «კდემას» პოლიტიკოსები მაინც შეინარჩუნებენ ოფიციალური ბათუმის მიმართ ასე ერთი წლის ან წელიწადნახევრის განმავლობაში.
        შემდგომ, ეს «რიდიც» გაუქრებათ და პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, საკუთარ გადაწყვეტილებებს აღარავისთან «შეათანხმებენ», თუნდაც ზრდილობისათვის.
        პროცესი სავსებით ბუნებრივი იქნება თუ გავითვალისწინებთ, რომ «აღორძინების» სიაში აბსოლუტური უმრავლესობა არა «ბათუმელი», არამედ «თბილისელი» პოლიტიკოსია.
        საოცარია, მაგრამ 7-პროცენტიანმა ბარიერმა და ოფიციალურ თბილისთან «ერთი-ერთზე» დარჩენის შიშმა ასლან აბაშიძე აიძულა წასულიყო ისეთ ალიანსზე, რომელიც მნიშვნელოვნად, შეიძლება ითქვას, შეუდარებლად შეამცირებს საკუთრივ მის გავლენას მომავალ პარლამენტში.
        დღემდე, საკანონმდებლო ორგანოში არსებობდა დაახლოებით 20-25 წევრიანი ფრაქცია «აღორძინება», რომელიც მზად იყო შეესრულებინა ნებისმიერი ბრძანება სოხუმიდან. ეტყოდნენ: «დატოვეთ პარლამენტი» - დატოვებდნენ პარლამენტს; «დაბრუნდით პარლამენტში» - დაბრუნდებოდნენ.
        ნოემბრიდან კი, ასეთი ფრაქცია პარლამენტში შეიძლება ვეღარც შეიქმნას.
        თავად განსაჯეთ: სიის პირველი ხუთეულის ყოველი წევრი შეეცდება შექმნას პარლამენტში საკუთარი ფრაქცია, რომელიც სრულიად დამოუკიდებლად იმოქმედებს; ფრაქციის შესაქმნელად 10 წევრია აუცილებელი. «ნამდვილ აღორძინებას» 5 მაჟორიტარი «გარანტირებული» აქვს, მაგრამ თუ პროპორციულ არჩევნებში სერიოზულ წარმატებას ვერ მიაღწია ან «ბათუმური კოალიციის» გარდა კიდევ 2 - მა პარტიამ მაინც გადალახა ედპ-ს «უცნაური დაჟინებით» შემოღებული მაღალი ბარიერი - მაშინ ისეთივე მძლავრ ფრაქციას, როგორც დღემდე ჰქონდა, ასლან აბაშიძე ვეღარ შექმნის.
        1998 წელს არჩეული პარლამენტი რეალურად სამსუბიექტიანი იყო («მოქალაქეები», «ეროვნულ-დემოკრატები» და ბათუმური «აღორძინება»), მომავალი პარლამენტი კი იმთავითვე (არჩევისთანავე) მრავალსუბიექტიანი იქნება - «ბათუმური აღორძინება» და მისი ლიდერი ვეღარ დაფიქსირდება «მოქალაქეთა კავშირის» ერთადერთ ალტერნატივად, - შეიძლება შეიქმნას მხოლოდ მცირე ფრაქცია, რომელიც რაოდენობით (ანუ გავლენით) სხვა ფრაქციებში ჩაიკარგება იმ შემთხვევაშიც კი, თუ საარჩევნო ბარიერს მხოლოდ ორი სუბიექტი გადალახავს.
        აქედან გამომდინარე, ამჟამად ბრძოლა მიმდინარეობს არა «მესამე პოზიციისათვის», როგორც ზოგიერთს სურს წარმოადგინოს, არამედ იმისათვის, თუ ვინ იქნება მეექვსე, მეშვიდე, მერვე ( და ა.შ.) ძალა მომავალ პარლამენტში ან იქნებიან თუ არა ისინი საერთოდ.
        საქმე ის გახლავთ, რომ ხუთი სუბიექტი უკვე ცნობილია «მოქალაქეთა კავშირი», «სოციალისტები», «ტრადიციონალისტები», «ზვიადისტები», «წმინდა აღორძინება» და ის დაჯგუფება, რომელიც 2-3 თვეში, მაჟორიტარი დეპუტატობისა და სხვადასხვა ფრაქციებიდან «გამოქცეული» პარლამენტის წევრებისაგან უეჭველად «შეიკვრება» ჯუმბერ პატიაშვილის გარშემო; დანარჩენი პოზიციებისათვის «ლეიბორისტები», «მრეწველები», «ეროვნულ-დემოკრატე:ბი» და «ხალხოსნები» იბრძვიან.
        ზემოთჩამოთლვილ პარტიათა «სუბიექტურობა» მომავალ პარლამენტში სულაც არ ნიშნავს და იმთავითვე არ გულისხმობს, რომ ყოველი მათგანი შეძლებს ფრაქციის ჩამოყალიბებას.
        ამრიგად, პირველი «წინასწარი დასკვნა», რომელიც უეჭველად გამომდინარეობს წინასაარჩევნო დისპოზიციის ანალიზიდან, შემდეგია: მომავალი პარლამენტი ყველა თვალსაზრისით გაცილებით მეტად ემსგავსება 1992 წლის დაუვიწყარ პარლამენტს, ვიდრე 1995 წელს არჩეულ საკანონმდებლო ორგანოს.

მერიდიანი, 27 ოქტომბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე