პანკისის ხეობაში ვითარება სულ უფრო იძაბება

        საქართველოში ჩეჩნეთის ე.წ. «სრულუფლებიანი წარმომადგენლის», ხიზრი ალდამოვის განცხადების თანახმად, თურმე ნუ იტყვით, პანკისელმა ქისტებმა გადაწყვიტეს თვითონ დაიცვან წესრიგი «თავიანთ» ხეობაში, რათა არ დაუშვან ნარკოტიკების ექსპორტი ჩრდილოეთ კავკასიიდან (ანუ იჩქერიიდან) საყვარელ საქართველოში.
        ეს შემთხვევა კიდევ ერთი მაგალითია, თუ რა დიდოსტატურად და ადვილად გვატყუებენ ქართველებს ყველა ჯურისა და წარმოშობის გაქნილი პოლიტიკოსები.
        რას ნიშნავს «წესრიგის დაცვა საკუთარი ძალებით?» ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ქისტები ხეობაში ქართულ პოლიციას არ შეუშვებენ და ნებისმიერ პრეტენზიებს უპასუხებენ: ჩვენ თავად ვიცავთ პანკისს, რათა არ მოხდეს ნარკოტიკების ტრანზიტი; ხოლო ქართულ პოლიციას ხეობაში იმიტომ არ ვუშვებთ, რომ მას ნარკობიზნესთან აქვს კავშირი და აბა, ცხვარი მგელს ხომ არ უნდა ჩავაბაროთო?
        შესანიშნავი საბაბია, მაგრამ სწორედ საბაბი და არა ნამდვილი მიზეზი.
        სინამდვილეში, ნარკობიზნესთან ქართული პოლიციის კავშირი არაფერ შუაშია – ქისტებს, უბრალოდ, არ სურთ ხეობაში იდგეს ქართული პოლიცია და იქ რეალურად ვრცელდებოდეს საქართველოს იურისდიქცია.
        «პოლიციის კორუმპირებულობა» და მისი ვითომდა (ეს ჯერ კიდევ არავის დაუმტკიცებია ფაქტებით) კავშირი ნარკობიზნესთან მხოლოდ გაიძვერული საბაბია საქართველოს იურისდიქციის აღიარებასა და რეალურ გავრცელებაზე უარის სათქმელად.
        დავაკვირდეთ, როგორ ჰგავს ეს ეშმაკური ხრიკი იმავე არძინბას გონებამახვილურ, გაიძვერულ, ბინძურ ტექნოლოგიას საქართველოს წინააღმდეგ; მაგალითად, როდესაც გაეროს დამკვირვებლებმა არძინბას ჰკითხეს, რა უფლებით დააკავა ქართველი მეთევზეები, რომლებიც ოჩამჩირესთან ეწეოდნენ თევზის რეწვას – მათ ხომ უცხო ქვეყნის საზღვაო სივრცე არ დაურღვევიათო? როგორ ფიქრობთ, რა უპასუხა არძინბამ? იქნებ, გგონიათ უთხრა: «აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ჩვენს ტერიტორიულ წყლებში საზღვაო მეკობრეობის უფლებას არავის მივცემთო». როგორ გეკადრებათ! არძინბამ შესანიშნავად უწყის, რომ ოფიციაალურად არც არავის უცვნია აფხაზეთის დამოუკიდებლობა და მისი «სასაზღვრო აკვატორია». ამიტომ გაეროს დამკვირვებლები შემდეგი პასუხით გაისტუმრა: ქართველი მესაზღვრეები იმ ადგილას ეწეოდნენ თევზის რეწვას, რომელიც კანონით ნაკრძალად არის გამოცხადებულიო». რომელი კანონით? – აფხაზეთის კანონით! სად არის ეს კანონი? მას ამჟამად იხილავს აფხაზეთის პარლამენტი, სამაგიეროდ, ზონა დაკანონებულია (ჯერჯერობით) აფხაზეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით. სად არის ეს ბრძანებულება? – აი, ინებეთ! მერედა საიდან ჩანს, რომ იგი უკანასკნელი რიცხვით არ არის გაფორმებული?» არსაიდან, გინდ დაიჯერეთ, გინდ – არა, თუ არა და აქედან წაეთრიეთ!
        აი, ასეთი გაიძვერობით გვაჯობეს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან დაწყებული, და არა იმით, რომ თურმე ისინი «ვაჟკაცები არიან», ჩვენ (ქართველები) კი, მხდალები და დედლები.

