პატიაშვილი ტრიუმფალურ სვლას ზღვისპირეთიდან გეგმავს
       

        არჩევნების მოახლოების პარალელურად პოლიტიკური დაძაბულობა თანდათან «დუღილის ფაზაში» შედის. ჯერჯერობით ბრძოლის თეატრის მთავარ ფიგურანტთა უცვლელობა, მათი ამოცანების იდენტურობა და წინასაარჩევნო მანევრების ტრადიციული ხასიათი სულაც არ გამორიცხავს მნიშვნელოვანი კორექტივების შესაძლებლობას და არც მხოლოდ შემოდგომით შემოიფარგლება
        ერთ-ერთ ამგვარ სიახლედ უნდა მივიჩნიოთ ბათუმის ორბიტაზე ჯუმბერ პატიაშვილის «ამობრწყინება». ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ «ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია».
        თუმცა, სიძველის მხრივ, აღნიშნული მოვლენის მთავარი პროტოგონისტი ისტორიის ფერფლწაყრილობით მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნის. სხვათა შორის, ეს ვარიანტი პირველ სიმპტომებამდე ჯერ კიდევ საარჩევნო ციებ-ცხელებით განიხილებოდა. პატიაშვილის სახელმა გაიჟღერა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, როდესაც პოლიტიკურ წრეებში აქტიურად დაიწყეს საუბარი ლეიბორისტების წარმატებისას «ანგარიშებულობის» შესახებ.
        ამის არგუმენტად, როგორც ჩანს, ჩაითვალა ჯუმბერ პატიაშვილის საპრეზიდენტო და ლეიბორისტთა თვითმმართველობის არჩევნებში მიღწეულ შედეგთა «პროცენტული იდენტიფიკაცია». იმხანად ამგვარი კავშირი ლეიბორისტთა ლიდერმა ხელაღებით უარყო, მაგრამ «ცკ»-ს ყოფილი მდივნის ბოლოდროინდელ სამშვიდობო ინიციატივას თუ გავითვალისწინებთ (სოციალისტთა და ლეიბორისტთა ლიდერების შერიგების მცდელობა), ზემოთქმულის დასკვნა საკმარისად დამაჯერებლად მოსჩანს.
        ეს ვერსია კიდევ უფრო რეალური ხდება მას შემდეგ, რაც პატიაშვილი «ცენტრრეგიონული» კონფრონტაციის ერთ-ერთ პოლუსზე გამოჩნდა. გულუბრყვილობა იქნება იმაზე ფიქრი, რომ პატიაშვილის ბათუმში ჩასვლა ტრივიალური მოტივით შემოიფარგლებოდა (მეგობრის ქალიშვილის ქორწილზე დასწრება) და შორსმიმავალ პოლიტიკურ მიზნებს არ უკავშირდება. შემთხვევითობად ასევე ვერ ჩაითვლება სტუმრისადმი აჭარის ხელისუფლების განსაკუთრებული ყურადღება - ვიზიტის პროგრამამ ლამის სამთავრობათაშორისო შეხვედრის ფორმა შეიძინა.
        პატიაშვილის «ჩრდილში ყოფნა» გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეიძლება რამდენიმე მოსაზრებით აიხსნას. პირველი, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ასპარეზზე პოლიტიკური დაძაბულობით პიკზე გამოჩენას და მოულოდნელობის ეფექტს ემყარება. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს ლოიალობის ობიექტის ძებნა და მესამე, - წინა არჩევნებში მოპოვებული მეტ-ნაკლები წარმატების ინერცია.
        როგორც ირკვევა, მოულოდნელობის ეფექტი, ზემოხსენებულ მიზეზთა გამო, უნდა გამოირიცხოს. რაც შეეხება პოლიტიკურ არჩევანს, ამ მხრივ ყველაფერი იმთავითვე გარკვეულია. მხედველობაში გვაქვს შევარდნაძე-პატიაშვილის დაძაბული ურთიერთობა, რომელიც სათავეს ჯერ კიდევ «პერესტროიკამდელ» ეპოქაში იღებს.
        რაც შეეხება საპირისპირო არჩევანს, იგი იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს გამართლებული, თუ თავად ასლან აბაშიძეს არ ექნებოდა ანალოგიური (საპრეზიდენტო) ამბიცია.
        როგორც ჩანს, აჭარის ლიდერის ამგვარი მინიშნებები მისი მხრიდან მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებაზე ზემოქმედების მექანიზმად განიხილება და, სინამდვილეში, საპრეზიდენტო სტატუსის მოპოვება მის გეგმაში სულაც არ შედის.
        ახლა, რაც შეეხება ინერციას: ამ ფაქტორს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიენიჭოს მნიშვნელობა, თუ ათვლის წერტილად 1995 წლის არჩევნებს მივიჩნევთ. თუმცა, იგი ფერმკრთალდება, თუკი გავითვალისწინებთ ისეთ ტრაგიკულ მოვლენას საქართველოსა და თავად პატიაშვილის პოლიტიკური მოღვაწეობის ისტორიიდან, როგორიცაა 1989 წლის 9 აპრილი.
        ხელისუფლებას მოვლენათა ამგვარი განვითარება უეჭველად ჰქონდა გათვლილი და ლევან ბერძენიშვილის შენიშვნაც იმის თაობაზე, რომ შევარდნაძემ შეგნებულად დაამთხვია 2000 წლის არჩევნები აპრილის თვეს, საკმაოდ საფუძვლიანია.
        დღევანდელი პრეზიდენტი მაქსიმალურად შეეცდება ამ კოზირის სრულფასოვნად გამოყენებას.
        პატიაშვილის სასარგებლოდ «მუშაობს» უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც მოსახლეობის თვალში შევარდნაძის ბოლო შვიდწლიანი მმართველობის პერიოდს უკავშირდება.
        ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ იგივე ხუდონჰესის საკითხი, რომელიც ეროვნულმა მოძრაობამ კომუნისტური ხელისუფლებისა და პირადად პატიაშვილის დისკრედიტაციისათვის მაქსიმალურად გამოიყენა, დღეს ყველასათვის ნაცნობ მიზეზთა გამო საპირისპირო დატვირთვას იძენს.
        მეორე მხრივ, მემარჯვენე ორიენტაციის პოლიტიკურ პარტიებსა და მის მხარდამჭერ ელექტორატში პატიაშვილს დასაყრდენი არ მოიძებნება. ამ კუთხით, მისი შესაძლებლობები ნულის ტოლია, ანუ სტრატეგიული მიზნის განსაზღვრისას სახეზეა შეზღუდული სამოქმედო არეალი და მინიმალური საშუალებები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად.
        ამისათვის ნოყიერი ნიადაგი შეიძლება იყოს სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავება. აქედან გამომდინარე, დღევანდელი ხელისუფლება თავისივე უუნარობის მძევალია, რაც განაპირობებს ნოსტალგიურ-რევანშისტული ძალების აღზევებისა და პოლიტიკური პანთეონიდან «სულთა გამოძახებისთვის» ხელსაყრელ პირობებს.

მერიდიანი, 28 აპრილი, 1999 წელი

მთელ გვერდზე