აფხაზეთის რკინიგზით მცოცავი აგრესია გვიახლოვდება
           

            ოთხშაბათს, საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა რუსეთის სარკინიგზო ტრანსპორტის მინისტრს, ნიკოლოზ აქსიონენკოს, რომელიც თბილისში იმყოფებოდა არა მხოლოდ როგორც რუსეთის «სარკინიგზო უწყების» ხელმძღვანელი, არამედ ერთობლივი, რუსეთ-საქართველოს სამთავრობათაშორისო კომისიის თანათავმჯდომარეც.
            ეს კომისია თბილისსა და მოსკოვში თითქმის აღარ ახსოვდათ. მისი უკანასკნელი თანათავმჯდომარეები იყვნენ ნიკო ლეკიშვილი და ვლადიმერ სეროვი. ბოლო სხდომა კი სკანდალით დასრულდა, - გენერალი ნიკოლაევი აიძულეს უკან დაეხია რუსი მესაზღვრეები დარიალის ხეობაში, რის შემდეგაც იგი თანამდებობიდან გადადგა.
            კომისიის ფარგლებში მოხერხდა წინასწარი შეთანხმების მიღწევა რუსეთისადმი საქართველოს ვალის თაობაზე, რომელიც 200 მილიონ დოლარს აღწევს; თუმცა ქართული მხარე აცხადებს (არცთუ უსაფუძვლოდ), რომ რუსეთს გაცილებით მეტი მართებს საქართველოსი 1992-1993 წლებში უკანონოდ და მალულად გაზიდული სამხედრო ტექნიკის საფასურის სახით.
            ამჯერად მოლაპარაკების საგანია «დიდი ხელშეკრულება» გრძელვადიანი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ. 17 აგვისტოს კრიზისის შედეგად, რუსეთის ბაზარი დაიქცა, - იმპორტი კვლავ «ფუფუნების საგანი» გახდა - ისევე, როგორც საბჭოთა ეპოქაში;
            განსაკუთრებული ინტერესი აქსიონენკომ «აფხაზეთის რკინიგზის» მიმართ გამოამჟღავნა. როგორც ჩანს, შექმნილ ვითარებაში «ადლერ-ინგირის» ხაზის ამოქმედება რუსებისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი ხდება სამხრეთ კავკასიაში.
            რასაკვირველია, აქ უდიდეს როლს ასრულებს სომხეთის დაინტერესება, მაგრამ არა მხოლოდ. აქსიონენკომ სავსებით კონკრეტული პროექტიც შესთავაზა ქართველ კოლეგებს, - აფხაზეთის რკინიგზის მეშვეობით რუსეთის ქვანახშირის ტრანსპორტირება ფოთის პორტში, სადაც შესაბამისი ტარიფები, ობიექტური მიზეზების გამო, გაცილებით დაბალია, ვიდრე ნოვოროსიისკში.
            ეს პროექტი, ფოთის პორტში ამჟამად შექმნილი ვითარებისა და სხვადასხვა კლანთა ურთიერთბრძოლის პირობებში, განსაკუთრებით საგულისხმოა, ვინაიდან იგი ნიშნავს ქონების შემდგომ გადანაწილებასა და საამისოდ ბრძოლის დაწყებას.
            რაც უფრო «მსუყე ლუკმა» იქნება ფოთის პორტი, მით უფრო გააფთრებული გახდება პოლიტიკური შეფერილობის დაპირისპირება. საეჭვოა ეს აზრი თვით აქსიონენკოს მოსვლოდა თავში, - ალბათ «აქედან» (უმთავრესად ფოთიდან და თბილისიდან) «მიეხმარენ», რათა დროულად მიმხვდარიყო მის მნიშვნელობას
            რაც შეეხება რკინიგზას, პირველწყარო ამ შემთხვევაშიც გაიძვერა არძინბა ან არანაკლებ გაიძვერა «პრემიერი» ბაღაფში იყვნენ, რომლებიც ლამის სომხებზე მეტად არიან დაინტერესებულნი რკინიგზის ამოქმედებით ანუ ბლოკადის გაუქმებით.
            რაკი უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებაზე «გალელი ლტოლვილების» მეშვეობით ზეწოლის ფანდი არ გაუვიდათ, - ახლა ცდილობენ საქართველოს ფინანსურ კლანთა დაინტერესება გამოიყენონ.
