რა საჭიროა ღვინო - ფულის გაკეთება კრედიტებითაც შეიძლება

       ორშაბათს, საქართველოს პრეზიდენტი კახეთს ესტუმრა და მეღვინეები გაახარა: მიღებულია გადაწყვეტილება «რთველი 99-ის» დასაფინანსებლად 4,5 მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ.
       კრედიტი (სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, მტკიცე ქონებრივი გარანტიით) გადაეცემათ ღვინის ქარხნებს, რომლებიც შეისყიდიან ყურძენს გლეხებისაგან. თანხა საკმარისია 15-18 ათასი ტონა ყურძნის «დასამზადებლად».
       სიტყვა «დამზადება» იმდენად ტკბილად ელამუნა საგარეჯოში შეკრებილი «აქტივის» მონაწილეთა ყურს, - ლამის კახური ღვინის გარეშე შემოსძახეს «მრავალჟამიერი». გახარებული და კმაყოფილი დამსწრეთათვის რომ გეთქვა, ტრადიციული ქართული მეღვინეობის სამუდამო დასამარებას ზეიმობდნენ – რა თქმა უნდა, არავინ დაგიჯერებდა; არადა, რეალურად, სწორედ ასე იყო, - მორიგმა «შეღავათიანმა» კრედიტმა, ღვინის «შესანახად», ალბათ, საბოლოოდ ჩასცა ლახვარი ღვინის კულტურას საქართველოში.
       იმთავითვე უნდა ითქვას, რომ კრედიტი ფანტასტიურად შეღავათიანია, - 2 წლის ვადით, 10 პროცენტიანი საპროცენტო განაკვეთით.
       ფაქტობრივად, 2001 წლისათვის საპროცენტო განაკვეთს ინფლაცია დაფარავს. რასაკვირველია, ასეთ პირობებზე აბა ვინ იტყვის უარს, მაგრამ... «აქტივზე» ერთ-ერთ გამომსვლელს მაინც წამოსცდა: «სახელმწიფო ფულით არ უნდა ერეოდეს საბაზრო ურთიერთობაში, ხოლო ქართული ღვინის პრობლემა უხარისხო ყურძნით იწყება და არა ფალსიფიკაციითო».
       ეს ბევრისთვის მოულოდნელი იყო, ვინაიდან ყოველდღიური პროპაგანდით მიგვაჩვიეს აშკარა ტყუილს, თითქოს ქართული მეღვინეობისა და მევენახეობის ერთადერთი პრობლემაა იმპორტულ პროდუქციაზე საბაჟო განაკვეთის სიმცირეა, ფალსიფიკაციაა და ა.შ.
       ჯერ ერთი, ბოლოს და ბოლოს, შევარცხვინე ისეთი «ტრადიციული მეღვინეობა», რომელიც საკუთარ ქვეყანაში მაინც ვერ გაუწევს კონკურენციას უცხოურ პროდუქციას.
       დავუშვათ, აზერბაიჯანული ღვინო «ჩალის ფასად შემოდის», მაგრამ მოლდავური, ბულგარული, უკრაინული, ფრანგული ღვინოებიც «ჩალის ფასია»? საოცარია პირდაპირ: ჩვენი მეღვინეები, როდესაც უცხოეთში აქვთ ღვინო გასატანი, იქ მაღალ საბაჟო განაკვეთზე ჩივიან და თვითონ საკუთარ ხელისუფლებას დღენიადაგ საბაჟო ტარიფების გაზრდას სთხოვენ.
       ისიც ტყუილია და არ დაიჯეროთ, თითქოს იმავე რუსეთში, თურმე იმიტომ ვერ ასაღებენ ღვინოს, რომ მოლდავურმა, ბულგარულმა და უკრაინულმა ფალსიფიცირებულმა პროდუქციამ «წალეკა იქაურობა» - ნებისმიერი პროდუქციის ფალსიფიცირება გლობალური პრობლემაა, მაგრამ სასაცილოა იმის მტკიცება, თითქოს ჩინეთში წარმოებულ ფალსიფიცირებულ «როლექსს» შეუძლია ბაზრიდან განდევნოს ნამდვილი «როლექსი». მას თავისი მომხმარებელი ჰყავს, რომელიც იყიდის მხოლოდ ნამდვილ «როლექსს» (ათჯერ ძვირად) და ხელსაც არ მოკიდებს ფალსიფიცირებულს.
       როდესაც მოსკოვში, კიევში ან ნებისმიერ სხვა ქალაქში იყიდება ორ დოლარად ღირებული «ქინძმარაული», «ხვანჭკარა» და სხვა სახელგანთქმული ქართული ღვინოები, მას თავისი მომხმარებელი ჰყავს, ვისთვისაც სულ ერთია რას დალევს, ოღონდ დალიოს – თუნდაც ოდეკოლონი. მაგრამ როცა მოსკოვის რესტორან «პრაღაში» ნამდვილ ქართულ ღვინოზე უარს აცხადებენ და ნამდვილ ბულგარულ, არგენტინულ, ან (ვაი სირცხვილო) მოლდოვურ და ყირიმულ ღვინოს ამჯობინებენ, ეს უკვე სხვა პრობლემაა. ამის მიზეზი უკვე სიიაფე კი არ არის, არამედ ის ფაქტი (რისი აღიარებაც ჯიუტად არ უნდათ ქართველ მეღვინეებს), რომ მათ მიერ წარმოებული «ნამდვილი» (არაფალსიფიცირებული) ღვინოც ჩამოუვარდება ხარისხით უცხოურ «ნამდვილ» ღვინოებს.
