რომის პაპი გულის თრთოლვით შეგვეყრება, - როგორ შევეყრებით ჩვენ მას?
       

დღეს, პირველად ქრისტიანული ეკლესიის ისტორიაში, ვატიკანის საჭეთმპყრობელი საქართველოს ეწვევა
       

        მიუხედავად იმისა, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მამებმა (პოლიტიკური თვალსაზრისით) აშკარად ანტიეროვნული პოზიცია დაიკავეს და რომის პაპი საჯაროდ «მწვალებლად» გამოაცხადეს (რაც ყველაზე აღმაშფოთებელია, ხალხსაც კი მოუწოდებენ ქუჩაში გამოვიდნენ და დასავლური სამყაროს უპირველეს ფიგურას კვერცხები ესროლონ), ამ მოვლენას უდიდესი პოლიტიკური შედეგი ექნება.
        დასავლეთში პაპის თითოეულ ნაბიჯს ყურადღებით აკვირდებიან. ამდენი ჟურნალისტი თბილისში არასოდეს ჩამოსულა რომის პაპის ვიზიტის გასაშუქებლად; ფაქტობრივად, ყველა უდიდესმა ტელეკომპანიამ გამოგზავნა ჟურნალისტები საქართველოში. მსოფლიო ტელეეკრანზეც დღეს ჩვენი ქვეყანა უპრეცედენტოდ ფართოდაა წარმოდგენილი.
        შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული მისია აკისრია - როგორმე შეაკავოს ორთოდოქსები, რომლებიც პაპს ობსტრუქციის მოწყობას უპირებენ. თუმცა, საქართველოში გიჟებს რა დალევს და რა შეაკავებს.
        ამ სტრიქონების ავტორიც მართლმადიდებელი ქრისტიანია და კათოლიციზმი (პაპიზმი) «მწვალებლობად» მიაჩნია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომის პაპის ვიზიტის პოლიტიკურ (სახელმწიფოებრივ) მნიშვნელობას ვერ ვაცნობიერებდეთ და უფრო მეტიც - ხელი შევუშალოთ იმ პროცესებს, რომლებიც დააჩქარებს საქართველოს ინტეგრაციას დასავლურ სტრუქტურებში.
        აკი «ევროპული ორიენტაცია» გვაქვს?
        ეს, საერთოდ, ანეგდოტის თემა ხდება: «პრორუსული ორიენტაციის» სომხეთმა პაპს ლამის კალთები დაახია, ოღონდ გვეწვიე და ჩამობრძანდიო, არადა, გრიგორიანელები არიან, ხოლო «პროდასავლური ორიენტაციის» საქართველოში, რომის პაპი აქეთ იხვეწებოდა ჩამოსვლას.
        თუ გახსოვთ, არც უნდოდათ მისი მოწვევა, არადა რომის პაპი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავა ამა თუ იმ ქვეყანაში, თუ მიიწვევს არა მხოლოდ საერო, არამედ საეკლესიო ხელმძღვანელი, ანუ არა მხოლოდ პრეზიდენტი, არამედ პატრიარქიც.
        შემდგომ, როგორც იქნა მოიწვიეს და ინდოეთში ყოფნისას პაპმა განაცხადა: «გულის თრთოლვით ველი საქართველოსთან შეხვედრასო». მეტი რა უნდა თქვას? მიაქციეთ ყურადღება - სომხებს ამგვარი რამ არასოდეს ეშლებათ: გარწმუნებთ, მათთვის ცოტა ხნის წინ ერევანში მომხდარ სასაკლაოზე არანაკლები პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი ტრაგედია იქნება რომის პაპის ჩამოსვლა საქართველოში (და არა სომხეთში). სწორედ ამიტომ იყო, რომ (ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით) სომეხთა ახლადარჩეული კათალიკოსი გარეგინ III თბილისში ცდილობდა ჩამოსვლას, რათა აქ მაინც შეხვედროდა რომის პაპს. ამ საკითხის შესახებ ინტენსიური მოლაპარაკება მიმდინარეობდა თბილისსა და ერევანში. გადაწყდა თუ არა ეს დადებითად, დღეს გამოჩნდება.
        რა თქმა უნდა, უდიდესი მსოფლიო რეზონანსი ექნება იმ ფაქტს, რომ პაპი საქართველოში ჩადის სწორედ მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება კავკასიისაკენ არის მიმართული. ჩეჩნეთის ომი რუსეთის უკანასკნელი მცდელობაა წინ აღუდგეს ევრაზიის ახალ გეოპოლიტიკურ მოწყობას; ამიტომ რომის პაპის ვიზიტი (სხვათა შორის, პირველი ვიზიტი დსთ-ს წევრ ქვეყანაში!) უეჭველად აღიქმება, როგორც დასავლური სამყაროს ყველაზე გავლენიანი ფიგურის პოლიტიკური დემარში.
        ახლა სრულებით ფუჭია დავა იმაზე, არის თუ არა მამა ბასილი მკალავიშვილი რუსეთის სპეცსამსახურთა აგენტი; კრემლის სპეცსამსახურებს, ტრადიციულად, მტკიცე პოზიციები ჰქონდათ ეკლესიაში, სადაც 4 ღვთისმსახურიდან (რანგის მიუხედავად) 3, როგორც მინიმუმ, ინფორმატორი იყო.

        თუმცა, ეს არ არის მთავარი; მთავარია ის, რომ რომის პაპის წინააღმდეგ მიმართული აქცია ძალიან გაუხარდებათ მოსკოვში, ვინაიდან (აი, ამის შეგნება არ სურთ, «მამა ბასილებს») იგი უეჭველად გასცდება რელიგიურ ფარგლებს და ნამდვილად შეიძენს პოლიტიკურ ხასიათს; ანუ, განურჩევლად მამა ბასილთა «რელიგიური მოტივისა», მათი აქცია სამართლიანად იქნება აღქმული სწორედ პოლიტიკური კუთხით და იქცევა პოლიტიკურ პროტესტად.
        არადა, სინამდვილეში, აქციის ბევრ მონაწილეს (აქციები რომ შედგება დღეს - უეჭველია) პოლიტიკური მოტივაცია აზრადაც არ მოსვლია. სწორედ ამიტომ ის «მამები», რომლებიც რომის პაპის საწინააღმდეგო კამპანიას უდგანან სათავეში, «მღვდელი გაპონის» როლს ასრულებენ.
        რომის დღევანდელი პაპი ეროვნებით პოლონელია. მან უდიდესი წვლილი შეიტანა აღმოსავლეთ ევროპის განმათავისუფლებელ მოძრაობაში; ამიტომ შესანიშნავად უწყის რასთან აქვს საქმე; აქედან გამომდინარე, ნამდვილად მადლობელნი უნდა ვიყოთ მისი, რომ სწორედ საქართველოში ისურვა ჩამოსვლა.

მერიდიანი, 8 ნოემბერი, 1999 წელი

მთელ გვერდზე