            რა თქმა უნდა, ქართველი ოლიგარქები სულაც არ დაგიდევენ ქვეყნის სტრატეგიულ, ეროვნულ-სახელმწფიოებრივ ინტერესებს, როდესაც საქმე 100 და 200 პროცენტიან მოგებას ეხება. სეპარატისტები იმასაც ეშმაკურად ითვალისწინებენ, რომ რუსეთის «რკინიგზის მინისტრის» მეშვეობით ამ საკითხის გასამწვავებლად ხელსაყრელი ვითარება სწორედ ახლა იქმნება, - როდესაც სახელისუფლებო პარტია წინასაარჩევნოდ, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია ფინანსური წრეების მხარდაჭერით.
            არძინბა ისევ და ისევ ძალიან ოსტატურად თამაშობს წინააღმდეგობაზე საქართველოს გრძელვადიან სახელმწიფოებრივ ინტერესებსა და ტაქტიკურ ეკონომიკურ მოგებას შორის, რომელიც «კერძო» და «სახელმწიფო» ჯიბეებში შეიძლება გადანაწილდეს.
            განმსაზღვრელი აქ (ვიმეორებ) სწორედ ქართული ფინანსური ოლიგარქიის დაინტერესებაა ფოთშიც, ზუგდიდშიც და თბილისშიც. უმალვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე გაემგზავრება სოხუმს, სადაც ხელი უნდა მოეწეროს ხელშეკრულებას რკინიგზის ამოქმედების შესახებ.
            მანამდე ვლადისლავ არძინბას სოხუმში შეხვდება იგივე აქსიონენკო - მისი დანიშვნა შესაბამისი ერთობლივი კომისიის თანათავმჯდომარედ შემთხვევითი ნამდვილად არ არის, - მოსკოვში შესანიშნავად გრძნობენ, რომ რკინიგზის ამოქმედება ურთიერთობათა მთელი კვანძის გახსნა იქნება.
            რუსული მხარის წინადადებით, რკინიგზას შეეძლება ატაროს ყველაფერი, - იარაღის გარდა. იარაღი სეპარატისტებს ისედაც თავზე საყრელი აქვთ; მაშასადამე, საუბარია «ყველაფერზე, რაც აფხაზეთის ეკონომიკის აღსადგენადაა» საჭირო, ხოლო რამდენად ხელსაყრელი იქნება რკინიგზის ამოქმედება საქართველოს ეკონომიკისთვის, ეს კიდევ საკითხავია.
            ქართველი მეწარმეები ისედაც წუწუნებენ, რომ საქართველოს ბაზარს ანგრევს იაფფასიანი პროდუქცია, რომელიც რუსეთიდან შემოდის. აფხაზეთის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზის ამოქმედების შემდეგ ამ პროდუქციის ნაკადი ნიაღვრად იქცევა და მთლიანად წალეკავს საქართველოს ბაზარს.
            სარკინიგზო ეშელონების კონტროლი ენგურთან არაფერს მოგვცემს, ვინაიდან საქონელი გადმოიტვირთება გალში, შემდგომ კი ათასი ბილიკით შემოვა საქართველოში; ფაქტობრივად, აფხაზეთის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზის ამოქმედებით საქართველოს საბაჟოს, რომელიც ისედაც ვერ ახერხებს კონტრაბანდის შეკავებას ცხინვალიდან, - ახალი თავსატკივარი გაუჩნდება: კიდევ უფრო ძნელად მოსავლელი, ვიდრე ცხინვალის პრობლემა.
            გარდა ამისა, რკინიგზის ამოქმედების შემდეგ არა მხოლოდ საქონლის უკონტროლოდ შემოტანა გახდება შესაძლებელი, არამედ გატანაც (გამგები გაიგებს რასაც ვგულისხმობ), ხოლო ზუგდიდისა და სოხუმის კლანები, რომლებიც ტრადიციულად ურთიერთდაკავშირებულნი იყვნენ - ადვილად გამონახავენ საერთო ენას საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე.
            აქედან გამომდინარე, აფხაზეთში რკინიგზის ამოქმედება საქართველოს ხელისუფლების საბედისწერო შეცდომა იქნება - ერთხელ თუ გაიხსნა საზღვარი, შემდეგ მას ვერავითარი ძალა ვერ ჩაკეტავს. ამ საკითხის განხილვა (თუნდაც განხილვა) მიზანშეწონილი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქართველი მესაზღვრეები ფსოუზე დადგებოდნენ, მაგრამ დღეს ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

7 დღე, 16 აპრილი, 1999 წელი

მთელ გვერდზე