საქართველოს მესამე მოწვევის პარლამენტი მუშაობას ამთავრებს

      მძვინვარე დებატების შემდეგ, რაც დროდადრო ხელჩართულ ბრძოლებშიც გადადიოდა, დეპუტატებისთვის საზაფხულო არდადეგებიც დადგა. მოსალოდნელია კიდევ მხოლოდ ერთი ბობოქარი სხდომა, რომელიც საარჩევნო კვოტის პრობლემას მიეძღვნება. შემდგომ პარლამენტში კანონშემოქმედებითი მუშაობა საერთოდ შეუძლებელი გახდება, ვინაიდან საარჩევნო ბატალიების დროს იურისპრუდენციას მისი უდიდებულესობა პოლიტიკა და პოლიტიკური აუცილებლობა «დაჩაგრავს».
      მოსალოდნელია, რომ საშემოდგომო სესია საერთოდაც «შეიკვეცოს», რათა დეპუტატებს (მომავალი პარლამენტის წევრობის კანდიდატებს) «მუშაობაში» ანუ საარჩევნო აგიტაციაში ხელი არ შეეშალოთ.
      ამრიგად, მოქმედი პარლამენტის უფლებამოსილება მიიწურა - როგორც ქრონოლოგიურად და იურიდიულად ისე პოლიტიკურადაც. მოვიდა ჟამი გარკვეული შეჯამებისა - რა როლი შეასრულა ამ პარლამენტმა საქართველოს, ქართული დემოკრატიის ისტორიაში, რაში გამოიხატება მისი პოზიტიური და ნეგატიური წვლილი?
      ამთავითვე უნდა ითქვას, რომ მესამე მოწვევის პარლამენტი (უინსტონ ჩერჩილის პერიფრაზით) «ყველაზე უარესი იყო თუ წინა პარლამენტებს არ მივიღებთ მხედველობაში». მართლაც, 1990 წლის 28 ოქტომბერს «პირველი დემოკრატიული არჩევნების შედეგად» ჩამოყალიბებულმა პარლამენტმა, მართალია, მიიღო «დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი», მაგრამ ქართული პარლამენტარიზმის განვითარებაში იოტისოდენი წვლილიც ვერ შეიტანა - იგი დაგვამახსოვრდა, როგორც «ზვიადისტების» ტაშისკვრის არენა, რაიმე დემოკრატიულ პროცედურაზე, საპარლამენტო ტექნოლოგიაზე, დებატებზე ლაპარაკიც ზედმეტია;
      რაც მთავარია, იმდროინდელმა «უზენაესმა საბჭომ» ვერც რაიმე საპარლამენტო ტრადიცია შექმნა, საკუთარი ადგილი ვერ დაიმკვიდრა სახელისუფლებო სისტემაში და არსებობაც ტრაგიკომიკურად დაასრულა.
      მეორე უკიდურესობა აღმოჩნდა 1992 წლის 11 ოქტომბრის «არჩევნების» შემდეგ ჩამოყალიბებული პარლამენტი. აქვე უნდა ითქვას, რომ 11 ოქტომბრის ღონისძიებას «არჩევნები» ძნელად თუ ეთქმის, ვინაიდან დეკემბერ-იანვრის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ე.წ. «პრეფერენციათა» სისტემის გამოყენებით პარლამენტში მოხვდა ქართული პოლიტოკრატია მთლიანად ანუ, ფაქტობრივად, ყველა, ვისაც ამის სურვილი და ამბიცია ჰქონდა;
      იმ პარლამენტმაც მიიღო ძალზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, - დაამტკიცა საქართველოს ახალი კონსტიტუცია.
      მიუხედავად ამისა, ისევ და ისევ პარლამენტარიზმის განვითარების, ანუ ქვეყანაში რეალური დემოკრატიის დამკვიდრების თვალსაზრისით, 1992-1995 წლების პარლამენტმაც თითქმის ვერაფერი გააკეთა, ვინაიდან გადაჰყვა გაუთავებელ ჩხუბს, აყალმაყალს, გნიასს, გაწევ-გამოწევას, ფლებიუსტერიზმს და დესტრუქციულ დისკუსიებს პრინციპით: «რაც უარესი – მით უკეთესი».
      წინა პარლამენტის «არჩევა», ანუ დაკომპლექტება ღირდა მხოლოდ კონსტიტუციის მისაღებად. როგორც დამფუძნებელი კრებისა, მაგრამ თვით საპარლამენტო ტრადიცია ვერც მან შექმნა;
      არადა, ნუ გაიკვირვებს მკითხველი: ეს ტრადიცია (პარლამენტარიზმის ტრადიცია) დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის მშენებლობისა და ფუნქციონირების პროცესში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე «სახელმწიფოებრიობის აღდგენის აქტი» ან «კონსტიტუცია», ვინაიდან ორივე მათგანს შესაბამისი ტრადიციისა და საპარლამენტო (დემოკრატიული) კულტურის არარსებობა ფარატინა ქაღალდებად აქცევს, რაც სულ ადვილად შეიძლება დაგახიონ თავზე.