        ანალოგიური გაიძვერობითა და ვირეშმაკობით გვპასუხობენ ზოგიერთები პანკისის ხეობაშიც; ვიმეორებ: «ნარკოტიკების არგატარება» მხოლოდ საბაბია, რათა ხეობაში არ შეუშვან ქართული პოლიცია და ამ ტერიტორიაზე არ გავრცელდეს საქართველოს იურისდიქცია.
        ნარკოტიკები კი მაინც «მშვენივრად» გაივლის ხეობაზე და მიაღწევს «დანიშნულების» ადგილს.
        ქართველთა ერთ-ერთი უარყოფითი თვისება, უდავოდ, ემოციურობაა, უფრო ზუსტად – ემოციურობა პოლიტიკაში. პოლიტიკაში კი ემოციურობა დაუშვებელია. მაგალითად, ზემოთაღწერილ გაიძვერობას ძალით, ომითა და დაბომბვებით ან შეიარაღებული რაზმით ვერაფერს მოუხერხებ. აუცილებელია, ეშმაკობას – ეშმაკობა დაუპირისპირდეს, ხერხს – ხერხი.
        იძულებული ვართ, ჩვენც ვიკადროთ ის, რასაც საქართველოს მტრები კადრულობენ.
        მაგალითად, პანკისის ხეობაში ძალის გამოყენების შემთხვევაში, რუსეთისა და იჩქერიის ინტერესები კიდევ (ისევე, როგორც აფხაზეთის ომის დროს) სრულად დაემთხვევა ერთმანეთს; ამოქმედდება რუსეთის გრანდიოზული საინფორმაციო მანქანა და ქართველებს კვლავ წარმოგვაჩენენ, როგორც «პატარა ერების მჩაგვრელთ».
        დასავლეთიც «მხრებს აიჩეჩავს»: თქვე დალოცვილებო, ევროსაბჭოში მიგიღეთ, ევროკავშირისაკენ ისწრაფვით და 300-მდე ქისტმა ასეთი რა დაგიშავათ, - ისინი ხომ თქვენვე გეხმარებიან, რათა ხეობიდან ნარკოტიკები არ შემოვიდეს საქართველოში და ამიტომ შექმნეს შეიარაღებული რაზმებიო?
        მოდი და აუხსენი – თუმცა ახსნას აზრი არა აქვს. საჭიროა ხერხი და ეშმაკობა, რაც ასე აკლიათ ჩვენს ხელისუფალთ «ადგილებზეც» და «ცენტრშიც».
        მაგალითად, ზემოაღწერილ სიტუაციაში ჭკვიანი ხალხი შემდეგნაირად მოიქცეოდა: ჯერ ერთი, ჩააყენებდა პოლიციას პანკისის ხეობის ოსურ სოფლებში და ყოველნაირად გააძლიერებდა პანკისელ ოსებს, რასაც ქისტები (ინგუშები) მტკივნეულად აღიქვამენ. ქართულ-ოსური კონფლიქტი ამას სულაც არ შეუშლიდა ხელს, ვინაიდან კონკრეტულად ამ შემთხვევაში პანკისელი ოსები საქართველოს მოკავშირეები არიან ობიექტურად. ოსურ სოფელშიც უნდა შეიქმნას «ადგილობრივი შეიარაღებული რაზმი», რომელიც იქ ჩამდგარ ქართული პოლიციის რაზმზე იქნება ყოველმხრივ დამოკიდებული.
        ეს ერთი; გარდა ამისა, ჭკვიანი ხელისუფლება გააძლიერებდა კონტროლს საქართველო-ჩეჩნეთის საზღვარზე. რა თქმა უნდა, ზაფხულობით ყველა ბილიკის გაკონტროლება შეუძლებელია, მაგრამ ამის საწინააღმდეგოდაც არსეობს ხერხი: ხელისუფლებამ შეიძლება დაიბაროს ხეობის უხუცესები (ხელისუფალნი, გამგებელნი, საკრებულოთა წევრები და ა.შ.), ანუ თუ არ ჩამოვლენ, შეუთვალოს თავაზიანად, რომ ამიერიდან ხეობასა და ჩეჩნეთს შორის დამაკავშირებელი გზები გაუვალი გახდება და საქართველოს შესაბამის უწყებათა თანხმობის გარეშე «იქით» ნუღარავინ წავა ისევე, როგორც «იქიდან» ნუღარავინ წამოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება «ცაში აფრინდეს», რადგან საქართველო დაიწყებს გზების დანაღმვას «ასწლიანი ნაღმებით».
        აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფალთა მზადყოფნა, შეუერთდნენ «ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის თაობაზე» საერთაშორისო კონვენციას (რომელსაც თვით ამერიკაც კი არ შეუერთდა) დანაშაულებრივი შეცდომაა! სეპარატისტები (ამჟამად ვგულისხმობ ოს და აფხაზ სეპარატისტებს) ნაღმებს, უეჭველად, გამოიყენებენ საქართველოს საწინააღმდეგოდ, ვინაიდან «საერთაშორისო კონვენციები» (თუ ისინი მათ ინტერესებს არ შეესაბამება) ფეხებზე ჰკიდიათ – საქართველო კი განიარაღებული დარჩება.
        ამას გარდა, ზამთრობით, როცა ხეობა ბუნებრივად მოწყდება ჩრდილო კავკასიას (რაკი თოვლი, ყოველგვარი ნაღმების გარეშეც გადაკეტავს საცალფეხო ბილიკებს) ახმეტის რაიონის ხელისუფლებამ გაურჩებულებს ათასგვარი «წვრილმანი» პრობლემა უნდა შეუქმნას და გვარიანად უნდა «აწუწუნოს» - სხვა გზა არ არის.
        ჭკუას ძალით ვერ დასჯაბნი. ჭკუას ჭკუა თუ მოერევა.

მერიდიანი, 2 ივლისი, 1999 წელი

მთელ გვერდზე