ქართული პოლიტოკრატიის კლინიკური სურათი
       

        ქართული პოლიტიკა აგონიაში რომ იმყოფება, ახალი არ არის. ისიც უდავოა, რომ ინკუბაციის პერიოდი კარგა ხანია, განვვლეთ და არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ჩვენი პოლიტიკური ყოფისათვის დამახასიათებელი ყველა სენი არნახულად პროგრესირებს.
        ასე რომ, შექმნილი მდგომარეობისათვის შეუსაბამოდ აღტყინებულ საზოგადოებას იმედგაცრუება ნამდვილად არ ელის
        ამ პოლიტიკური პერფორმანსის შემოქმედი თუ მასში მონაწილე ძალების მრავალსახეობა, აუცილებლად იძლევა იმის მტკიცე გარანტიას, რომ მომავალი არჩევნები ჭეშმარიტად «საერთო სახალხო დღესასწაულად» იქცევა. ვიხილავთ ყოველივეს, რაც ასე სასიამოვნოდ ელამუნება ქართული ამომრჩევლის გულს: ნაირგვარი ინსინუაციები, ინტრიგები, მხილებები, სკანდალები, ფანტასმაგორიები... მიზანსცენაზე, უეჭველად, აღიმართება ახალ-ახალ საფრთხობელებიც, რომელთა გარეშე ვერც სასურველი ეფექტი მიიღწევა და ვერც შექმნილი მდგომარეობის «ნამდვილი მიზეზები» დასახელდება.
        ვისი, ან რისი ეროვნული ინტერესები? ან, იქნებ, მართლაც უმტყუნა იუმორის გრძნობამ გადაშენების პირას მყოფი ქართული საზოგადოების იმ მცირე ნაწილსაც, რომელიც, თურმე, ადეკვატურად არ რეაგირებს «ა-ლა ჭიპაშვილის» მსგავსს ოხუნჯობაზე.
        თუმცა ჰამლეტ ჭიპაშვილს რაღა უნდა მოსთხოვო, როცა თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთ ბაირახტარი (რომელსაც ყველა სიკეთესთან ერთად ტრაიბალიზმის სენიც შეყრია) მისივე გამოთქმის პერიფრაზირებას თუ მოვახდენთ - «ხეჭეჭურივით ქვაზე დასათხლეშ» აზრებს აფრქვევს.
        მოფიქრება ხომ გინდა? მერედა, ვის მოუვა აზრად ქართული დემოკრატიის ისეთი მონაპოვარი ხელყოს, როგორიცაა სიტყვის თავისუფლება და აზრთა პლურალიზმი?! არც იმით შავდება რამე, თუკი ეს აზრი ზუსტად ეხმიანება ახლო სამეზობლოს ანალიტიკურ ცენტრებში შეთხზულ «სამხრეთულ კონცეფციას», რომელიც, სხვათა შორის, ჩვენი სასიქადულო პოეტის მოხაზულ გეოგრაფიულ არეალში ფოკუსირდება.
        აი, მერე კი დავსხდეთ და გავმართოთ ერთი ვაი-ვიში და მოთქმა-გოდება, რომ «ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო».
        ამ დროს კი საზოგადოება პირდაღებული მისჩერებია დღევანდელობის უპოპულარულეს სერიალს - საპარლამენტო სხდომების ტელეტრანსლაციებს. მისჩერებია და შემდეგ მის პერიპეტიებს ხატოვნად, ექსპრესიულად და პირზე დუჟმორეული არჩევს საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ ახლობელ-ნათესავების წრეში - თუ როგორ დააფშვნა ხალხის ერთმა რჩეულმა მეორეს ბოთლი, როგორ დაალეწა ცხვირ-პირი და ა.შ. თითქოს ამაში რაიმე სახალისო იყოს.
        უახლოეს პერიოდში, ალბათ, გამოჩნდება ვინმე ჩვენში აგრერიგად მომრავლებულ ნაირგვარ ლატარიათა ორგანიზებაში გაწაფულ პიროვნებათაგან და ქართველ ამომრჩეველს ახალ გასართობს შესთავაზებს: იქნებ ფსონების დადებაც დაიწყოს საპარლამენტო ორთაბრძოლების მონაწილეებზე, - ვინძლო მომავალ პარლამენტში შერკინებები უფრო შთამბეჭდავი გამოდგეს, - აგერ, სპორტსმენთა კავშირიც აპირებს საარჩევნო მარათონში ჩაბმას.
        ვიღაც უეჭველად, გამოხტება და ჩვენი ყოჩი დეპუტატების გამოქომაგებასაც არ დაიზარებს. რაღა ჩვენი გიკვირს, - «რა ხდება იაპონიაშიო». ჯერ ერთი, ეს იქ გამონაკლისია და მსგავს რეციდივებს ისეთი კეთილგანწყობილო კომენტარებიც არ ახლავს, როგორც ჩვენში;
        თანაც, იაპონელი კანონმდებლები ჩხუბის გარდა, მგონი, სხვა რაღაცეებსაც ახერხებენ. ყოველ შემთხვევაში, ისეთ «ამორტიზებულ» სახელმწიფოში რომ არ ცხოვრობენ, როგორიც საქართველოა, - ფაქტია.
        ესეც თავზე გვენგრევა და ჩვენი ხელისუფლების გადამკიდე აქამდე რომ არ დაგვენგრა, - გასაკვირია.
        თავი კი იმით შეგვიძლია დავიმშვიდოთ, რომ მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლება და, იმედია, ჩვენი პოლიტოკრატია (განურჩევლად პოზიცია-ოპოზიციის, პოლიტიკური პლატფორმისა და იდეოლოგიისა) ამ საქმეს მაინც მიიყვანს ბოლომდე თუ, რა თქმა უნდა, მანამდე ერთმანეთი არ ამოჟლიტეს და ჩვენც ზედ არ მიგვაყოლეს.
        ახიც იქნება იმ საზოგადოებაზე, რომელსაც შეუსაბამო ამბიციები, პარტიკულარიზმისა და პროტექციონიზმის ჭია ღრღნის და არჩევანს იმის მიხედვით აკეთებს, ესა თუ ის კანდიდატი რომელი კუთხიდან, უბნიდან თუ ქუჩიდანაა და «ვისთან უფრო მიესვლება».
        ამგვარ გონებადაბინდული და ცნებააღრეული საზოგადოების სრული ატროფირება სავსებით ლოგიკურია და სასიკვდილო კონვულსიები რაც ნაკლებ ხანს გასტანს, მით უკეთესი.
        ბოლოს და ბოლოს, ჩვენზე მრავალრიცხოვანი და ძლევამოსილი ერები გადაშენებულან და მსოფლიო არც მათ ჩაჰყოლია საფლავში - მას საკუთარი სადარდებელიც საკმარისად აქვს. არც ის ტერიტორიები დარჩება უპატრონო და აუთვისებელი, რომელიც შაგრენის ტყავივით ისედაც ხელში გვადნება.
        ასე გარდაიქმნება ჩვენს სინამდვილეში ირეალური - რეალურად, შეუძლებელი - შესაძლებლად: როცა ერთი სტადიონი ხალხი ოცდაათჯერ და მეტჯერ მრავალრიცხოვანს გამარცხებს; როცა მოსახლეობა არ შეგიძლია უზრუნველყო მიზერული ხელფასებითა და პენსიებით (რომელიც საარსებო მინიმუმის 20 პროცენტსაც კი არ შეადგენს) და საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვან წევრობაზე თავი გამოიდო; როცა შეგიძლია ამტკიცო, რომ თურმე ხელფასების დარიგება ეროვნული ვალუტის კურსის დაცემას იწვევს, ამ დროს კი საარჩევნო კამპანიაზე ასეულობით მილიონი დახარჯო; როცა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 10-15-20-მილიონიანი კრედიტის გადმოცემაზე ტაშ-ფანდური გამართო და ამდენივე რომელიმე უწყების რემონტზე დახარჯო და ა.შ.
        ასეთ ვითარებაში მხოლოდ დეგენერაციის გზაზე შემდგარ საზოგადოებას შეიძლება ზემოთქმულზე მეტად ის აინტერესებდეს, ვიღაცის თავზე გადაფშვნილი ბოთლი შუშისა იყო თუ პლასტმასის ან ხალხის ერთმა რჩეულმა მეორეს დედა შეაგინა თუ ცოლ-შვილი - და ამაზე ილაღობოს.
        სწორედ რომ საამისოდ აქვს საქმე. ასეთი საზოგადოება, ეტყობა, მართლა ღირსია სახრით შერეკო იმავე გომურში, რომლიდანაც ისტორიული შემთხვევითობის წყალობით გამოვიდა და თუ ასე გაგრძელდა, იმავე ისტორიული კანონზომიერებით სანაგვეზე აღმოჩნდება - საუკეთესო შემთხვევაში, ისღა დარჩენია, სხვის ბაგაზე მიბმულმა უდღეური ყოფა გაიხანგრძლივოს.

მერიდიანი, 11 ივნისი, 1999 წელი

მთელ გვერდზე