      ამ თვალსაზრისით, მესამე მოწვევის პარლამენტი უდავოდ აღემატებოდა ორივე წინამორბედს. დავაკვირდეთ ერთ გარემოებას: საქართველოში სამოქალაქო ომის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი გახდა ე.წ. «პარალელური სტრუქტურების» ანუ «კონგრესის» ბრიყვული და პროვოკაციული იდეა, რომელიც ჯერ კიდევ 1988-1989 წლებში «შეიმუშავეს» პოლიტიკანებმა. «კონგრესი» ბრწყინვალედ გამოიყენეს რუსეთის სპეცსამსახურებმა საქართველოში ძმათამკვლელი ომის და ქაოსის პროვოცირებისათვის. 1990 წლის სექტემბერ-ოქტომბერში აირჩა არა მხოლოდ «უზენაესი საბჭო», არამედ ე.წ. «კონგრესიც» - მაშინ საზოგადოების უდიდეს ნაწილს სულაც არ ეჩვენებოდა ამგვარი «ორპარლამენტარიზმი» არაბუნებრივად.
      ექსპრეზიდენტის «უზენაესმა საბჭომ» კი, ზემოთ ხსენებული მიზეზით, რა თქმა უნდა, ვერ შეძლო ჭეშმარიტი ავტორიტეტის მოხვეჭა და «ლეგალური საპარლამენტო ტრადიციის» დამკვიდრება.
      შედეგად კი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
      ყველაზე ზუსტი ინდიკატორი, ამ შემთხვევაში, საზოგადოებრივი აღქმაა. 1992-1995 წლებში, მიუხედავად პარლამენტის ფუნქციონირებისა, «პარალელური სტრუქტურების» იდეა მაინც აქტუალური იყო. ყოველ შემთხვევაში, იმ დროს ეს «არაბუნებრივად» და «სასაცილოდ» არავის მოეჩვენებოდა, ამჟამინდელი პარლამენტის ყველაზე დიდ დამსახურებად ერის, ქვეყნისა და ქართული დემოკრატიის წინაშე სწორედ ის უნდა ჩაითვალოს, რომ დღეს უკვე «პარალელური სტრუქტურა» საბედნიეროდ, არაბუნებრივიც იქნება, სასაცილოც და საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის კატეგორიულად მიუღებელიც.
      მაშასადამე, პარლამენტმა, როგორც სახელისუფლებო ორგანომ და ყველაზე მნიშვნელოვანმა სახელმწიფოებრივმა ინსტიტუტმა, დემოკრატიულ ქვეყანაში შეძლო «თავი დაემკვიდრებინა» - საქართველოს მტრების გულზე გასახეთქად, რომლებსაც შესაძლოა კვლავაც ჰქონდათ იმედი და სურვილი «პარალელური სტრუქტურების» მეშვეობით კიდევ ერთი სამოქალაქო ომის პროვოცირებისა.
      ელემენტარული სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ამგვარი, «დემოკრატიული სახელმწიფოებრიობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი» ტრადიციის დამკვიდრება, უპირველეს ყოვლისა, სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის (და არა ოპოზიციის) დამსახურებაა, ვინაიდან უმრავლესობის ახალგაზრდა ლიდერებს ეყოთ ჭკუა, არ მიებაძათ გამსახურდიას «უზენაესი საბჭოსთვის» და არ გადაეწყვიტათ ყველა საკითხი ხმათა მექანიკური უმრავლესობით - ოპოზიციასთან ყოველგვარი კონსულტაციების, განსხვავებული აზრის მოსმენისა და გაზიარების გარეშე. პრინციპით: «რაკი უმრავლესობა ვართ, რაკი ხალხმა აგვირჩია, გავაკეთებთ ყველაფერს, რაც გვინდა».
      ეს პრინციპი დამღუპველია პარლამენტარიზმისათვის, ვინაიდან პარლამენტარიზმი გულისხმობს საპარლამენტო ტექნოლოგიას, კონსულტაციებს, საკომიტეტო მოსმენებს, შეთანხმებას, თუ გნებავთ «პოლიტიკურ ვაჭრობა-გარიგებებსაც» (ამას ვერც ერთი პარლამენტი ვერ გაექცევა) და მხოლოდ ამის შემდეგ, უკიდურეს შემთხვევაში - ხმათა უმრავლესობით საკითხის გადაწყვეტას;
      სწორედ ამგვარი, ცივილიზებული ტექნოლოგიით დაიმკვიდრა ადგილი თანამედროვე პარლამენტმა სახელისუფლებო დემოკრატიულ სისტემაში და ამით ძალიან მნიშვნელოვან ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი, ოღონდ ეს ტრადიცია მეტისმეტად მყიფეა და იგი სულ ადვილად შეიძლება დაიმსხვრეს; ამიტომ მაგალითად, დაუშვებელია პარლამენტის სხდომათა ტრანსლაციის შეწყვეტა ან ის, რომ ღმერთმა ნუ ქნას, მომავალ (მეოთხე) პარლამენტში ოპოზიცია არ იყოს წარმოდგენილი.
      თუმცა, მეორე მხრივ, ვისი ბრალია, თუ ეს ოპოზიცია გაერთიანებასა და შეკავშირებას ვერ ახერხებს, რათა 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახოს და მომავალ პარლამენტს საპარლამენტო ტრადიციის გაგრძელების საშუალება მისცეს?

დრონი, 29 ივნისი, 1999 წელი

მთელ გვერდზე