       ცხადია, აქ საუბარი გვაქვს ერთი კლასის ღვინოებზე. ფრანგული და ესპანური ღვინოები სულ სხვა კლასს განეკუთვნება და მათ ქართული ღვინო ვერასოდეს გაუწევს კონკურენციას, - რამდენიც არ უნდა ვიტრაბახოთ, რომ «კულტურული ღვინის სამშობლო ვართ».
       სინამდვილეში, პრობლემის თავი და თავი უხარისხო ყურძენია. უხარისხო, მოუვლელი, უგერგილოდ ნაზარდი და მოწეული ყურძნისაგან კარგ ღვინოს ვერ დააყენებ – გამორიცხულია.
       ჩვენი ნაქები კახელი მევენახე კი მიეჩვია (ათწლეულების განმავლობაში), რომ გარანტირებული აქვს უკიდეგანო საბჭოთა კავშირის ბაზარი, რომელზეც იმპორტული ღვინო (კონკურენტი) მხოლოდ მცირე პარტიებად შემოდიოდა ეგზოტიკური პროდუქციის სახით. აქედან გამომდინარე, მიეჩვივნენ, რომ შეიძლება მოიწიონ ათეულობით ტონა უხარისხო ყურძენი და მას აუცილებლად იყიდიან ღვინის ქარხნები.
       საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვითარება შეიცვალა – გამოჩნდა კონკურენტი, რომელიც უფრო მეტს შრომობს, ვაზს თავს აკლავს და უკეთესი ყურძნით, უკეთეს ღვინოს ამზადებს. ეს აღარ მოეწონათ, ამიტომ ათასგვარ ხერხს მიმართავენ, რათა ნაწილობრივ მაინც აღადგინონ ძველი სისტემა.
       ფაქტობრივად, 1996-1999 წლის კრედიტები არის ლამაზად გაფორმებული დოტაცია მეღვინეობისა და მევენახეობისათვის, რომელიც უკარგავს გლეხს ყოველგვარ სტიმულს, რათა იშრომოს, დღე და ღამე გაასწოროს და მოიწიოს ხარისხიანი ყურძენი.
       რატომ «მოიკლას თავი», როცა ყოველი არჩევნების წინ «მიაწვება» ხელისუფლებას და, ფაქტობრივად, გამოსძალავს მორიგ «შეღავათიან კრედიტს? ამით ხელისუფლება არათუ ეხმარება ღვინის წარმოებას საქართველოში, არამედ პირიქით, - უკარგავს მას განვითარების სტიმულს.
       ამ გზით უფრო მალე დასამარდება ჩვენი სახელგანთქმული «ეროვნული მეღვინეობა».
       და საერთოდ, ზოგიერთმა ვერაფრით გაიგო, რომ აღარ არის საბჭოთა კავშირი, სადაც კონკურენცია «ბურჟუაზიულ გადმონაშთად» ითვლებოდა. ნებისმიერი პროდუქცია (დარგი) პერსპექტიულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უძლებს კონკურენციას და ეყრდნობა ჯანსაღ საფუძველს და არა დოტაციას.
       თუ ასე გაგრძელდა, მეღვინეობის საბოლოო დეგრადაცია საქართველოში გარდაუვალია. ბარემ დავხარჯოთ მთელი ბიუჯეტი მხოლოდ ყურძნის შესასყიდად – ღვინის ქარხნები ხომ კმაყოფილნი იქნებიან?! რეალურად კი, ამგვარი კრედიტები არის ნარკოტიკი, რომელიც ორგანიზმს ანადგურებს და წინააღმდეგობის უნარს უკარგავს.
       ფრანგი გლეხი, რომელიც სისხამ დილიდან - საღამომდე შრომობს, რათა უმაღლესი ხარისხის ყურძენი მოიყვანოს, ასე იმიტომ კი არ ირჯება, რომ ჩვენზე ნაკლებად იცის განცხრომის ფასი – უბრალოდ, მან ისიც იცის, რომ თუ კარგი ყურძენი არ მოიყვანა, შიმშილით მოკვდება: სახელმწიფო დაიცავს მხოლოდ სტიქიური უბედურებისგან (სეტყვისგან), მაგრამ არა სიზარმაცის შედეგისაგან.
       ეს ფსიქოლოგია ფრანგ მეღვინეს ჩამოუყალიბდა საუკუნეთა განმავლობაში, უმოწყალო კონკურენციის შედეგად; და სწორედ ამიტომ არის ფრანგული ღვინო მსოფლიოში საუკეთესო.
       ჩვენ კი ვსვათ «დედმამიშვილების» სადღეგრძელო იმ ღვინით, რომლის შესყიდვას «ლიდო» და «პრაღა» კი არა, მესამეხარისხოვანი კაფე-შანტანიც აღარ კადრულობს.

7 დღე, 2 სექტემბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე