არშემდგარმა ტერაქტმა პოლიტიკურ მარათონს მისცა სტარტი

        საქართველოს პოლიტიკურ სცენაზე, კედელზე ჩამოკიდებულმა თოფმა «დაიქუხა» და საარჩევნო მარათონის დაწყება ამცნო «სეირის» მოყვარულ საზოგადოებას.
        თვით ამ საზოგადოებას რაც შეეხება, 1988 წლიდან დაწყებული იგი მუდამ სეირის ყურებაშია და იმიტომაც აღმოჩნდა კარგ დღეში.
        განუხორციელებელი ტერაქტის გახსნა იმდენად მგრგვინავი მოვლენაა, რომ ფალსტარტად ძნელად თუ აღიქმება. პოლიტიკურმა პარტიებმა ეს იგრძნეს და უკვე «მძიმეწონოსნებიც» გადაეშვნენ მარათონში, რომელიც 1999 წლის ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.
        ამიერიდან, უკლებლივ ყველა პოლიტიკური აქცია, - განცხადება თუ დემარში მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების კონტექსტში აღიქმება. მაგალითად – თენგიზ კიტოვანის მოულოდნელი გათავისუფლება; თითქოსდა რა კავშირი შეიძლება არსებობდეს ამ ნაბიჯსა და მომავალ არჩევნებს შორის? მაგრამ კავშირი სწორედაც უშუალო და პირდაპირია. ხელისუფლების მხრიდან ეს იყო უაღრესად გონებამახვილური სვლა, ვინაიდან ამით მნიშვნელოვნად შეიცვალა წინასაარჩევნო განწყობა.
        თენგიზ კიტოვანი 7 წლის წინანდელი მოვლენების სიმბოლოა. იმ მოვლენებისადმი კი ამომრჩეველი იმდენად ზიზღითაა განმსჭვალული, რომ კიტოვანის «გარეთ გამოსვლამ» ერთგვარი «წინააღმდეგობის ფსიქოლოგიური სინდრომი» წარმოშვა და ამომრჩეველს შიშიც ჩაუსახა... ვაითუ, ვაითუ განმეორდეს ის, რაც ადრე მოხდა?
        აქედან გამომდინარე, ძლიერი და კონსოლიდირებული ხელისუფლების მოთხოვნა ელექტორატის შინაგანი განწყობა ხდება. თუმცა, ეს მხოლოდ ერთი მეთოდია – მრავალთაგან.
        საარჩევნო ტექნოლოგიებს ქართული პოლიტოკრატიის უდიდესი ნაწილი ძალზე ცუდად ფლობს. აქედან გამომდინარე, საარჩევნო ბატალიებში ბევრი იქნება სასაცილოც და სატირალიც. ტრაგიკომიკურიც და უბრალოდ, ნერვებისმომშლელიც.
        რამდენიმე სიტყვა, ალბათ, თვით არჩევნების მნიშვნელობაზეც უნდა ითქვას. რასაკვირველია, ეს მნიშვნელობა არ შემოიფარგლება სიმბოლოებით ანუ იმ გარემოებით, რომ არჩევნები უკანასკნელი იქნება მე-20 საუკუნეში, ხოლო არჩეულმა პარლამენტმა ქვეყანა ახალ ათასწლეულში უნდა შეიყვანოს» - თავისთავად, ამ თითქოსდა მხოლოდ სიმბოლურმა ფაქტმა, მართლაც შეიძლება გარკვეული პოლიტიკური ჟღერადობა შეიძინოს და შედეგზეც მოახდინოს გავლენა, მაგრამ ეს მაინც არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გაცილებით უფრო საგულისხმოა პოლიტიკური ტეხილი, რომელზეც საპარლამენტო არჩევნები ტარდება.
        თანაც, აქვე უნდა ითქვას, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგი დიდად განსაზღვრავს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებსაც. თუ პარლამენტი და პრეზიდენტი სხვადასხვა პოლიტიკურ «სიბრტყეზე» იქნებიან, მაშინ საქართველო, შეიძლება კიდევ ერთ სამოქალაქო ომამდე მივიდეს.
        ეს გადაჭარბება არ გეგონოთ: «ამერიკული მოდელი» ხელისუფლებათა გაყოფისა, როდესაც პრეზიდენტს არ აქვს პარლამენტის დათხოვნის უფლება, ხოლო საკანონმდებლო ორგანო ვერ ჩაერევა «აღმასრულებელი შტოს» საქმიანობაში, მეტისმეტად «ხისტია» საქართველოსთვის და არა მხოლოდ საქართველოსთვის.
        ყველა იმ ქვეყანაში (თითქმის გამონაკლისის გარეშე), სადაც ეს მოდელი დააფუძნეს (ნაცვლად ნორმალური საპარლამენტო რესპუბლიკის ან «ფრანგული მოდელისა»), - საქმე ლამის სისხლისღვრამდე და ხოცვა-ჟლეტამდე მივიდა.
        ზოგან სამხედრო გადატრიალებაც მოხდა და არმია გამოვიდა ქუჩაში (!) რათა სამოქალაქო ომი თავიდან აეცილებინა. ერთადერთი ქვეყანა, სადაც «ამერიკულმა მოდელმა» წარმატებით იმუშავა, - თვით ამერიკაა. საქართველოში ეს მოდელი ექსცესების გარეშე იმუშავებს მანამ, სანამ პრეზიდენტიცა და პარლამენტიც ერთ «სიბრტყეზე» იქნებიან -– არ აქვს მნიშვნელობა, «მემარცხენე» თუ «მემარჯვენე»; გარდა ამისა, მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით დამკვირვებლებს მხედველობიდან არ უნდა გამორჩეთ ის გარემოებაც, რომ 1999 წლის არჩევნებისათვის, პირველად გამოვლენ ასპარეზზე ქართველი ნუვორიშები - არა «ყოფილი წითელი დირექტორები», რომლებსაც ფული არასდროს აკლდათ და «მხედრიონის» მეშვეობით მოახერხეს კაპიტალის «თავდაპირველი დაგროვება», საწარმოთა ხელში ჩაგდება, არამედ სწორედ ნამდვილი ნუვორიშები. – მათ შორის 60-იან წლებში (ან 50-იან წლების ბოლოს) დაბადებული თაობა, რომელსაც ჯერ კიდევ არ უთქვამს თავისი სიტყვა და თუმცა საკუთარი ინტერესები გააცნობიერა. - ამ ინტერესთა დაცვისა თუ განხორციელების ბერკეტები ჯერ არ მოუპოვებია.
        1999 წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები (უფრო მეტადაც კი, ვიდრე საპრეზიდენტო) გახდება უკანასკნელი შანსი ქართული ბიუროკრატიისათვის, რათა შეინარჩუნოს «სახელმწიფოდ» წოდებული ქონება. ეს სწორედ მისი ქონება იყო 80 წლის განმავლობაში და არა «საერთო სახალხო საკუთრება»; მსხვილი პრივატიზება (განსაკუთრებით საბაზისო დარგებში – ენერგეტიკასა და ტელეკომუნიკაციებში) ჯერ მაინც არ დაწყებულა და შეიძლება, არც დაიწყოს.
        კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც განაპირობებს მომავალი არჩევნების მნიშვნელობას, უდავოდ საერთაშორისო ვითარებაა. იუგოსლავიაში დაწყებული პროცესი თანდათანობით უახლოვდება პოსტსაბჭოურ სივრცეს, მიმდინარეობს მსოფლიოს (უპირველესად «დიდი ევროპის») «დალაგება» - ახალი მსოფლიო წესრიგის მიხედვით.
        საქართველომ ამ პროცესში შეიძლება აქტიური როლი შეასრულოს ჩვენი ქვეყნის ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე;
        ახალი სახელმწიფოს დაფუძნება ჯერ ვერ მოესწრო, - ამისთვის კიდევ 4-5 წელი იქნება საჭირო, მათ შორის, ვგულისხმობ საერთაშორისო ფუნქციასაც.
        რაც ყველაზე საინტერესოა (თუმცა, შესაძლოა, არც თუ ყველაზე მნიშვნელოვანი), 1999 წლის არჩევნები, ალბათ, საბოლოოდ გაარკვევს ძალთა განლაგებას პოლიტიკურ სპექტრში.
        1995 წლის არჩევნებმა ეს ფუნქცია ვერ შეასრულა, - ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობამ დამარცხება «შემთხვევითად» მიიჩნია და არა ლოგიკურად. აქედან გამომდინარე, 4 წლის განმავლობაში კვლავ აქტიურობდნენ და ისევ ცდილობენ ხელისუფლებაში მოსვლას. შემოდგომაზე გარდაუვალი კრახი (თითო-ოროლას გარდა) საბოლოოდ გადაუწურავს იმედს და შესაძლოა, 1988-92 წლებში ჩამოყალიბებულ - შეკრული ქართველი პოლიტოკრატია (ანუ დაჯგუფება, რომელსაც რატომღაც მიაჩნია, რომ მას უნდა ჰქონდეს პოლიტიკური მონოპოლია საქართველოში) – სამუდამოდ გაცამტვერდეს და ჩაიძიროს ისტორიულ მოუსავლეთში (ღმერთმა ქნას), ვინაიდან, კიდევ 4 წელი პოლიტიკურ რესურსს ვეღარ შეინარჩუნებენ.
        საქართველოსთვის 2-3 ოპოზიციური პარტია სავსებით საკმარისია; ისევე, როგორც ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ რაკი ნორმალური ქვეყანა და საზოგადოება არ ვართ, ამ ჩვენმა «პოლიტოკრატიამ» «ვანკა-ვსტანკასავით» რამდენჯერაც უნდა წაიტეხოს კისერი, ჭკუას მაინც ვერ ისწავლის, ანუ, მაინც ყოველი არჩევნების წინ ათეულობით პარტიად დაქუცმაცდება, დაიშლება, დანაწევრდება, ერთმანეთს «დაჭამს» (ოღონდ არა გაერთიანების აზრით) და შემდგომ ისევ 4 წლით მიეცემა საღათას ძილს - დროგამოშვებითი მარაზმატული კონვულსიებით.

7 დღე, 26 მაისი, 1999 წელი

მთელ გვერდზე