შევარდნაძე-ელცინის საიდუმლო სატელეფონო საუბარი;
        საით გადაიხრება პოლიტიკური კომპასი?
       

        ორშაბათს საღამოს, რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ბორის ელცინსა და ედუარდ შევარდნაძეს შორის.
        საუბრის შინაარსი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა «ინფორმაციის გაჟონვის სისტემა» (ისევე, როგორც მრავალ ქვეყანაში) საქართველოში ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ არის. ამიტომ ჟურნალისტებს კვლავ «ცნობათა ნაგლეჯებით» უხდებათ ოპერირება. ამ მასალის შესაბამისად კი, საუბარი შეეხებოდა ედუარდ შევარდნაძის სენსაციურ განცხადებას «2005 წლისათვის ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების შესახებ»;
        ამ განცხადებამ კრემლი სერიოზულად შეაშფოთა. მომავალი არჩევნების იმედი (პრორუსულ ძალთა გამარჯვების თვალსაზრისით) მოსკოვში არა აქვთ, ამიტომ, შევარდნაძის ამასწინანდელი განცხადებით, ისევ «შეჩვეულ ჭირთან» უხდებათ ურთიერთობა.
        საქართველოს პრეზიდენტი დღემდე ნატო-სთან დაკავშირებით მხოლოდ ბუნდოვანი ქარაგმებით იფარგლებოდა. «ფაინენშელ ტაიმსისთვის» მიცემულ ინტერვიუში კი იგი, როგორც არასდროს, ისეთი კონკრეტული იყო. რამდენად რეალურია 2005 წლისთვის საქართველოს გაწევრიანება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში - სხვა საკითხია. ეს განცხადება უფრო პოლიტიკური დემარში იყო, რომელმაც უეჭველად მიაღწია მიზანს, რაკი ბორის ელცინი პირადად დაუკავშირდა საქართველოს პრეზიდენტს სიტუაციის გასარკვევად.
        18 ნოემბერს სტამბულში გაიმართება ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი, რომელიც რუსეთისათვის უმძიმესი იქნება.
        ძნელი მისახვედრი არ არის, რომ საქართველო იმუქრება მკვეთრი განცხადებით ამ სამიტზე - რუსეთის სამხედრო ქვოტებთან დაკავშირებით. ასეთი პოზიცია რუსეთის პოლიტიკურ (საერთაშორისო) მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს; მით უმეტეს, ჩეჩნეთის ომის ფონზე.
        ამიტომ ელცინმა პირადად გადაწყვიტა ჩართულიყო მოლაპარაკებებში, რათა როგორმე «შეერბილებინა» ურთიერთობები თბილისთან. შევარდნაძის განცხადება ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ამ ურთიერთობათა უკიდურესი დაძაბვის ნიშანი იყო და არა საქართველოს მზადყოფნისა - ნამდვილად გაწევრიანდეს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში.
        დემარშმა უკვე გაცილებით სერიოზული შედეგი გამოიღო, ვიდრე მრავალწლიანმა ოხვრა-კვნესამ და ცრემლიანმა ხვეწნა-მუდარამ რუსეთის მიმართ. შევარდნაძის უპირველესი ამოცანა აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტაა, მაგრამ რუსეთს არ სურს საქართველოს გამო დასავლეთ კავკასიაში მცხოვრებ ხალხებთან ურთიერთობის გაფუჭება - უპირველეს ყოვლისა თვით აფხაზ სეპარატისტებთან.
        მაგრამ ასეთ შემთხვევაში მან უნდა იცოდეს, რომ «ორ კურდღელს» ვერ დაიჭერს და საქართველო მისდამი ლოიალური ქვეყანა ვერ იქნება. მით უმეტეს, ვერც «ლოიალურ» პრეზიდენტს მიიღებს.

7 დღე, 27 ოქტომბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე